ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

18 მაისი 2020
ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი, დღეს გამართულ ბრიფინგზე, გიგი გულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას და ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ის, რომ საქართველოს პროკურატურამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება გიგი გულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების თაობაზე, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისინი დამოუკიდებლად შეიწყალა, ამის ილუზია არავის აქვს. ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზიანი და შეურაცხყოფა, პირველ რიგში, თავის თავს მიაყენა, მაგრამ ამაზე არავინ დარდობს. საგანგაშო ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გაუაზრებელი და უპრინციპო ნაბიჯებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი მხოლოდ საზღვრების ურღვეობას არ გულისხმობს. ეს არის ხალხის უფლება საკუთარი რესურსები და ბედი თავად განკარგოს.

„ქართული ოცნების“ უგუნურმა პოლიტიკამ საფუძველი გაუჩინა სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს ჩარეულიყვნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, არამედ ზოგიერთ მათგანს მადა გაეხსნა და ქვეყნის რესურსებისა და ეკონომიკის მოწყობის საკითხებშიც გადაწყვიტეს ჩარევა.
ამას ცხადყოფს რიგი ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებები, წერილები, რომლებიც პირდაპირ უარყოფენ დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილების უფლებას, განკარგოს, საკუთარი ბუნებრივი რესურსები და საგადასახადო და მარეგულირებელი პოლიტიკა საკუთარი შეხედულებებისამებრ წარმართოს.

არც კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობა და არც ანაკლიის პორტი არ ეხება პეპლის საჭერი ბადეების წარმოებას საქართველოში. ისინი საქართველოს ბუნებრივი რესურსების განკარგვას ეხება. ამიტომ, არავის აქვს უფლება ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განკარგვის საკითხებში, მიუხედავად მათი კომერციული თუ გეოპოლიტიკური ინტერესების. ამ პრინციპს პატივი უნდა სცენ სხვა სახელმწიფოს პოლიტიკოსებმა ისე, როგორც ისინი მოითხოვენ სხვა ქვეყნების მხრიდან საკუთარი სახელმწიფოს სუვერენულ პატივისცემას. ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, მოდის თუ არა ეს გადაწყვეტილება თუ გინდა ამერიკის შეერთებული შტატების თუ სხვა პარტნიორის გეოპოლიტიკურ თუ კომერციულ ინტერსებთან წინააღმდეგობაში.

ამერიკა ჩვენი პარტნიორია, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უგუნურ გადაწყვეტილებებს პასუხს გასცემს ქართველი ხალხი, რაც არის მისი სუვერენული უფლება და არა რომელიმე ქვეყნის, თუნდაც, პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკოსების“,- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო არ არის უბრალოდ გეოგრაფიული არეალი. აქ ცხოვრობს ხალხი საკუთარი წარსულით, საკუთარი მისწრაფებებით და საკუთარი მომავლით.

„დაუშვებელია, რომ თუნდაც, პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსები საქართველოს მხოლოდ გეოპოლიტიკურ ჭრილში განიხილავდნენ. დემოკრატიის ხელშეწყობა სწორედ ის არის, რომ ქართველმა ხალხმა განკარგოს საკუთარი რესურსები და საკუთარი ხელისუფლების ბედი.

ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ არ ძალგვიძს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ კოლონიალური ცნობიერების მთავრობები და პოლიტიკური სპექტრი გვყავს, რომელიც საკუთარი თავის ლეგიტიმაციას არა საკუთარი ხალხის მიერ, არამედ სხვა ქვეყნებიდან ელის.

ამიტომ, სამარცხვინო და საზიანოა ყველა იმ პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც სიხარულით შეხვდა კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებებსა და წერილებს.

დაახლოებით ერთი თვის წინ 9 აპრილი ვიზეიმეთ. 9 აპრილს დაღუპულებს თავი იმისთვის არ გაუწირავთ, რომ ქვეყანა ვინმეს ვასალი ყოფილიყო, არამედ მათ თავი გაწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ტანკებით დაგიპყრობენ, თუ ფულით დაგიქვემდებარებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ შენ საკუთარ სუვერენულ უფლებას კარგავ. ქართველი ხალხის არჩევანი არ ყოფილა, რომ ვინმეს კოლონია ან ვასალი ყოფილიყო, მისი არჩევანი იყო და არის მისი დამოუკიდებლობა. „ქართული ოცნება“ ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენ გავხდეთ - ღირსეული პარტნიორი ყველასთვის და არა - ვასალი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.