პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

05 ივლისი 2019
პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს პარლამენტის აპარატში ექვსთვიანი სტაჟირების შემდეგ, ორ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდას პარლამენტი შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებს.

შესარჩევი კონკურსის შედეგად შერჩეულმა 26-მა ახალგაზრდამ პარლამენტში სტაჟირების განახლებული ექვსთვიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა.

სტაჟირების განახლებული ექვსკვირიანი პროგრამა მოიცავს: ხუთკვირიან სასწავლო საბაზისო პროგრამას, შუალედური ტესტირებას, პარლამენტის აპარატის სტრუქტურებში პრაქტიკული პროგრამას, მენტორების შეფასებებს, პრეზენტაციებს, პროექტებში მონაწილეობას და ბოლოს დასკვნითი ტესტირებას.

ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მან ახალგაზრდებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პარლამენტში სტაჟირების პროცესის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ახალგაზრდებს მრავალმხრივი გამოცდილება შესძინა.

გიორგი ვოლსკიმ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ საკადრო ბანკი, რომლის შექმნაც იგეგმება, ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

სტაჟიორებს მიმართა პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ„ექვსი თვის თავზე ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები და იმის მტკიცებულება, რომ თქვენ ღირსეულად დაძლიეთ ეს ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და ძალიან ბევრის მომცემი სტაჟირების პროცესი“.

მისი თქმით, გასული წლის ოქტომბრიდან სტაჟირების პროგრამის გაუმჯობესითვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. გივი მიქანაძის განცხადებით ეს პირველი ჯგუფია, რომელმაც სრულყოფილი სტაჟირების პროცესი გაიარა პარლამენტის აპარატში.

აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ მათ ყველა ის სიძნელე გადალახეს გამოცდებით, მენტორინგის შესაბამისი ანგარიშების ჩაბარებით, რამაც იდეალური შედეგი გამოიღო.

„ამაში, თქვენი, სტაჟირების წარმატებით დამთავრებულთა ძალიან დიდი ხვედრითი წილია და ის დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა, რომლითაც თქვენ პირველივე დღიდან გაითავისეთ ეს მნიშვნელოვანი პროცესი და აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესში. ამისთვის მე მსურს მადლობა გითხრათ პირადად იმიტომ, რომ ის მიზანი, ის გათვლა, რომ ამ სტაჟირების პროცესს ხარისხზე ორიენტაცია უნდა ჰქონოდა, თქვენ დაამტკიცეთ, რომ შესაძლებელია“, - მიმართა გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს.

პარლამენტის აპარატის უფროსმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს და აპარატის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სტაჟირების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული და ხელს უწყობდნენ ახალგაზრდების უნარების განვითარებას და დამატებითი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას.

„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ორ ადამიანს გადავუხადო - ბატონ ირაკლი კობახიძეს და ბატონ არჩილ თალაკვაძეს. ეს პროცესი ბატონ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის დროს დაიწყო, მისი ხელშეწყობით და მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ ამგვარი რთული, მაგრამ ხარისხზე ორიენტირებული სტაჟირების პროცესი შემოგვეღო. რომლის დასრულების ეტაპი უნდა ყოფილიყო ორი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდის ერთი წლით პარლამენტში დატოვება და იმ სტრუქტურებში მუშაობის გაგრძელება, სადაც მათ სტაჟირება გაიარეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტაჟირების პროგრამას ასევე დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, რაც ახალგაზრდებთან არაფორმალურ გარემოში გამართული შეხვედრითაც გამოიხატა, სადაც სწორედ ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პარლამენტის აპარატის უფროსმა წარმატებები უსურვა სტაჟიორების ახალი ნაკადის 15 ახალგაზრდას, რომლებიც 8 ივლისიდან იწყებენ სტაჟირებას პარლამენტში.

გივი მიქანაძის განაცხადებით, სამომავლოდ პარლამენტში შეიქმნება სტაჟირების კურსდამთავრებულთა საზოგადოება, რომელშიც გაწევრიანდება სტაჟირება გავლილი ყველა ახალგაზრდა. პარლამენტის ხელმძღვანელობა, მათ, შესაბამისი რეკომენდაციით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გამოცხადებული კონკურსების დროს მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევს.

ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარინე ასათიანის თქმით, პარლამენტში სტაჟირებისა და პრაქტიკის ინსტიტუტი ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის.

„აღსანიშნავია, რომ სტაჟირების ასეთი წარმატებული და ნაყოფიერი პროცესი, როგორიც ახლაა, ფაქტობრივად, არ ყოფილა“, - განაცხადა მარინე ასათიანმა.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირების წარმატებით გავლისთვის ახალგაზრდებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

გალერეა

  • პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ, 2019 წლის 5 ივლისი
  • პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ, 2019 წლის 5 ივლისი
  • პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ, 2019 წლის 5 ივლისი
  • პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ, 2019 წლის 5 ივლისი