პარლამენტის ბიუროს სხდომა

05 ოქტომბერი 2020
პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გრაფიკზე შეთანხმდნენ.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, განხილვის პროცესი 6 ოქტომბრიდან კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში დაიწყება, ხოლო 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. მისი განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომრისათვის დასრულდება, რის შემდგომ მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს, რაზეც წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.

ბიუროს 2021 წლის სახელიმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი თანმდევ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე მაკროეკონონიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ჩადებულია ინფლაცია 3%-ის ოდენობით, ხოლო დეფიციტი არის 5,1%. რაც შეეხება ასიგნებებს, როგორც ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, ის შეადგენს 17, 07 მლრდ ლარს. მისივე თქმით, გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და ის დაგეგმილი იქნება 10,4 მლრდ ლარის ფარგლებში.

„ყველა ის ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, ამ პროექტის მიხედვით არის შენარჩუნებული იგივე, პენსიებთან დაკავშირებით, პედაგოგების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, ჯარისკაცებთან და აგრეთვე პოლიციელებთან დაკავშირებით“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

„პოზიტიური და ოპტიმისტურია ის, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, რაც მიუთითებს, რომ ეკონომიკის სტაბილიზაციის და მისი აღდგენისთვის მიღებული გადაწყვეტილებები და პოლიტიკა იძლევა ამ ოპტიმიზმის საშუალებას, ასევე, 2021 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე და მთავრობის მიზანი და გეგმა არის, რომ ის 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ბიუჯეტის პროექტის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, დეტალური განმარტებები გააკეთა. 

„მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას გეგმავს მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტით, ასევე, ამ დოკუმენტში მოცემულია საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა, 609,7 მილიონი ლარით. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ყურადღებას გავამახვილებდი, არის ის, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტით 2021 წლის 1 იანვრიდან გათვალისწინებულია როგორც 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა, ასევე განსაზღვრულია 70 წელზე ზევით ასაკით პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა უფრო მეტად, ვიდრე ეს 70 წლამდე პენსიონერებს ეხებათ. თუმცა, ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის პენსიის ზრდა არის ამ ბიუჯეტში გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის სოციალური დახმარებისთვის როგორც იყო პირობა მიცემული, ბიუჯეტში ასახულია 60 მილიონიანი პუნქტი, რომელიც კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას მოხმარდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ გაიზარდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, რაც, თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს, გარდა ამისა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა და მიგრანტთა ხელშეწყობის ხარჯები. მისივე ინფორმაციით, 199 მილიონი ლარით გაიზარდა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სფეროს დაფინანსება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული მიმართულება, გლობალური პანდემიისა და მისგან მიყენებული ზიანის მიუხედავად, ხელისუფლების პრიორიტეტად რჩება.

„განათლება, მიუხედავად გლობალური პანდემიისა და აქედან მიღებული ზიანისა, რჩება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტად, ესეც, თავის მხრივ, კავშირშია გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებასთან და იმ პირობასთან, რომელიც ჩვენ საზოგადოებას მივეცით განათლების სფეროს რეფორმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღესვე, ბიუროს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად წარედგინა.

„საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ეს არის სექტორი, რომლიც შეგვიძლია განვავითაროთ. ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია საქართველოში, მაგრამ აგროტურიზმი, როგორც ცალკე ინდუსტრიული მიმართულება არ არის განვითარებული. ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და დამატებითი შემოსავლის მიღებას სოფლებში. მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად განავითარებს ტურისტულ მომსახურებას და მესამე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდება ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, მათ შორის, სახელმწიფოს ჩართულობა და შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი შეღავათები მიიღონ ფერმერებმა და უფრო მეტი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდეს აგროტურიზმის მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ბიურომ ლევან კობერიძის ინიციატივას, საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე მხარი არ დაუჭირა.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ წინა სესიაზე, შეიტანა ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სავალდებულოა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და მათი ლიდერებისთვის მონაწილეობა მიიღონ ღია, პოლიტიკური დებატებში. ჩვენ ვასრულებთ ამ ვალდებულებას იმ ვადებში და იმ ფორმით, როგორც ეს კანონით არის დადგენილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად არის ის ნეიტრალური მოედანი, რომელიც ჰქმნის თანაბარ პირობებს ყველა მხარისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ლევან კობერიძის საკანობნმდებლო ინიციატივა გულისხმობს იგივე სტანდარტის გავრცობას სხვა საერთო მაუწყებლებზე. „ეს ნიშნავს რომ ბატონ ლევანს მოსწონს ის სტანდარტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში დაადგინა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განმარტებით, ევროპის საბჭოს პრინციპების თანახმად, არ არის რეკომენდირებული, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები არჩევნებთან ახლო პერიოდში შევიდეს. „ევროსაბჭოს პრინციპია, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე რაიმე სახის ცვლილება არ შევიდეს საარჩევნო კოდექსში, მაგრამ ეს იყო შეთანხმებული ჩვენს საზოგადოებასთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და საერთაშიროსი პარტნიორებთან. შესაბამისად ახლა, მით უფრო, დაჩქარებული წესით კიდევ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა ეს ის საკითხია, რომელზეც აქ ყველამ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს წევრებმა წარმოდგენილ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

დღესვე ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 5 ოქტომბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 5 ოქტომბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 5 ოქტომბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 5 ოქტომბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 5 ოქტომბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 5 ოქტომბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 5 ოქტომბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 5 ოქტომბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 5 ოქტომბერი