საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესი



დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

2012 წლის 1 მარტის №18/3 ბრძანებით

 
საქართველოს პარლამენტის აპარატში
სტაჟირების გავლის წესი 

თავი I. ზოგადი დებულებანი 


მუხლი 1

1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლას.
2. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და მათ მიერ პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით საქართველოს პარლამენტის აპარატი მათთვის უზრუნველყოფს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის პირობებს.
3. სტაჟირება არის საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში (დეპარტამენტები, მანდატურის სამსახური (შემდგომ − სამსახური), საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, კომიტეტების აპარატები, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის (შემდგომ − დროებითი კომისია) აპარატი) ამ წესით რეგულირებული, აუნაზღაურებელი საქმიანობა.


თავი II. სტაჟიორთა შერჩევა.
სტაჟირების გავლის კომისია
 

მუხლი 2
1. საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟიორი მიიღება კონკურსის წესით.
2. სტაჟირების კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
3. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი სპეციალობა.
4. სტაჟირების კონკურსი ცხადდება პარლამენტის ვებგვერდზე (www. parliament.ge). კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) სტაჟირების კონკურსის ჩატარების ადგილის, დროისა და ფორმის შესახებ;
ბ) სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
გ) სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო კრიტერიუმების შესახებ;
დ) სტაჟირების კონკურსზე გასაუბრების თემატიკის შესახებ.
5. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის სახელზე (დანართი №1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) დახასიათება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან სამუშაო ადგილიდან;
დ) აპლიკაციის ფორმა (დანართი №2);
ე) დიპლომის ასლი;
ვ) ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4).
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარმოსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 დღის ვადა.

მუხლი 3
1. საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის ორგანიზების მიზნით იქმნება სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომ – კომისია).
2. კომისია შედგება თავმჯდომარის, მდივნისა და წევრებისაგან.
3. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
4. კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს ბრძანებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
5. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.
6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 4
1. სტაჟირების კონკურსი ტარდება გასაუბრების ფორმით. გასაუბრების თემატიკას განსაზღვრავს კომისია.
2. გასაუბრება ტარდება განცხადებების მიღების ვადის გასვლის დღიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
3. სტაჟირების გავლის მსურველი გასაუბრებას გადის კომისიის წინაშე.
4. სტაჟირების გავლის მსურველი გასაუბრებისას ფასდება დადებითად ან უარყოფითად.
5. გასაუბრების შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების გავლის მსურველის დადებითად შეფასების შემთხვევაში – მისი სტაჟიორად მიღების და მისი საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულში განაწილების თაობაზე;
ბ) სტაჟირების გავლის მსურველის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში – მის სტაჟიორად მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
6. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სტაჟიორებს საქართველოს პარალამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში ბრძანებით ნიშნავს საქრთველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
7. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს პარლამენტის აპარატის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 3 სტაჟიორისა.


თავი III. სტაჟირების გავლა.
სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები


მუხლი 5
საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის ვადაა 6 თვე.

მუხლი 6
1. სტაჟირების გავლის ორგანიზებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტი, ხოლო სტაჟირების გავლის პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობს სტაჟირების

კოორდინატორი (შემდგომ – კოორდინატორი) – ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი.
2. კოორდინატორი უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებთან, პარლამენტის კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეებთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნებთან, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებისა და სამსახურის ხელმძღვანელებთან, აგრეთვე, სურვილისამებრ, საქართველოს პარლამენტის წევრებთან სტაჟიორთა შეხვედრების ორგანიზებას. ამ შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებს აქტუალურ თემებზე საუბარსა და დისკუსიას.

მუხლი 7
სტაჟიორთა სამუშაო კვირის ხანგრძლივობაა 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო დრო იწყება 10.00 საათზე და მთავრდება 18.00 საათზე. შესვენებაა 14.00 საათიდან 15.00 საათამდე.

