ეკა ბესელიას საგანგებო ბრიფინგი

20 მაისი 2020
ეკა ბესელიას საგანგებო ბრიფინგი

„ეს ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, ასუსტებს პარლამენტს, როგორც მთავარ ინსტიტუტს და საპარლამენტო მმართველობის პირობებში ეს არის პარლამენტის კონტროლის და მისი როლის დასუსტების მატარებელი, რაც ძალიან სახიფათოა და ბუნებრივია, ასეთ ინიციატივას მხარს ვერ დავუჭერ“, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დაუშვებელია დაჩქარებული წესით, ორ დღეში ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება მასიურად, პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ შეზღუდოს ადამიანის უფლებები, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული.

„ჯერ ერთი, ასეთი დაჩქარებული განხილვა არის დაუშვებელი და არ შეიძლება დისკუსიის, მსჯელობის და კარგად გააზრების გარეშე ასეთი კანონის მიღება. მეორე, არ მახსენდება, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას ეხებოდეს კანონპროექტი, სისხლის სამართლის პროცესში შედიოდეს ცვლილება და მას საერთოდ არ იხილავდეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები. მესამე მოწვევის პარლამენტში ვარ და მსგავსი პრეცენდენტი არ დაშვებული არასდროს, რაც ასევე წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა მგონია და მთლიანობაში ძალიან ცუდ სურათს ქმნის. თუ ეს იმიტომ ხდება, რომ სწრაფად და ფორსირებულად მოხდეს ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების მიღება და ამიტომ არ იკრიბება ის ორი კომიტეტი, რომელთაგან ერთ-ერთი წესით წამყვანი კომიტეტის უნდა იყოს და არა ჯანდაცვის კომიტეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება პარლამენტში უმრავლესობა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, პროექტი დასაბუთებას არ შეიცავს და პასუხს არ იძლევა კითხვაზე - რატომ აძლევს პარლამენტი მთავრობას უფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებები და რა უშლის ხელს პარლამეტს შეიკრიბოს მაშინ, თუკი ამის აუცილებლობა იქნება.
„თუ ჯანმრთელობის დაცვის ლოზუნგით კეთდება ასეთი არადემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის შეკრების გარეშე, მთავარობას ნებისმიერ დროს, როცა ის საჭიროდ ჩათვლის, ეპიდემიის, ვირუსის გავრცელების და მოსახლეობის ჯანდაცვის მიზნით მასიურად გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვები, მაშინ რაღად გვინდა კონსტიტუცია, სადაც გვიწერია, რომ თუ ასეთი შემთხვევა ხდება, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას გარკვეული ვადით და იზღუდება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. ეს კანონპროექტი ამბობს, რომ პარლამენტის თანხმობა არ არის საჭირო, მთავრობას ისედაც შეუძლია შეზღუდოს ძირითადი კონსტიტუციური უფლებები, როგორიც არის გადაადგილება, შეკრების უფლება, საკუთრების უფლება და ა.შ. რაც ზრდის თვითნებობის და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის რისკს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შემოდი ახალი სიტყვები - ემატება ინფიცირებული პირის იზოლაციას ემატება შესაძლო ინფიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი პირი შეიძლება კარანტინში მოექცეს და ასეთი შეილება იყოს განუსაზღვრელ პირთა წრე.
„მთავრობის უფლებებში ემატება ასევე, საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობის, საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების, თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებული წესების დადგენა ანუ ნებისმიერ ეს უფლება შეიძლება შეზღუდოს მთავრობამ ისე, რომ პარლამენტის თანხმობა არ ჰქონდეს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, პროექტში კიდევ ერთი სახიფათო ჩანაწერი ეხება კონსტიტუციის საწინააღმდეგო დებულებას, როდესაც შესაძლებელია იზოლაციის ან კარანტინის წესების თავში ემატება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეუძლია საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებების ადმინისტრირების ან საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესის დადგენა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც შემოდის შესაძლებლობა და როგორც წესი შეიძლება ნორმად იქცეს, რომ დისტანციური წესით მოხდეს სასამართლო სხდომების ჩატარება და პირს არ ექნება უფლება უარი განაცხადოს ასეთ სხდომაში მონაწილეობის თაობაზე იმ მოტივით, რომ მას სურს უშუალოდ დაესწროს ამ პროცესს.

„ესეც ძალიან სახიფათოა იმიტომ, რომ კონსტიტუციის 71-ე მუხლი ადგენს რა ტიპის უფლებების შეზღუდვა შეიძლება საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს. ამ უფლებების ჩამონათვალში არ არის ის მუხლი, რომელიც ეხება მართლმსაჯულების განხორციელების წესებს და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომლითაც იზომება სამართლიანად ხდება თუ არა საქმის განხილვა არის სწორედ, პირის უშუალო მონაწილეობით სასამართლო პროცესში ჩართვა და საქმის განხილვა, ზეპირი მოსმენა, რაც გულისხმობს მხარეთა უშუალო მონაწილეობას, მტკიცებულებების უშუალო წარდგენას, მოსაზრებების გამოთქმას და ა.შ. რაც დისტანციური წარმოების დროს შეზღუდულია და ასეთ გადახვევას არ მიიჩნევს არც საკონსტიტუციო სასამართლო და არც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო როგორც სტანდარტს სამართლიანი სასამრთლოს განხორციელებისას. ასეთი წესის შემოღება და დაკანონება არასაგანგებო და არასაომარი მდგომარეობის დროს კიდევ უფრო მეტად არღვევს ისედაც დარღვეულ სამართლიანობის პრინციპს და საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტურ უფლებას“, - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ასეთი კანონის მიღება, უნდა გადაიდოს მისი განხილვა და მთავრობამ უნდა თქვას არის თუ რაიმე პრობლემა მოქმედ კანონში, რომელმაც მას ხელი შეუშალა.

„გაოცებული ვარ, 2008 წელს, მაშინაც კი, როდესაც აგვისტოს ომის დროს საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავში არ მოსვლია ასეთი რეგულაციები შემოეღო ქვეყანაში და მსგავსი უფლება მიეცა პარლამენტს მთავრობისთვის. როცა პარლამენტის წევრები ამას თავად აკეთებენ, რომ საკუთარ პარლმენტს ასუსტებენ და მთავარობას უფლებას აძლევენ არასაგანგებო მდგომარეობის დროს, როცა მთავარობა საჭიროდ ჩათვლის მაშინ გამოიყენოს ნებისმიერი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა და ამის დაკანონება უნდათ ორ დღეში, გაუაზრებლად, ისე რომ არც ერთი იურისტი არ მონაწილეობს ამ კანონპროექტის ინიცირების პროცესში, ეს მიმაჩნია, რომ არის ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობისკენ და ეს არ არის ნაბიჯი დემოკრატიისკენ. ამიტომ, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს კარგად წაიკითხონ კანონპროექტი, რას უნდა მისცენ ხმა ხვალ, როცა იგეგმება ორი მოსმენით მისი განხილვა, გაიაზრონ რამდენად საფრთხის შემცველია ასეთი კანონის არსებობა ქვეყანაში, რამდენად არაკონსტიტუციურია ეს და დარწმუნებული ვარ, კანონი მიღების შემთხვევაში გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.