საქმისწარმოების ინსტრუქცია

საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების
ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ



1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 109-ე მუხლის „ფ“ და „ჰ5“ ქვეპუნქტებისა და „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ მე-10 მუხლის შესაბამისად:
2. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქცია. 
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საქართველოს პარლამენტში საქმისწარმოების ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 1 მარტის N6/3 ბრძანება.
4. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6).


დავით ბაქრაძე


დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
2010 წლის 23 თებერვლის N 28/3 ბრძანებით


საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების
ინსტრუქცია

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების შესაბამისად და ადგენს საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების წესებს.

2. საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოება ხორციელდება „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულების შესაბამისად და საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების თავისებურებების გათვალისწინებით.

3. საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქციის მიზანია საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოებასა და დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2
1. საქართველოს პარლამენტში დოკუმენტების მოძრაობა მათი მიღების ან შექმნის მომენტიდან საბოლოო შესრულებამდე, გაგზავნამდე ან საქმეში მოთავსებამდე არის პარლამენტის დოკუმენტბრუნვა, რომელიც რეგულირდება საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქციით (შემდგომში – ინსტრუქცია).
2. ინსტრუქციის დაცვა სავალდებულოა საქართველოს პარლამენტის თანამდებობის პირებისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და საქართველოს პარლამენტის აპარატისთვის.
3. პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ორგანიზებისთვის და ინსტრუქციით დადგენილი წესების დარღვევისთვის ეკისრებათ საქართველოს პარლამენტის სუბიექტებისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოებაზე განპიროვნებულ პირებს.

მუხლი 3

1. საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი (შემდგომ – საქმისწარმოების დეპარტამენტი) უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვას. საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოება ხორციელდება როგორც ელექტრონულად ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით („eDocument“), ისე მატერიალური ფორმით.

2. ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით განხორციელებულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალად ითვლება. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.

3. თუ არსებობს ორი ან ორზე მეტი პირის შეთანხმება, ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

4. ელექტრონული დოკუმენტის მატერიალურ ფორმატში გადაყვანის დროს მას დაამოწმებს ხელმომწერი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი პირი.


თავი II
შემოსული და შიდა დოკუმენტების გაფორმებისა და რეგისტრაციის წესი


მუხლი 4
1. საქართველოს პარლამენტში შემოსული დოკუმენტის მიღებას, პირველად დამუშავებასა და რეგისტრაციას, გარდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ახორციელებს საქმისწარმოების დეპარტამენტი.

2. საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ ნორმატიული აქტის პროექტს, აგრეთვე რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო სამართლებრივ აქტს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვას, პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფის შეკითხვასა და საპარლამენტო ფრაქციის შეკითხვას აღრიცხავს, აანალიზებს და მათი შესრულების მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი, ხოლო რეგისტრაციაში ატარებს და ადრესატს უგზავნის საქმისწარმოების დეპარტამენტი.

3. პეტიციას, საკანონმდებლო წინადადებას რეგისტრაციაში ატარებს და ადრესატს გადასცემს საქმისწარმოების დეპარტამენტი.
4. საქართველოს პარლამენტში საიდუმლო საქმისწარმოებას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.
5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის სახელზე ამ პარლამენტის წევრის ბიუროში შემოსულ წერილს და განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს, შეისწავლის და მათზე რეაგირებას ახდენს ბიურო ინსტრუქციით დადგენილი წესით.
6. დაუშვებელია საქართველოს პარლამენტში დოკუმენტის მიღება და პარლამენტიდან დოკუმენტის გაგზავნა საქმისწარმოების დეპარტამენტის გვერდის ავლით, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

მუხლი 5
1. საქართველოს პარლამენტში შემოსული (მათ შორის, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით) დოკუმენტი მიღების დღესვე ტარდება რეგისტრაციაში.
2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, პარლამენტის წევრებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა სუბიექტების გასვლითი ღონისძიებებისა და სხვადასხვა შეხვედრების დროს ხელზე მიღებული დოკუმენტები რეგისტრაციისთვის გადაეცემა საქმისწარმოების დეპარტამენტს.

მუხლი 6
1. თუ დოკუმენტის მიღებისა და პირველადი დამუშავების დროს აღმოჩნდება, რომ მისი კონვერტის მთლიანობა დარღვეულია, ან კონვერტის გახსნისას დადგინდება დოკუმენტის ეგზემპლარებისა და დანართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაოდენობის შეუსაბამობა მითითებულ რაოდენობასთან, იგი დაუყოვნებლივ უბრუნდება გამომგზავნს. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ დოკუმენტი რეგისტრაციაში ტარდება და ადრესატს გადაეცემა.
2. დოკუმენტის კონვერტი ნადგურდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) მხოლოდ კონვერტით შეიძლება გამომგზავნის მისამართის, დოკუმენტის გამოგზავნისა და მიღების თარიღების დადგენა;
ბ) დოკუმენტი გამოგზავნილია სხვა სახელმწიფოდან;
გ) კონვერტზე არსებულ საფოსტო შტამპზე მითითებულ დოკუმენტის გამოგზავნისა და მიღების თარიღებს შორის სხვაობა 10 დღეს აღემატება.
3. კონვერტი წარწერით „პირადად“ არ იხსნება და მის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციაში ტარდება კონვერტზე მითითებული მონაცემების მიხედვით. ასეთი კონვერტი ადრესატს გაუხსნელად გადაეცემა.

მუხლი 7
1. რეგისტრაციის დროს დოკუმენტის პირველი ფურცლის ქვედა მარჯვენა კუთხეში დაისმება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული შტამპი და მასზე მიეთითება რეგისტრაციის ნომერი, თარიღი და დოკუმენტის ფურცლების რაოდენობა.
2. დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია შეიტანება შესაბამის ელექტრონულ საქმისწარმოების პროგრამაში („eDocument“) და აღირიცხება ერთი სარეგისტრაციო ნომრით.
3. დოკუმენტი წარწერით „სასწრაფოა“ დაუყოვნებლივ ტარდება რეგისტრაციაში და გადაეცემა ადრესატს.
4. საქართველოს პარლამენტის სახელზე (კონკრეტული ადრესატის მიუთითებლად) შემოსული კორესპონდენცია რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს, ხოლო საქართველოს პარლამენტის აპარატის სახელზე შემოსული კორესპონდენცია – პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნოს.
5. საქართველოს პარლამენტის სუბიექტებსა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს დოკუმენტებს გადასცემს საქმისწარმოების დეპარტამენტი. საქმისწარმოებაზე განპიროვნებული პირები დოკუმენტებს იბარებენ დღეში ორჯერ, რასაც ადასტურებენ შესაბამის რეესტრზე ხელის მოწერით.

მუხლი 8

1. პარლამენტის შიდა დოკუმენტად ითვლება საქართველოს პარლამენტში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც არ იგზავნება პარლამენტის გარეთ. რეგისტრაციის დროს ასეთ დოკუმენტზე დაისმება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შტამპი და მასზე მიეთითება რეგისტრაციის ნომერი, თარიღი და დოკუმენტის ფურცლების რაოდენობა.

2. თუ პარლამენტის შიდა დოკუმენტი უკვე რეგისტრირებულია, მას ახალი რეგისტრაციის ნომერი არ ენიჭება, იცვლება მხოლოდ თარიღი. 

მუხლი 9

1. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა და მათი მოადგილეების, საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების, პარლამენტის აპარატის უფროსისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის აპარატის სხვა თანამდებობის პირების რეზოლუცია სრულდება დოკუმენტის პირველი ფურცლის ზედა მარცხენა კუთხეში ან ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეზოლუციის ბლანკზე, რომელიც შეიცავს შესაბამისი თანამდებობის დასახელებას, რეზოლუციის ავტორის ხელმოწერას, თარიღს და რეგისტრაციის ნომერს.
2. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს რეზოლუციით მიცემული დავალების შემსრულებლის ვინაობა და დავალების შინაარსი. დავალება შეიძლება იყოს საკონტროლო და არასაკონტროლო. საკონტროლო დავალების ტექსტი შეიცავს ვალდებულებას, რომ რეზოლუციის ავტორს მითითებულ ვადაში წარედგინოს დავალების შესრულების შედეგები. არასაკონტროლო დავალების ტექსტით არ მოითხოვება რეზოლუციის ავტორისთვის შესაბამისი შედეგების წარდგენა და დავალების შესასრულებლად განისაზღვრება ვადა, რომელიც ამ სახის დოკუმენტის განხილვისთვის დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
3. თუ რეზოლუციით დავალება რამდენიმე პირს აქვს მიცემული, რეზოლუციაში მითითებულ პირველ შემსრულებელს ეგზავნება დოკუმენტის დედანი, ხოლო დანარჩენებს – ასლები. როდესაც ერთ საკითხზე დავალება რამდენიმე პირს აქვს მიცემული, მისი შესრულებისთვის პასუხისმგებელია ის, ვინც რეზოლუციაში პირველია მითითებული, ხოლო დანარჩენები ვალდებული არიან, პირველ შემსრულებელს მიაწოდონ ინფორმაცია (მოსაზრება) დავალების შესახებ.


მუხლი 10
1. თუ საქართველოს პარლამენტში შემოტანილი განცხადება რეაგირებისთვის უნდა გადაიგზავნოს უფლებამოსილ ორგანოში, დგება თანმხლები წერილი, რომელიც განცხადებასთან ერთად იგზავნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. განმცხადებელს ეგზავნება წერილის ასლი ან შეტყობინება განცხადების გადაგზავნის შესახებ.
2. თუ საქართველოს პარლამენტში განმეორებით შემოტანილია განცხადება, რომელზე პასუხის გაცემის ან რომლის უფლებამოსილ ორგანოში გადაგზავნის შემდეგ არ შეცვლილა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, განცხადების უკანა მხარეს კეთდება პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი აღნიშვნა განცხადების ჩამოწერის შესახებ და ეცნობება საქმისწარმოების დეპარტამენტს.
3. თუ საქართველოს პარლამენტში შემოტანილ განცხადებაზე რეაგირება არ მოითხოვს წერილობით პასუხს ან მასზე რეაგირება წერილობით არ ხდება, განცხადების უკანა მხარეს კეთდება პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი აღნიშვნა განცხადების ჩამოწერის შესახებ და ეცნობება საქმისწარმოების დეპარტამენტს.
4. თუ დოკუმენტი ინფორმაციული ხასიათისაა და არ მოითხოვს რაიმე ქმედების განხორციელებას, მის ზედა მარცხენა კუთხეში სრულდება წარწერა „საქმეში“ ან „გავეცანი“ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და თარიღით და ეცნობება საქმისწარმოების დეპარტამენტს.

მუხლი 11
1. საქმისწარმოების დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს დოკუმენტზე რეაგირების ვადის დაცვას. 
2. საქმისწარმოების დეპარტამენტი შემოსულ დოკუმენტზე რეაგირების ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოებაზე განპიროვნებულ შესაბამის პირს აწვდის ინფორმაციას რეაგირების შესახებ. დოკუმენტზე რეაგირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 15 სამუშაო დღისა.
3. საქმისწარმოების დეპარტამენტი რეაგირების გარეშე დარჩენილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას ყოველკვირეულად აწვდის საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოებაზე განპიროვნებულ შესაბამის პირებს.
4. საქმისწარმოების დეპარტამენტი შემოსული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ამზადებს ყოველთვიურ ანალიტიკურ ინფორმაციას, აგრეთვე ექვსთვიურ და წლიურ ანალიტიკურ და სტატისტიკურ ანგარიშებს.


თავი III
სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების
გაფორმებისა და რეგისტრაციის წესი


მუხლი 12
1. საქართველოს პარლამენტიდან გასაგზავნი დოკუმენტი დგება 2 ეგზემპლარად. მათგან ერთი იბეჭდება შესაბამის ბლანკზე, ხოლო მეორე – A4 ფორმატის ფურცელზე, რომელზედაც ვიზირებას ახდენენ: შემსრულებელი, პასუხისმგებელი პირი, თანამდებობის პირი, რომელთანაც შეთანხმდა დოკუმენტის პროექტი.
2. საბოლოოდ გაფორმებულ დოკუმენტს ხელს აწერს თანამდებობის პირი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების შესაბამისად. დაუშვებელია ხელმომწერის შეცვლა ირიბი ხაზის ჩამოსმით.
3. საქართველოს პარლამენტში მომზადებულ დოკუმენტს რეგისტრაციაში ატარებს და საფოსტო გზავნილის სახით აგზავნის საქმისწარმოების დეპარტამენტი, გარდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. რეგისტრაციის დროს დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში მიეთითება რეგისტრაციის ნომერი, რომელიც შედგება რიგითი ნომრისა და ინდექსისაგან, და თარიღი.

