ლევან გოგიჩაიშვილი - სახელმწიფომ უნდა დაამყაროს მკაცრი კონტროლი სათამაშო ბიზნესზე

13 ნოემბერი 2019
ლევან გოგიჩაიშვილი - სახელმწიფომ უნდა დაამყაროს მკაცრი კონტროლი სათამაშო ბიზნესზე

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეპუტატთა ჯგუფი აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას არეგისტრირებს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება.

„ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. დღეს კი დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს იმგვარ რეგულაციებს, რომელიც ჩვენი აზრით, ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს, ასევე გაზრდის შემოსულობებს საქართველოს ბიუჯეტში და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს აკონტროლოს ეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე მოქალაქეების დამოკიდებულება დღეს ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს, სახელმწიფო ხედავს ამ პრობლემას, თუმცა მისი მოგვარება დღემდე არ ხდება. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრობლემა არ გვარდება შეგნებულად, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება, აღნიშნული ბიზნესიდან ხელს ითბობენ, ამავე დროს სახელმწიფოს მხრიდან ამ ბიზნესზე ადმინისტრირება არ ხორციელდება ისე, როგორც უნდა ხორციელდებოდეს და ეს ბიზნესი ფულის გათეთრების ერთ-ერთ საშუალებასაც წარმოადგენს.

„არსებული სისტემა პრობლემას უქმნის მოქალაქეებს მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ასევე არსებობს თანმდევი სერიოზული პრობლემები. ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ არასრულწლოვნებმა მარტივად მოახერხონ აღნიშნული სერვისით სარგებლობა. იგი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოსწავლეების, შვილების, ოჯახის წევრების შესაძლო ჩართულობა იყოს ძალიან მაღალი. ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ და კიდევ უფრო მეტად შეექმნათ პრობლემები. სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე ქვეყანაში არის სუიციდის ფაქტებიც. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელახლა დაგვერეგისტრირებინა ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ თითქმის წელიწადნახევრის წინ დაარეგისტრირა და დღემდე არ განხილულა პარლამენტში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი გულისხმობს: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა -ასაკობრივი ცენზის დაწესება 25 წლამდე, მეორე - მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შექმნა, რომელიც გამორიცხავს თავიდან ბოლომდე არასრულწლოვნების ჩართულობას ლეგალურად ამ სერვისის მოხმარებაში, ასევე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნას. კანონმდებლობაში შემოდის ცვლილებები ასევე გადასახადების გაზრდის მიმართულებით, სანქციების გაორმაგების კუთხით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დასჯის და აღსრულების მექანიზმების დახვეწის მიმართულებით.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს ექნება ჩამოყალიბებული პოლიტიკა თუ რა რის შემდგომ განახორციელოს. მთავარია, რომ პირველ რიგში დავარტყათ მოდას, რომ თითქოს თამაში არის კარგი. თამაში არ არის კარგი, თამაში არის ძალიან ცუდი. თამაში იწვევს დამოკიდებულებას და სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, ჩვენ არავის არაფერს არ ვუკრძალავთ, უბრალოდ სახელმწიფომ უნდა დაამყაროს კონტროლი აღნიშნულ ბიზნესზე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გალერეა

  • ლევან გოგიჩაიშვილი - სახელმწიფომ უნდა დაამყაროს მკაცრი კონტროლი სათამაშო ბიზნესზე, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • ლევან გოგიჩაიშვილი - სახელმწიფომ უნდა დაამყაროს მკაცრი კონტროლი სათამაშო ბიზნესზე, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • ლევან გოგიჩაიშვილი - სახელმწიფომ უნდა დაამყაროს მკაცრი კონტროლი სათამაშო ბიზნესზე, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • ლევან გოგიჩაიშვილი - სახელმწიფომ უნდა დაამყაროს მკაცრი კონტროლი სათამაშო ბიზნესზე, 2019 წლის 13 ნოემბერი