მუხლი 8
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს მისთვის საჭირო სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ნორმატიულ აქტებსა და სხვა მასალებს, ისარგებლოს სათანადო საცნობარო და ანალიტიკური ინფორმაციით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ბ) საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს ამ ერთეულის მიერ მოწვეულ სხდომებს, თათბირებსა და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) იხელმძღვანელოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით და საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით;
ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალება;
გ) გაეცნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფეროს, სათანადო ნორმატიულ აქტებს, მუშაობის სპეციფიკას, საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას;
დ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობაში, რაც გულისხმობს როგორც ამ ერთეულის თანამშრომელთა ტექნიკურ დახმარებას, ისე ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებას (მასალების თარგმნა, წერილების პროექტების მომზადება, დოკუმენტების იურიდიული მხარის მოწესრიგება, ნორმატიული აქტების მოძიება);
ე) შეისწავლოს საკანონმდებლო პროცესის სხვადასხვა სტადიაზე მიმდინარე მუშაობის თავისებურებები, რაც მოიცავს პროცესს კანონპროექტის ინიციირებიდან პარლამენტის მიერ საბოლოო რედაქციით მიღებამდე; გაეცნოს პარლამენტის საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმებს;
ვ) გაეცნოს საქართველოს პარლამენტის სტრუქტურას, მის აპარატს და აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების სახით შემავალი დეპარტამენტების, სამსახურის, კომიტეტების აპარატების, აგრეთვე საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის საქმიანობას;
ზ) გაეცნოს პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამდივნოების საქმიანობას;
თ) გაეცნოს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას;
ი) გაეცნოს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგს; დაესწროს პარლამენტის პლენარულ სხდომებსა და კომიტეტების სხდომებს.

მუხლი 9
1. სტაჟირების გავლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის აპარატის თითოეული სტრუქტურული ერთეულის სტაჟიორები ერთობლივად ამუშავებენ ამ სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე თემას, რის შემდეგაც ეწყობა მისი განხილვა. კომიტეტის/დროებითი კომისიის აპარატის სტაჟიორების მიერ დამუშავებული თემა განიხილება შესაბამისი კომიტეტის/დროებითი კომისიის იმიტირებულ სხდომაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თემის განხილვას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეულის სტაჟიორები, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და კოორდინატორი. საუკეთესო თემა გამოვლინდება ფარული კენჭისყრით, რომელშიც მონაწილეობენ ყველა სტრუქტურული ერთეულის სტაჟიორები. თემის განხილვის შედეგები ეცნობება კომისიას.
 

თავი IV. საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მოვალეობები სტაჟიორთა მიმართ


მუხლი 10
1. საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სტაჟიორებს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენისათვის.
2. საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სტაჟიორებს აძლევს დავალებებს, განუსაზღვრავს მათი შესრულების ვადებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.


თავი V. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლები


მუხლი 11
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟიორის მიერ სტაჟირების პერიოდში 5 დღის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოუცხადებლობა;
ბ) სტაჟიორის მიერ დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) სტაჟიორის მიერ ამ წესის მოთხოვნათა უხეში დარღვევა;
დ) სტაჟიორის მიერ სხვა დაწესებულებაში პრაქტიკის ან სტაჟირების გავლის ან სამსახურის დაწყების ფაქტის გამოვლენა, თუ ეს ხელს უშლის საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის პროცესს;
ე) სტაჟიორის პირადი ინიციატივა;
ვ) სტაჟირების ვადის გასვლა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან/და საკადრო საკითხთა დეპრტამენტის უფროსის წარდგინების, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე.


თავი VI. სტაჟირების გავლის შედეგების შეფასება


მუხლი 12
1. სტაჟირების გავლის შედეგებს აფასებს კომისია.
2. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები კომისიას წარუდგენენ სტაჟიორთა მიერ სტაჟირების გავლის პერიოდში
განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე მათ დახასიათებებს.
3. კომისია სტაჟიორის მიერ სტაჟირების გავლის შედეგებს აფასებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახასიათებისა და ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თემის განხილვის შედეგების საფუძველზე და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟიორის მიერ სტაჟირების გავლის შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟიორის მიერ სტაჟირების გავლის შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
4. სტაჟიორის მიერ სტაჟირების გავლის შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა (სერტიფიკატი), რომელსაც ხელს აწერს პარლამენტის აპარატის უფროსი. სტაჟიორის მიერ სტაჟირების გავლის შედეგების უარყოფითად შეფასების შემთხვევაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა (სერტიფიკატი) არ გაიცემა.


თავი VII. დასკვნითი დებულება


მუხლი 13

ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.