4. ინფორმაციის ოპერატიულად გადაცემის მიზნით საქართველოს პარლამენტიდან იგზავნება ტელეგრამა. ტელეგრამაში მიეთითება საფოსტო მისამართი. რამდენიმე მისამართზე გასაგზავნ ტელეგრამას უნდა ახლდეს შესაბამისი მისამართების ჩამონათვალი.
5. გასაგზავნად მომზადებული ტელეგრამა ბარდება საქმისწარმოების დეპარტამენტს და საფოსტო გზავნილის რეესტრით გადაეცემა იმ საფოსტო განყოფილებას, რომელთანაც საქართველოს პარლამენტს დადებული აქვს სათანადო ხელშეკრულება.

მუხლი 13
1. საქართველოს პარლამენტიდან გასაგზავნად საქმისწარმოების დეპარტამენტს ბარდება სრულყოფილად გაფორმებული დოკუმენტი, სათანადო რაოდენობის ეგზემპლარებითა და დანართით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტში სრულად უნდა იყოს აღნიშნული ადრესატის რეკვიზიტები. საპასუხო წერილის ტექსტის დასაწყისში მიეთითება შემოსული წერილის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.
2. გაუფორმებელ ან არასწორად გაფორმებულ დოკუმენტს საქმისწარმოების დეპარტამენტი გასაგზავნად არ იღებს და შემსრულებელს უბრუნებს. დოკუმენტის გაფორმების შესახებ საქმისწარმოების დეპარტამენტის მოტივირებული შენიშვნის, წინადადების გათვალისწინება სავალდებულოა.
3. საქართველოს პარლამენტიდან გასაგზავნ დოკუმენტს საქმისწარმოების დეპარტამენტი ამუშავებს და აგზავნის 24 საათის განმავლობაში, ხოლო დოკუმენტს წარწერით „სასწრაფოა“ – დაუყოვნებლივ. დოკუმენტი იგზავნება ფოსტისა და საფელდიეგერო სამსახურის მეშვეობით. ნებადართულია ადრესატისთვის წერილობითი პასუხის ხელზე გადაცემა, რასაც იგი ადასტურებს შესაბამის რეესტრზე ხელის მოწერით და თარიღის დასმით. 
4. საქართველოს პარლამენტიდან დოკუმენტზე გაგზავნილი წერილობითი პასუხის ასლი დაერთვის შემოსული დოკუმენტის დედანს და თავსდება საქმეთა ნაერთი ნომენკლატურით განსაზღვრულ საქმეში.

მუხლი 14
1. საქართველოს პარლამენტში ბრძანებებს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი. 
2. ბრძანებათა პროექტებს საკითხების სპეციფიკისა და ფუნქციურ მოვალეობათა გათვალისწინებით შეიმუშავებენ საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულები.
3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების პროექტის ვიზირებას ახდენენ: პირი, რომელმაც მოამზადა პროექტი, მისი ზემდგომი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე (უფლებამოსილების ფარგლებში), საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
4. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანების პროექტის ვიზირებას ახდენენ: პირი, რომელმაც მოამზადა პროექტი, მისი ზემდგომი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე (უფლებამოსილების ფარგლებში).
5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანებებს რეგისტრაციაში ატარებს საქმისწარმოების დეპარტამენტი. აღნიშნულ ბრძანებათა მხარეებისთვის გაცნობას და საჯაროდ გამოცხადებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.
6. საქართველოს პარლამენტის წევრთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას, აღრიცხვას, შენახვას, გასაცნობად გაცემასა და ფორმირებას ახორციელებს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.

მუხლი 15
1. საქართველოს პარლამენტში გამოიყენება მხოლოდ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საერთო, წერილის და გერბიანი ბლანკები, გერბიანი და სხვა ბეჭდები, შტამპები, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამღა.
2. ბლანკები გამოიყენება შემდეგი საკანონმდებლო აქტებისა და დოკუმენტებისთვის:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (დანართი 1);
ბ) საქართველოს კონსტიტუციური კანონი (დანართი 2);
გ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება (დანართი 3);
დ) საქართველოს ორგანული კანონი (დანართი 4);
ე) საქართველოს კანონი (დანართი 5);
ვ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (დანართი 6);
ზ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება (დანართი 7);
თ) საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია (დანართი 8);
ი) საქართველოს პარლამენტის დეკლარაცია (დანართი 9);
კ) საქართველოს პარლამენტის მიმართვა (დანართი 10);
ლ) საქართველოს პარლამენტის განცხადება (დანართი 11);
მ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება (დანართი 12);
ნ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანება (დანართი 13);
ო) საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის დღის წესრიგი (დანართი 14);
პ) საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმი (დანართი 15);
ჟ) საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი (დანართი 16);
რ) საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან ამონაწერი (დანართი 17);
ს) საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (დანართი 18);
ტ) საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (დანართი 19);
უ) საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი (დანართი 20);
ფ) საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი (დანართი 21);
ქ) საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმიდან ამონაწერი (დანართი 22);
ღ) საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული, საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გასაგზავნი კანონპროექტის თავფურცელი (დანართი 23);
ყ) საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა (დანართი 24);
შ) საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის წარდგენილი კანონპროექტის თავფურცელი (დანართი 43);
ჩ) საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის წარდგენილი კანონპროექტის თავფურცელი (დანართი 44);
ც) საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის წარდგენილი კანონპროექტის თავფურცელი (დანართი 45); 
ძ) კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტის თავფურცელი (დანართი 46); 
წ) საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის, უმცირესობის, საპარლამენტო ფრაქციის, პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომის ოქმი (დანართი 47); 
ჭ) საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის, უმცირესობის, საპარლამენტო ფრაქციის, პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომაზე დასწრების აღრიცხვის ფურცელი (დანართი 48);
ხ) რეზოლუციის ბლანკი (დანართი 49).
ჯ) საქართველოს პარლამენტის აპარატის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ბრძანების ბლანკი (დანართი 50).

3. საქართველოს პარლამენტში გამოიყენება წერილის ბლანკები:

ა) სახელმწიფო სრული გერბითა და წარწერით „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე“ − ქართულად (დანართი 25), ინგლისურად (დანართი 25);

ბ) ლოგოს გამოყენებით და წარწერით „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე“ − ქართულად (დანართი 26), ინგლისურად (დანართი 26);

გ) ლოგოს გამოყენებით და წარწერით „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“ − ქართულად (დანართი 27), ინგლისურად (დანართი 27);

დ) ლოგოს გამოყენებით და წარწერით „საქართველოს პარლამენტის წევრი“ − ქართულად (დანართი 28), ინგლისურად (დანართი 28);

ე) ლოგოს გამოყენებით და წარწერით „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი“ − ქართულად (დანართი 35), ინგლისურად (დანართი 35);

ვ) ლოგოს გამოყენებით და წარწერით „საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი“ − ქართულად (დანართი 36), ინგლისურად (დანართი 36);

ზ) ლოგოს გამოყენებით და წარწერით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“ (დანართი 37);

თ) ლოგოს გამოყენებით და წარწერით „საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი“ (დანართი 38);

ი) ლოგოს გამოყენებით და წარწერით „საპარლამენტო უმრავლესობა“ (დანართი 30);

კ) ლოგოს გამოყენებით და წარწერით „საპარლამენტო უმცირესობა“ (დანართი 31);

ლ) ლოგოს გამოყენებით და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სახელწოდების წარწერით  − ქართულად (დანართი 29), ინგლისურად (დანართი 29);

მ) ლოგოს გამოყენებით და შესაბამისი საპარლამენტო ფრაქციის სახელწოდების წარწერით  (დანართი 32);

ნ) ლოგოს გამოყენებით და პარლამენტის შესაბამისი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სახელწოდების წარწერით  (დანართი 33);

ო) ლოგოს გამოყენებით და პარლამენტის შესაბამისი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის სახელწოდების წარწერით  − ქართულად (დანართი 34), ინგლისურად (დანართი 34).

