პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა

11 ნოემბერი 2019
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა

პარლამენტის ბიუროს სხდომამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგსა და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.

არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს თავდაპირველად მიაწოდა ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან გამართულ შეხედრაზე, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს პოზიტიურ დღის წესრიგს ევროსაბჭოს გენერალური მდივნისგან ცალსახა მხარდაჭერა აქვს.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ცალსახა მხარდაჭერა აქვს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისგან. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი და რეფორმები, ის გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სათანადოდ დანახული და დაფასებული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

არჩილ თალაკვაძე მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან გამართულ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც, მისივე შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა. 

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც, ერთგვარად, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის, საქართველოში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის გაძლიერების პროცესის მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობაა. ეს ექვსთვიანი პერიოდი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რათა საქართველომ კიდევ უფრო ხმამაღლა, კიდევ უფრო გაბედულად შეიტანოს დღის წესრიგში ის საკითხები, რომელიც, პირველ რიგში აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ასევე, საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული საზოგადოებისთვის და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე. პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია შესული. კანონმდებლები 70-ზე მეტი საკითხის განხილვას გეგმავენ, რომელთა შორის არის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

განსახილველ საკითხთა შორისაა: პარლამენტის დადგენილების პროექტი „ვანო ზარდიაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“. მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მეორე მოსმენით განსახილველი საკანონმდებლო პაკეტები: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ა. შ.

მიმდინარე სასესიო კვირას მინისტრის საათზე პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათელა თურნავას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლები. 

პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამის კომიტეტებში განხილვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 

ბიურომ ასევე იმსჯელა „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ პარლამენტში შემდგომი განხილვის თაობაზე. ამ ინიციატივის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს არჩევითი და, შესაბამისად, კანონპროექტი არეგულირებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას.

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის პოზიციის მიხედვით, აღნიშნული საკითხი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისევე, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში, უნდა მოწესრიგდეს პირველ რიგში კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირებისა და შემდგომ, მისი მიღების შემთხვევაში, ამის საფუძველზე, უკვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში სათანადო ცვლილების განხორციელების გზით. 

საკითხის განხილვას ფართო დისკუსია მოჰყვა. ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუბრუნდეს კანონპროექტი ინიციატორებს კანონპროექტის ინიცირებისათვის სათანადო პროცედურის განხორციელების მიზნით. 

დასასრულ, ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

გალერეა

  • პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა, 2019 წლის 11 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა, 2019 წლის 11 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა, 2019 წლის 11 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა, 2019 წლის 11 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა, 2019 წლის 11 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა, 2019 წლის 11 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა, 2019 წლის 11 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა, 2019 წლის 11 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა, 2019 წლის 11 ნოემბერი