საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს

20 დეკემბერი 2017
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის მოსმენა, რომელმაც მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა, დღის ბოლოს, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გაიმართა.

შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დღეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. ასეთი ქმედებებით ჩვენ ვერ წავწევთ წინ საპარლამენტო კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მმართველმა გუნდმა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დაპირება შეასრულა და ეს მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარია პოზიტიური დღის წესრიგი.

„ჩვენთვის მთავარია, რომ გავყვეთ ჩვენს დადებით დღის წესრიგს, პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული უმრავლესობას, მმართველ გუნდს, საქართველოს მთავრობას და დღეს სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, დღეს უნდა განვიხილოთ სიღრმისეულად ის დოკუმენტი, რომელიც არის წარმოდგენილი კიდევ ერთხელ მთავრობის მიერ, კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ მთავრობის შემადგენლობასთან იმ გეგმებზე, რომლებიც აქვს დასახული მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, ასევე, უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი. მისი განცხადებით, ეს იყო უპატივცემულობის გამოხატულება, არა მარტო მთავრობის და პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, არამედ ეს იყო უპატივცემულობა გამოხატული პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ და იმ რეგლამენტის მიმართ, რომელზედაც დგას პარლამენტის გამართული მუშაობა.

უმრავლესობის ფორმატში პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის განახლებულ კაბინეტთან შეხვედრა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გახსნა.

„დღეს, მედიამ, ჩვენ, მთავრობის წევრებს და დარწმუნებული ვარ პარლამენტარებს, არაერთხელ დაუსვა შეკითხვა, თუ რისი გაკეთება შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ, რა ვერ შეძლო და რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები და შესრულებული საქმე, რის გამოც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს საპარლამენტო უმრავლესობა ნდობას გამოუცხადებს. მე მინდა, როგორც უმრავლესობის ლიდერმა ძალიან მოკლედ შევაჯამო ეს მიღწევები და საქმე გაზომვადი წინადადებებით და გაზომვადი პარამეტრებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა ხელისუფლების მიღწევებთან დაკავშირებით, კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ, სპორტულ მიღწევებზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ საგარეო მიმართულებით, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება.

„საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებში ნათლად არის დადასტურებული და შეფასებული, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა საქართველოში, ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი მმართველობის პირობებში დიამეტრალურად გაუმჯობესდა. ქვეყანას აქვს მინიმუმ 4,7 %-იანი ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18 %-იანი ზრდა წინა, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საგარეო მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წარმატებები. ეს არის ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და უვიზო რეჟიმი, ასევე სტრატეგიული ურთიერთობების და თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. შვიდი მილიონი ტურისტი ესტუმრა წელს საქართველოს, რაც ირიბად ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო, მიმზიდველი და სერვისები მუდმივად ვითარდება ტურისტებისთვის, რამაც 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა ქვეყანას. ექსპორტი არის გაზრდილი 29%-ით, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მომდევნო წლისთვის უკვე 4,5 % შეადგინა. რეინვესტირება ბიზნესში არის გაზრდილი 85 %-ით და დამატებით 591 მილიონი ლარია. ამას თან ერთვის მთავრობის მიერ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება,100 მილიონ ლარზე მეტით 2017 წელს, რაც ბუნებრივია აჩენს მოლოდინს, რომ ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. საბიუჯეტო დეფიციტიც მცირდება და ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არის კლებადი, რაც ბუნებრივია მიუთითებს, რომ ეკონომიკა და ქვეყანა ჯანსაღი გზით ვითარდება. ჩვენი მმართველობის პერიოდში 133 ათასი ადამიანით მეტი არის დასაქმებული ბიზნეს სექტორში. ხოლო ბიზნესის კეთების რეიტინგით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და საქართველოს აქვს ისეთი უნიკალური პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, როგორიც არის ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ამას ემატება ხელშესახები წარმატებები სპორტის სფეროში“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბუნებრივია, ამ მიღწევების ფონზე რჩება კიდევ ბევრი ადამიანი და კიდევ ბევრი ოჯახი, ვინც ხელისუფლების, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და თანადგომას ელოდება. თუმცა, ამ ამოცანის წინაშე ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი და მმართველი გუნდი არ არის მარტო. ეს არის ყველას ამოცანა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კვლავ რჩება ხელისუფლების მტკიცე მიზნად.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დაადასტურა მზადყოფნა, რათა ყველა საკითხი პარლამენტის და მთავრობის საერთო ჩართულობით და დისკუსიებით გადაწყდეს. „ჩვენ სერიოზულ ცვლილებებს გავდივართ, მათ შორის, საკუთარ თავშიც. ჩვენ სხვა საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ და ეს მოდელი გულისხმობს პარლამენტის გაცილებით უფრო მაღალ ჩართულობას, სტრატეგიული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს პროცესი გაგრძელდება და იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლითაც განახლებულ სამთავრობო გუნდს მომდევნო წლების განმავლობაში მოუწევს მუშაობა. მომხსენებელმა სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა, აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, ჯერ კიდევ 2016 წელს განიხილებოდა პროექტის სახით, დიდი ხანია მთავრობაში მიმდინარეობს აღნიშნული გეგმის განხილვა. მისი თქმით, ცვლილებებით უნდა გაიზარდოს მთავრობის ეფექტურობა, გამოირიცხოს სამინისტროებსა და უწყებებს შორის გადაფარვები და მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.

„იმ სტრუქტურით, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ვფიქრობთ, რომ გაცილებით უფრო ეფექტურ მმართველობას მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს ხელშესახები პროგრესი არაერთი მიმართულებით და სფეროების მიხედვით ისაუბრა რეფორმებზე და პროექტებზე, რომელიც ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის მომავალ საქმიანობაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობაზე. „საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება ჩვენი მთავრობის მომავალი საქმიანობის უმთავრესი მიმართულება და ქვაკუთხედი. ჩვენ შევქმნით პლატფორმებს, სადაც შესაძლებელი იქნება ადამიანებმა ცივილიზებულად ისაუბრონ ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებზე, გამოთქვან შენიშვნები იმ ფორმით, რომელიც ცივილიზებულ საზოგადოებებში არის მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი სტანდარტები აქედან ჯერ შორს არის, მაგრამ ეს იქმნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, რომ დავამკვიდროთ დიალოგის სტანდარტი და მაქსიმალურად მოვახერხოთ, რომ გავაფართოვოთ იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ასეთ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

„ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ შედეგების მიღწევა, რომელზეც ვსაუბრობთ და ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ მომავალი წარმატებების მიღწევა“, - განაცხადა გამოსვლის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა.

უმრავლესობის ლიდერმა, მადლობა გადაუხადა მთავრობას გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, როდესაც მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა, დეპუტატებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება საკუთარი შეხედულებების და მოსაზრებების გამოთქმის საშუალება.

გალერეა

  • საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს,  2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს,  2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს,  2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს,  2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს,  2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს,  2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს,  2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს,  2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს,  2017 წლის 20 დეკემბერი