პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს რეზოლუციის პროექტი გააცნო

25 სექტემბერი 2019
პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს რეზოლუციის პროექტი გააცნო

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც მან სასამართლო სისტემის თაობაზე პარლამენტის რეზოლუციის პროექტის ინიცირების შესახებ ისაუბრა.

ეკა ბესელიამ ჯერ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „თითოეული ის ადამიანი, ვინც იცის და უგრძვნია რა არის სასამართლო და სამართლიანობა, აცნობიერებს რომ უდიდესი პასუხისმგებლობის მატარებელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი კენჭისყრის დღეს“. შემდეგ მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ დღეს აინიცირებს და ოფიციალურად არეგისტრირებს რეზოლუციის პროექტს „საქართველოს სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“.

მისი თქმით, ეს დოკუმენტი მომზადდა დამოუკიდებელი ექსპერტების და იურისტების მიერ, რომელთა გვარები საზოგადოებისთვის ცნობილია და პროექტის ტექსტი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა თანხმდებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.

ეკა ბესელია რეზოლუციის პროექტის პარლამენტის სხდომაზე გატანას გეგმავს და ის პარლამენტს სთავაზობს აღიაროს და შეაფასოს, რომ „წარსულში, ძალადობრივი სისტემის დროს არსებობდა პოლიტიზირებული სასამართლო სისტემა, რომლის მოსამართლეები დღეს ცდილობენ რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ. მე მოვუწოდებ მოხდეს აღიარება, რომ წარსულში არსებობდა სისტემური პრობლემები და ეს პრობლემები სასამართლოში დღესაც არსებობს“.

მისი განმარტებით, წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტში ინიციატორები ითხოვენ, რომ პარლამენტმა შეფასებასთან ერთად უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც დაიძლევა სასამართლოში არსებული პრობლემები; შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც 1 თებერვლამდე შეისწავლის სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას, განსაკუთრებით კლანური მმართველობის კუთხით და წარმოადგინოს სისტემის გაჯანსაღების გეგმა. რეზოლუციის მოთხოვნებში ასევე წერია, რომ 2020 წლის 20 აპრილამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ღონისძიებები სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დასრულების და სისტემის რეალური რეფორმირების მიზნით.

ეკა ბესელიას განცხადებით, „ამ რეზოლუციის ინიცირება იქნება ტესტი იმისა, აქვს თუ არა პარლამენტს მზაობა, რომ შეცვალოს დღეს არსებული პრობლემები სასამართლოში. იმიტომ, რომ თუ სასამართლო არ იქნება რეალურად დისტანცირებული და დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან ყველა სხვა რეფორმა აზრს დაკარგავს“.

გალერეა

  • პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს რეზოლუციის პროექტი გააცნო, 2019 წლის 25 სექტემბერი
  • პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს რეზოლუციის პროექტი გააცნო, 2019 წლის 25 სექტემბერი
  • პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს რეზოლუციის პროექტი გააცნო, 2019 წლის 25 სექტემბერი