4. საქართველოს პარლამენტში გამოიყენება შემდეგი ბეჭდები:
ა) ბეჭედი სრული სახით საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, წარწერით „საქართველოს პარლამენტი“ (3 ცალი; თითოეულ ბეჭედზე წარწერა შესრულებულია მხოლოდ ერთ ენაზე – ქართულად, რუსულად, ინგლისურად) (დანართი 39 „ა“);
ბ) მცირე მოცულობის ბეჭედი სრული სახით საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, წარწერით „საქართველოს პარლამენტი“ (დანართი 39 „ბ“);
გ) ბეჭედი სრული სახით საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, წარწერით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“ (3 ცალი; თითოეულ ბეჭედზე წარწერა შესრულებულია მხოლოდ ერთ ენაზე – ქართულად, რუსულად, ინგლისურად) (დანართი 39 „გ“);
დ) ბეჭედი სრული სახით საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, წარწერით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით (3 ცალი; თითოეულ ბეჭედზე წარწერა შესრულებულია მხოლოდ ერთ ენაზე – ქართულად, რუსულად, ინგლისურად) (დანართი 39 „დ“);
ე) ბეჭედი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „საორგანიზაციო დეპარტამენტი“ (დანართი 39 „ე“);
ვ) ბეჭედი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „ასლის დამოწმებისათვის“ (დანართი 39 „ვ“);
ზ) ბეჭედი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „საორგანიზაციო დეპარტამენტი“, „პაკეტებისათვის“ (დანართი 40 „ა“);
თ) ბეჭედი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „საკადრო საკითხთა დეპარტამენტი“ (დანართი 40 „ბ“);
ი) ბეჭედი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი“ (დანართი 40 „გ“);
კ) ბეჭედი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი“, „საწყობი“ (დანართი 40 „დ“);
ლ) ბეჭედი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „საქმისწარმოების დეპარტამენტი“ (დანართი 40 „ე“);
მ) ბეჭედი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „საქმისწარმოების დეპარტამენტი“, „პაკეტებისათვის“ (დანართი 40 „ვ“);
ნ) ბეჭედი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „ბუღალტერია“ (დანართი 40 „ზ“).
5. საქართველოს პარლამენტში გამოიყენება შემდეგი დამღები:
ა) დამღა საქართველოს პარლამენტის სასახლის ფასადის გამოსახულებითა და წარწერით „საქართველოს კანონი“ (დანართი 41 „ა“);
ბ) ამოღებულია
გ) ამოღებულია
6. საქართველოს პარლამენტში გამოიყენება შემდეგი შტამპები:
ა) შტამპი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „საქმისწარმოების დეპარტამენტი“, „შემოს. #“ (დანართი 42 „ა“);
ბ) შტამპი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „საქმისწარმოების დეპარტამენტი“, „სააღ. #“ (დანართი 42 „ბ“);
გ) შტამპი წარწერებით „საქართველოს პარლამენტის აპარატი“, „საორგანიზაციო დეპარტამენტი“ (დანართი 42 „გ“).
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საერთო ბლანკებზე დაისმება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საერთო ბლანკებზე ასევე დაისმება ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამღა. ამ ბეჭედს და დამღას ინახავს და მათი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.
8. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ ხელმოწერილ ცნობაზე, სამივლინებო მოწმობაზე, საიდუმლო საქმისწარმოებისთვის განკუთვნილ დოკუმენტზე, შრომისუუნარობის ფურცელზე, შრომით ხელშეკრულებაზე დაისმება, ასევე პარლამენტში მოვლინებული დელეგაციის სამუშაო გეგმის დამტკიცებისთვის, შრომის წიგნაკში არსებული ჩანაწერის დამოწმებისას გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი. ამ ბეჭედს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.
9. საქართველოს პარლამენტის საფინანსო დოკუმენტზე, ადმინისტრაციულ და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებებზე დაისმება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი. ამ ბეჭედს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.
10. საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ ნორმატიული აქტის პროექტზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან შემოსულ კორესპონდენციაზე დაისმება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი. ამ ბეჭედს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.
11. ბრძანებიდან ამონაწერის, ბრძანების ასლის, ბრძანებაზე ხელმოწერის დამოწმებისთვის გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი. ამ ბეჭედს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.
12. საქართველოს პარლამენტისთვის სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებზე (მიღება-ჩაბარების აქტზე, საწვავის გაცემის უწყისზე, შესრულებული სამუშაოს აქტზე) დაისმება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი, ხოლო პარლამენტის აპარატის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საწყობში მატერიალური ფასეულობების შესვლის დამადასტურებელ დოკუმენტებზე (სასაქონლო ზედნადებზე, მიღება-ჩაბარების აქტზე) დაისმება იმავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი. ამ ბეჭდებს ინახავს და მათი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აპარატის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
13. საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში შედგენილ ან შესულ საბუღალტრო დოკუმენტზე დაისმება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი. ამ ბეჭედს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერია.
14. საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასაგზავნ საფოსტო გზავნილზე დაისმება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი. ამ ბეჭედს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.
15. საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ მიღებული საფოსტო გზავნილის რეესტრზე ხელმოწერის დადასტურებისთვის და პარლამენტიდან გაგზავნილი დეპეშის დამოწმებისთვის გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი. ამ ბეჭედს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქმისწარმოების დეპარტამენტი.
16. საქართველოს პარლამენტიდან კორესპონდენციის გაგზავნისას კონვერტზე დაისმება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბეჭედი. ამ ბეჭედს  ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქმისწარმოების დეპარტამენტი.
17. საქმისწარმოების დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის კონვერტზე დაისმება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული შტამპი. ამ შტამპს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქმისწარმოების დეპარტამენტი. 
18. პარლამენტის შიდა დოკუმენტზე დაისმება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შტამპი. ამ შტამპს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქმისწარმოების დეპარტამენტი. 
19. საქართველოს პარლამენტში შემოსული საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტების რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შტამპი. ამ შტამპს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.
20. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული აქტის, საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის აპარატში შესრულებული დოკუმენტის ინგლისურ ან რუსულ ენაზე თარგმნის შემთხვევაში, ასევე საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის აპარატში დოკუმენტის ინგლისურად ან რუსულად შესრულების შემთხვევაში მასზე დაისმება შესაბამისი ბეჭედი ინგლისური ან რუსული წარწერით.

