მსოფლიო ტურბულენტობაში: გამოწვევები და შესაძლებლობები

12 აპრილი 2019
მსოფლიო ტურბულენტობაში: გამოწვევები და შესაძლებლობები

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - „მსოფლიო ტურბულენტობაში: გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც გაიმართა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერების სამიტის ფარგლებში. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნის გლობალურ როლსა და მნიშვნელობაზე. თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოსთვის პირველი გამოწვევა რუსეთის ფედერაცია და ოკუპაციის პრობლემაა. ქვეყნის ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული და ოკუპაციის სიმწვავე ყოველდღიურად იგრძნობა, ვინაიდან მუდმივად ირღვევა საქართველოს მოქალაქეთა უფლებები და ხდება გამყოფი ხაზის მიმდებარე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხალხის გატაცება, ზოგ შემთხვევაში მათი წამება და დახოცვა. მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება ამ კონფლიქტის გაყინულ კონფლიქტად შერაცხვა, ვინაიდან მას აქვს განგრძობითი ხასიათი და ყოველდღიურად აზარალებს ქვეყანას.

ოკუპაციაზე საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა ასევე ხაზი გაუსვა განვითარების, ტრანსფორმაციისკენ სწრაფვის მნიშვნელობას და აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას მუდმივად აქცევს მსოფლიოს ლიდერთა და მნიშვნელოვან აქტორთა დღის წესრიგში.

საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორების, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს და ევროკავშირის მხარდაჭერას.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანების, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობის სურვილი არის ურყევი.

გამოსვლის დასკვნითი ნაწილში თამარ ჩუგოშვილმა მიმოიხილა მიზეზები, რომლებიც მისი აზრით ასე მჭიდროდ აკავშირებს ერთი მხრივ, საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს და ევროკავშირს. ეს მიზეზებია სტრატეგიულ-გეოპოლიტიკური და ღირებულებებზე დაფუძნებული.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებს ერთმანეთთან და ასევე დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებიც მკაფიოდ აახლოებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან.

თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის რეალურ შანსს, ვინაიდან, მისი თქმით, ქვეყანა ახლოა როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან.

საქართველო არის ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის პირველი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში და მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს როგორც ნატოსთან, ასევე მის ცალკეულ წევრებთან, მათ შორის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხოლო, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება ნათელყოფს საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას.

გალერეა

  • თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - „მსოფლიო ტურბულენტობაში: გამოწვევები და შესაძლებლობები“, 2019 წლის 12 აპრილი
  • თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - „მსოფლიო ტურბულენტობაში: გამოწვევები და შესაძლებლობები“, 2019 წლის 12 აპრილი
  • თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - „მსოფლიო ტურბულენტობაში: გამოწვევები და შესაძლებლობები“, 2019 წლის 12 აპრილი