საქართველოსა და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

29 ნოემბერი 2019
საქართველოსა და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

27-29 ნოემბერს ქალაქ სტოკჰოლმში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის სამუშაო ვიზიტი შედგა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, შოთა გოშაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა შვედ კოლეგასთან, კლოს მარტენსონთან, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს. შოთა გოშაძემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის აპარატში არსებულ მიღწევებსა და თანამშრომელთა პროფესიული ზრდის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე. შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ გაცვლითი სასწავლო ვიზიტებისა და თემატური სემინარების საშუალებით, უფრო ინტენსიური გახადონ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ დონეზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის სამუშაო ვიზიტი, 2018 წლის სექტემბერში ე.წ. „თბილისის მემორანდუმით“ ჩამოყალიბებული რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საპარლამენტო ადმინისტრაციათა წარმომადგენლები გაეცნენ შვედეთის სამეფოს პარლამენტის (რიკსდაგის) სამუშაო პროცესს, შეხვედრები გამართეს რიკსდაგის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მონაწილეებს მასპინძლობა გაუწია შვედეთის სამეფოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ინგვარ მატსონმა. შვედი პარტნიორების მიერ მოწონებული იქნა თბილისის მემორანდუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატი და აღინიშნა შვედეთის მხარის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ერთერთი ინიციატორი ქვეყნის, განსაკუთრებული ინტერესი კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით, 2018 წლის სექტემბერში თბილისის მემორანდუმის საფუძველზე. ქსელი აერთიანებს საქართველოს, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგთან, შვედეთის სამეფოს პარლამენტთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსთან და რიგ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. ქალაქ სტოკჰოლმში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის სამუშაო ვიზიტი განხორციელდა შვედეთი სამეფოს მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

გალერეა

  • საქართველოსა და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
  • საქართველოსა და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის