თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ლადო ჭანტურიას საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი

11 ოქტომბერი 2017
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ლადო ჭანტურიას საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი

„ასეთი დიდი მხარდაჭერა რომ არ მოეპოვებინა ლადო ჭანტურიას კანდიდატურას, მაშინ კენჭისყრა დღეს გაგრძელდებოდა“, - განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

„პირველ რიგში, მინდა მას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამ თანამდებობაზე არჩევა. ასეთი დიდი მხარდაჭერა იმის გამომხატველია, რომ ჩვენი მხრიდან წარდგენილი იყო შესაბამისი კანდიდატურები და საპარლამენტო ასამბლეამ ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე მიიღო თავისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, საშემოდგომო სესიაზე, საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია. მის კანდიდატურას საპარლამენტო ასამბლეის 120-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვნენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში.