შინაგანაწესი

              
 დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
2008 წლის 18 სექტემბრის N126/3 ბრძანებით 

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის

შინაგანაწესი

 

მუხლი 1 ზოგადი დებულებანი

 

1. საქართველოს პარლამენტის აპარატის (შემდგომ – აპარატი) შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-13 მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. (29.03.2017 №111/3)

2. აპარატის შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) ვრცელდება აპარატის  საჯარო მოსამსახურეებზე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, საპარლამენტო ფრაქციების, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების აპარატების თანამშრომლებზე (შემდგომში – მოსამსახურეები).

3. შინაგანაწესის მიზნებია:

ა) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;

დ) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის დონის გაზრდა;

ე) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ვ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის გაზრდა;

ზ) ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობების მოწესრიგება;

თ) მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის ხელშეწყობა.

4. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენებისა და სადღესასწაულო (უქმე) დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ პარლამენტის სასახლეში ყოფნის პირობები და წესი;

დ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;

ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები და ინსტრუქციები;

ვ) სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი;

ზ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი. 
 

მუხლი 2 სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული 

1. აპარატში სამუშაო კვირის ხანგრძლივობაა 5 დღე; ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობაა 8 საათი, ხოლო შესვენებისა - 1 საათი.

2. სამუშაო დრო იწყება 9.30 საათზე და მთავრდება 18.30 საათზე. შესვენებაა 14-დან 15 საათამდე.

3. მოსამსახურე, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება პარლამენტის სასახლის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად. 
 

მუხლი 3. დასვენებისა და სადღესასწაულო (უქმე) დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მოსამსახურეთა პარლამენტის სასახლეში ყოფნის პირობები და წესი 

ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასვენებისა და სადღესასწაულო (უქმე) დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მოსამსახურეთა პარლამენტის სასახლეში ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. (29.03.2017 №111/3) 

 

მუხლი 4 სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების

მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი

 

სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოსამსახურეთათვის გაცნობა ხდება:

ა) დანიშნულების მიხედვით, სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების დაგზავნით;

ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის ტექსტის კანონით დადგენილი წესით მოსამსახურისათვის გაცნობით, რომელსაც იგი პირადად აწერს ხელს;

გ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადებით – პარლამენტის სასახლეში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას სპეციალურ დაფაზე მოთავსებით.

 

მუხლი 5 ხელფასის გაცემის დრო და ადგილი 

მოსამსახურის ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ. ხელფასს გასცემს აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.

 

მუხლი 6 შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო

უსაფრთხოების წესები და ინსტრუქციები

 

1. მოსამსახურეები ვალდებული არიან გაეცნონ შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებსა და ინსტრუქციებს.

2. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების მოსამსახურეთათვის გაცნობაზე პასუხისმგებელია აპარატის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი. იგი აწარმოებს სათანადო რეგისტრაციის ჟურნალს და წესებისა და ინსტრუქციების გაცნობის თაობაზე ახალმიღებულ მოსამსახურეთა ხელმოწერებით დადასტურებულ ცნობებს წარუდგენს აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტს მათ პირად საქმეებში შესატანად.

 

მუხლი 7. მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჩაცმის სტილი (29.03.2017 №111/3)

 

მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჩაცმის სტილი უნდა იყოს ოფიციალური (საქმიანი). მოსამსახურეებს მოეთხოვებათ, სამსახურში ყოფნის დროს ყურადღება მიაქციონ გარეგნულ იერსახეს, წესრიგში ჰქონდეთ ჩაცმულობა და სხვა აქსესუარები.

 

მუხლი 8. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი. შრომის დისციპლინის დაცვა (29.03.2017 №111/3)

 

1. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი იმავე დღეს აცნობოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

2. მოსამსახურეზე დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის გახსნის შემთხვევაში აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ამის შესახებ იმავე დღეს წერილობით აცნობებს აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტს. საკადრო საკითხთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში შეტანას.

3. სამუშაო დროს მოსამსახურის პარლამენტის სასახლეში საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს აღნიშნული მიზეზის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში შეტანას. ამ ინფორმაციის სისწორისთვის პასუხისმგებელია აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 9 შინაგანაწესის დამტკიცება და

მოსამსახურეთათვის გაცნობა
 

1. შინაგანაწესს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის.

3. აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი, ხოლო მოსამსახურე  ვალდებულია შინაგანაწესის გაცნობა დაადასტუროს ხელმოწერით. ხელწერილი  შინაგანაწესის  გაცნობის  თაობაზე  ერთვის  მოსამსახურის  პირად  საქმეს.

4. შინაგანაწესი განთავსდება პარლამენტის სასახლეში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას სპეციალურ დაფაზე.

5. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს დაეკისრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა. (29.03.2017 №111/3)

6. შინაგანაწესში ცვლილებები შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.