მუხლი 16
1. ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“–„ნ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საერთო ბლანკებზე სრული სახით გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და აღნიშნულია შესაბამისი აქტის დასახელება;
ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ წერილის ბლანკზე სრული სახით გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და აღნიშნულია შესაბამისი თანამდებობის დასახელება.
2. ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ბ“, „გ“ და „ვ“−„ო“ქვეპუნქტებში მითითებულ წერილის ბლანკებზე გამოსახულია პარლამენტის სასახლის ფასადი წარწერით „საქართველოს პარლამენტი“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ წერილის ბლანკზე (28-ე დანართზე − ოქროსფრად) გამოსახულია პარლამენტის სასახლის ფასადი წარწერით „საქართველოს პარლამენტი“;

გ) „ე“ ქვეპუნქტში მითითებულ წერილის ბლანკზე ოქროსფერით გამოსახულია პარლამენტის სასახლის ფასადი წარწერით „საქართველოს პარლამენტი“.

3. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის წერილის ბლანკს ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი პირველი მოადგილე, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პირი. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ფრაქციების, პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების წერილის ბლანკებს ხელს აწერენ შესაბამისად უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერი, ფრაქციის, დროებითი კომისიის თავმჯდომარე, მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოადგილეები, ხოლო ამ უკანასკნელთა არყოფნის შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პირები.
4. საქართველოს პარლამენტის წევრის წერილის ბლანკს ხელს აწერს პარლამენტის წევრი.
5. საქართველოს პარლამენტის ორი ან ორზე მეტი კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთობლივი დოკუმენტი ფორმდება საქართველოს პარლამენტის წევრის წერილის ბლანკზე ან A4 ფორმატის ფურცელზე.
6. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წერილის ბლანკს ხელს აწერს დელეგაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
7. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წერილის ბლანკს ხელს აწერს პარლამენტის აპარატის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი.
8. საქართველოს პარლამენტის აპარატის წერილის ბლანკს ხელს აწერენ პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის (სამსახურის) უფროსი.
9. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის წერილის ბლანკს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. 
10. პარლამენტის შიდა დოკუმენტი ფორმდება A4 ფორმატის ფურცელზე ან შესაბამის წერილის ბლანკზე.


მუხლი 17

საქართველოს პარლამენტში გერბიანი ბლანკების, ბეჭდებისა და დამღის დამზადება, გამოყენება, შენახვა და განადგურება ხორციელდება „საქართველოს  სახელმწიფო  გერბის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №962 განკარგულების შესრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №132 დადგენილების შესაბამისად.



თავი IV
ნორმატიული აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების
მომზადების, გაფორმებისა და რეგისტრაციის წესი


