საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენებს, პიტერ როსკამს და დევიდ პრაისს შეხვდა

14 სექტემბერი 2017
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენებს, პიტერ როსკამს და დევიდ პრაისს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში, კონგრესმენებს, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარეს, პიტერ როსკამს და პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, დევიდ პრაისს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეეხება. ვისაუბრეთ ჩვენი მეგობრობის შესახებ - როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე, როგორც მოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილემ, კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.

„დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის, კონგრესმენ პიტერ როსკამის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს საერთო ღირებულებების სისტემა აქვს და საქართველოს ამერიკის კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს.

„საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს კონგრესში. კონგრესის წევრები ყოველთვის მოხარულები ვართ ქართველების სტუმრობით და ასევე, ჩვენც ყოველთვის მოხარულები ვართ საქართველოში ვიზიტით, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებების სისტემა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა რუსეთის მხრიდან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი კამათის ნაცვლად, ერთად ამყარებენ კომუნიკაციას კონგრესის წევრებთან“, - აღნიშნა პიტერ როსკამმა.

კონგრესმენის განცხადებით, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო.

„როგორც ჩემმა კოლეგამ, კონგრესმენმა პრაისმა აღნიშნა, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კარგია რამდენიმე მიზეზის გამო - პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ და გავხსნათ ბაზარი ერთმანეთის ეკონომიკისთვის, მეორე - აქ არსებობს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების ინტერესი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ის თანდათან გაძლიერდება და ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს რეგიონული მნიშვნელობა. ყოველთვის მოხარულები ვართ ჩვენს ქართველ კოლეგებთან შეხვედრით“, - განაცხადა კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.

„დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან შეხვედრაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

გალერეა

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენებს, პიტერ როსკამს და დევიდ პრაისს შეხვდა, 2017 წლის 13 სექტემბერი