ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა

06 ნოემბერი 2019
ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი მინიმალური ხელფასის შესახებ. ის და მისი თანამოაზრეები გამოდიან ინიციატივით, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი კანონით განისაზღვროს.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 229 ათასი ადამიანის საშუალო ანაზღაურება თვეში 280 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და მათ ამ ანაზღაურებით საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ.

„ეს კანონი ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს მინიმალური ხელფასის საკითხს. ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საშუალო ხელფასის 45%, რაც დღევანდელი მონაცემებით გამოდის 500 ლარი დარიცხული, ხელზე ასაღები - 400 ლარი. ეს უნდა იყოს მინიმალური, ყველაზე ქვედა ზღვარი, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქვეყანაში რეალური საარსებო მინიმუმი არის 380 ლარი და არ შეიძლება ადამიანები სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ იმაზე ნაკლები ანაზღაურებისთვის, ვიდრე საარსებო მინიმუმია. ხელფასის საფუძველზე ადამიანები ირჩენენ თავს და არჩენენ ოჯახს, ამიტომ მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს კანონით. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მინიმუმ 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ კანონით ხელფასის ქვედა ზღვარის დადგენა მოხდება, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდასაც“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე.

მისვე თქმით, რაც შეეხება მცირე ბიზნესს, რომლის ბრუნვაც არის 500 ათასი ლარი, მასზე ეს კანონი არ გავრცელდება ხუთი წლის განმავლობაში, რათა ისინი მოემზადონ და, შესაბამისად, არ დაკარგონ მოტივაცია, რომ გაიზარდონ.

ამგვარად, როგორც დეპუტატი განმარტავს, კანონპროექტის მიზანია საქართველოში კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც იქნება გარანტი დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებისა, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. დღემდე ძალაშია 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი 20 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ავტორია პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი. კანონის შემუშავებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს მშრომელთა გაერთიანებებმა: დამოუკიდებელი მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“, მეტროს პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ და სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანება, ექთნებმა, მეტალურგებმა და სხვა დარგების წარმომადგენლებმა.

კანონის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ლომია, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გელა მიქაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ჯინჭარაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ნატო ჩხეიძე.

გალერეა

  • ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, 2019 წლის 6 ნოემბერი
  • ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, 2019 წლის 6 ნოემბერი
  • ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, 2019 წლის 6 ნოემბერი
  • ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, 2019 წლის 6 ნოემბერი
  • ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, 2019 წლის 6 ნოემბერი