გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში გამოცდილება გაუზიარეს

13 ივნისი 2019
გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში გამოცდილება გაუზიარეს

10-13 ივნისს საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტს გერმანიის ფედერალური პარლამენტის (ბუნდესტაგი) აპარატის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 

ბუნდესტაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა რაინჰილდ შორნაკმა და ონლაინ სერვისების განყოფილების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა დოქ. მაიკა იახმანმა, პროექტის „პარლამენტის აპარატის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან 4 დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაო შეხვედრები გამართეს.

ბუნდესტაგის აპარატის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გერმანიის ბუნდესტაგის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ვებპორტალის სამსახურების სტრუქტურა და საქმიანობა სრულყოფილად გააცნეს, ხოლო ქართველმა კოლეგებმა გერმანელ კოლეგებს გაუზიარეს საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის არსებული პრაქტიკა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

ვიზიტის ბოლოს, შემაჯამებელი შეხვედრა გერმანელ კოლეგებთან, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ქეთევან კვინიკაძემ გამართა.

მან ბუნდესტაგის აპარატის წარმომადგენლებს საინტერესო პრეზენტაციებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა.

ქეთევან კვინიკაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციონალური განვითარების საქმეში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) განსაკუთრებული მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.