საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 მარტი 2019
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, გამოცდილების გაზიარება და აპარატის თანამშრომელთა სტაჟირების უზრუნველყოფა.

მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ. მემორანდუმის ფარგლებში, ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები სტაჟირებას გაივლიან საქართველოს პარლამენტის აპარატში. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან თბილისში გამართული შეხვედრის დროს იქნა მიღწეული შეთანხმება ორი ქვეყნის პარლამენტების აპარატებს შორის თანამშრომლობის დაწყების თაობაზე.

„ფიჯის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა ღრმავდება. სულ ახლახან გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც უვიზო რეჟიმი დაწესდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ფიჯის რესპუბლიკაში. გასული წლის სექტემბერში ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, რატუ ინოკე კუბუაბოლას ოფიციალური ვიზიტი შედგა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მან გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სწორედ მაშინ იქნა შეთანხმებული ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება პარლამენტების აპარატებს შორის. ფიჯის ინტერესს წარმოადგენს ის რეფორმები, რომელიც პარლამენტში, კერძოდ, პარლამენტის აპარატში მიმდინარეობს. ამიტომ, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მიმდინარე წელს 4 თანამშრომელი გამოგზავნონ საქართველოში, რომლებიც ჩაერთვებიან ორთვიანი სტაჟირების პროგრამაში - ესენი არის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილებაში, ორი თვის განმავლობაში, გაივლიან სტაჟირებას. თავდაპირველად ჩამოვა ორი თანამშრომელი, რომლებიც უახლოეს პერიოდში, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გაივლის სტაჟირებას, ხოლო საშემოდგომო სესიაზე - შემდეგი ორი თანამშრომელი. ჩვენ, ასევე, ვგეგმავთ ამ ურთიერთობების სხვა მიმართულებითაც გაღრმავებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.