მუხლი 18
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი კანონპროექტს ამზადებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ ნორმატიული აქტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი. საქართველოს პარლამენტში ინციირებული ნორმატიული აქტის პროექტი წარდგენილი უნდა იქნეს წერილობით და ელექტრონულად.
3. წამყვანი კომიტეტის (სხვა კომიტეტის) მიერ ნორმატიული აქტის პროექტზე მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელიც ფორმდება პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წერილის ბლანკზე და რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი პირველი მოადგილე, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პირი.
4. ნორმატიული აქტის პროექტი წამყვანი კომიტეტის დასკვნასთან და თანმხლებ წერილთან ერთად ეგზავნება საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. ნორმატიული აქტის პროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იყოს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ. წერილს დასკვნასთან ერთად რეგისტრაციაში ატარებს საქმისწარმოების დეპარტამენტი.
5. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე:
ა) I მოსმენით განხილვისათვის წარდგენილ კანონპროექტს ერთვის ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი;
ბ) II მოსმენით განხილვისათვის წარდგენილ კანონპროექტს ერთვის ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი;
გ) III მოსმენით განხილვისათვის წარდგენილ კანონპროექტს ერთვის ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი. 
6. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ, საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გასაგზავნ კანონპროექტს ერთვის ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი.
7. ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ და „შ“–„ც“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თავფურცლებს ამზადებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.
8. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს რეგისტრაციაში ატარებს და შესაბამის თავფურცელთან ერთად საქართველოს პრეზიდენტთან აგზავნის საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.

მუხლი 19 
1. საქართველოს პარლამენტში ფორმდება პარლამენტის პლენარულ და ბიუროს სხდომათა ოქმები, კომიტეტების, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, საპარლამენტო ფრაქციების, პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, ხაზინადართა საბჭოს სხდომათა ოქმები.
2. საქართველოს პარლამენტის პლენარულ და ბიუროს სხდომათა ოქმებს აფორმებს და რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.
3. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი ფორმდება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საერთო ბლანკზე და მას ხელს აწერს პლენარული სხდომის თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმი ფორმდება იმავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საერთო ბლანკზე და მას ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.
4. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმიდან ამონაწერი ფორმდება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საერთო ბლანკზე და მასზე მიეთითება პლენარული სხდომის თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი ფორმდება იმავე პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საერთო ბლანკზე და მასზე მიეთითება ბიუროს სხდომის თავმჯდომარე. ამონაწერს ხელმოწერით ადასტურებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი. ამონაწერს ამზადებს და ადრესატს უგზავნის საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი. 
5. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ფორმდება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საერთო ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე. ბიუროს გადაწყვეტილება ეგზავნება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას, საპარლამენტო ფრაქციებს, პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებს, პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტსა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს, აგრეთვე სხვა სუბიექტებს.
6. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, საპარლამენტო ფრაქციის, პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომის ჩატარებისას დგება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხდომის ოქმი და იმავე პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხდომაზე დასწრების აღრიცხვის ფურცელი. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, საპარლამენტო ფრაქციის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი, ხოლო სხდომაზე დასწრების აღრიცხვის ფურცელს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე, შესაბამისად კომიტეტის, უმრავლესობის, უმცირესობის, ფრაქციის, დროებითი კომისიის აპარატის უფროსი და მანდატური.
7. ხაზინადართა საბჭოს სხდომის ოქმს აფორმებს ხაზინადართა საბჭოს მდივანი A4 ფორმატის ფურცელზე.



თავი V
საჯარო ინფორმაციის გაცემისა და რეგისტრაციის წესი


მუხლი 20
1. საქართველოს პარლამენტში საჯარო ინფორმაციას გასცემს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილება, ხოლო რეგისტრაციაში ატარებს საქმისწარმოების დეპარტამენტი.
2. თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შემოსულია არაუფლებამოსილი პირის სახელზე, ადრესატი ვალდებულია ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემისას შესაბამისი დოკუმენტის ასლს ამოწმებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილება. ასლის დამოწმებისას მის ყველა გვერდზე სრულდება წარწერა „ასლი დედანთან სწორია“, რომელიც მოწმდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბეჭდით. ამ ბეჭედს ინახავს და მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.
4. დოკუმენტის ასლის დამოწმების დროს დგება დამოწმების ფურცელი, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილება და რომელიც შეიცავს:
ა) დოკუმენტის ზუსტ დასახელებას;
ბ) ასლის დედანთან შესაბამისობის დადასტურებას;
გ) დამოწმების დროს და ადგილს;
დ) პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ბეჭედს.
5. საჯარო ინფორმაციის გაცემა, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.




თავი VI
დოკუმენტების დაარქივება


მუხლი 21
საქართველოს პარლამენტში დოკუმენტების ხარისხიანად დაკომპლექტების მიზნით საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შედგენასა და ფორმირებას, საქართველოს პარლამენტში მომზადებული და შემოსული დოკუმენტების დაარქივებას „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებით დამტკიცებული „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი.

თავი VII
დასკვნითი დებულებები


მუხლი 22
1. ინსტრუქციას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
2. ინსტრუქციაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.