მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის გაცემის პროცედურა

08 იანვარი 2019


ინფორმაცია მედიისთვის

საქართველოს პარლამენტში 2019 წლის აკრედიტაციის მოსაპოვებლად მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 10 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით.

განაცხადის ფორმა

საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის მისაღებად, მასობრივი ინფორმაციის საშუალების ხელმძღვანელმა განცხადება უნდა წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის სახელზე, ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე და უნდა შეიცავდეს:

(ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალების სრულ დასახელებას;
(ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალების საფოსტო მისამართსა და ინდექსს, საკონტაქტო
ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ვებგვერდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თანდართული დოკუმენტაცია

განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

(ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, თანამდებობა)
(ბ) საკონტაქტო ინფორმაცია სამსახურეობრივი და მობილური ტელეფონის ნომრების, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით;
(გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
(დ) სამსახურეობრივი მოწმობის ასლი;
(ე) ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია, ზომით 3x4;
(ვ) ბეჭდვითი ორგანოს შემთხვევაში - 2019 წლის 1 იანვრამდე ბოლო ორი (2) თვის გამოცემათა ეგზემპლარები;
(ზ) ელექტრონული მედიის შემთხვევაში - სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე ბოლო ორი (2) თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის, ფოტო-ვიდეო მასალის ლინკები.

აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის პირობები

(ა) აკრედიტაციის ბარათებს გასცემს საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.
(ბ) აკრედიტაცია არ გაიცემა მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაზე, რომლის საქმიანობა არ უკავშირდება პარლამენტის კანონშემოქმედებითი ან ისეთი საქმიანობის გაშუქებას, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი.

სააკრედიტაციო განაცხადის ადრესატი

მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის მისაღებად განცხადება და თანმდევი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის სახელზე, შემდეგ მისამართზე:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი

ქ. თბილისი, 0108, შოთა რუსთაველის გამზირი № 8
ან გამოაგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: contact@parliament.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
228-16-83; 228-13-62