პარლამენტის ბიუროს სხდომა

05 მარტი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეტ-ნაკლებად მოკლებულია საფუძველს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ კრიტიკულ მოსაზრებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესთან და კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ იმ ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რომლითაც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა. მისი განცხადებით, კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის ინტერესები გათვალისწინებულია და იმ კანდიდატებზე, რომელსაც კომისია შეარჩევს ყველა პარტიას მიუწვდება ხელი. მისივე თქმით, კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები საფუძველს მოკლებულია.

„კომისიის შემადგენლობა არის განახლებული და კომისიაში სამივე საპარლამენტო პარტიას ჰყავს მისივე დასახელებული კანდიდატურა. ასევე წარმოდგენილია კანდიდატურები ომბუდსმენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რეგლამენტით მონიჭებული, რომ ოთხივე კანდიდატი ავიყვანოთ პარტიული პრეფერენციებიდან გამომდინარე, თუმცა დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგები, გავითვალისწინებთ თუ არა ოპოზიციის ინტერესებს. კომისიის შემადგენლობაში ეს ინტერესები გათვალისწინებულია. შესაბამისად, ყველა პარტიას მიუწვდება ხელი იმ კანდიდატებზე, რომელსაც კომისია შეარჩევს. 12 კანდიდატი უნდა წარმოადგინოს კომისიამ და პრეტედენტი არის 14, ამაზე მეტი დისკრეცია კომისიას არ აქვს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეტ-ნაკლებად მოკლებულია საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დისკუსია სხდომაზე საორგანიზაციო საკითხების განხილვისას, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, თინათინ რუხაძის მიერ წარმოდგენილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების საკითხს მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესზე და კომისიის შემადგენლობაზე კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პოზიტიური მიზნები და ამოცანა არის, რომ ცვლილებებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოციალური გავლენა შეიძინოს.

„რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩემთვის პირადად მიუღებელია საუბარი იმაზე, რომ ნდობა მცირდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მკვდარი და ცვლილებებიც სწორედ ამიტომ მივიღეთ. მოლოდინი იყო, რომ რეორგანიზაციის შემდეგ გაიზრდება რეიტინგი, დაველოდოთ პროცესების განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ 50 მლნ არ იყრებოდეს „მკვდარ“ ტელევიზიაში. ვგულისხმობ იმას, რომ თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს სოციალური გავლენა, მაშინ მის არსებობას აზრი არ აქვს და ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი ამას ნიშნავს სწორედ. ამოცანა არის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძინოს სოციალური გავლენა და ამოცანა არის, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ. გვაქვს პოზიტიური მიზნები და ამოცანები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ მედიაში და ერთ-ერთ ტელევიზიაში გავრცელებულ ინფორმაცისაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კონკრეტული კანდიდატის გაყვანის შესახებ გარკვეულ პირთა შორის დახურული კონსულტაციები გაიმართა.

„ეს ინფორმაცია რომ გამოქვეყნებულიყო იქამდე, ვიდრე გამოქვეყნდებოდა კანდიდატთა სია, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ 14 კაციან სიას რომ ელოდები და მერე ამოარჩევ პიროვნებას, რომელიც შეიძლება სავარაუდოდ ვინმემ აარჩიოს, ეს ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩნდება კითხვა, რომ უნდათ ვიღაცის დაბლოკვა, ვიღაცის წარდგენის შეფერხება. გუშინ რაც ვიხილეთ, დამაჯერებლობას იყო მოკლებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის ვადის ორი თვით გადადების წინადადება დააყენა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მთავარ მიზანთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რჩება რიგი ტექნიკური საკითხებისა, რომლებიც დამატებით კონსულტაციებს და შეთანხმებებს საჭიროებს.

„მთავარ მიზნებთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმება მიღწეულია - ეს არის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, რომ მომავალში ნარკოტიკების ზიანისგან ჩვენი შვილები, ახალგაზრდები, მომავალი თაობა დავიცვათ და ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს ებრძოლოს. შევთანხმდით, რომ ნარკოდამოკიდებული პირებისთვის შევქმნათ და ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რომ შეუფერხებლად მიიღონ მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების სერვისები. ასევე შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, სადაც ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული მონაცემები, ინფორმაცია თავს მოიყრის, მოხდება ანალიზი და გადაწყვეტილებები ამაზე იქნება დაფუძნებული. აღნიშნული საკითხების გარშემო არის არაერთი ტექნიკური საკითხი, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება სრულად მიღწეული არ არის. ამიტომ კარგი იქნება, თუ კანონპროექტის განხილვამდე კიდევ ავიღებთ ორთვიან ვადას და ასევე საბოლოოდ შევაჯერებთ, თუ რა რესურსები დასჭირდება პრევენციისა და სერვისების გაფართოებას. გთავაზობთ, საკომიტეტო განხილვების ვადა, რომელიც დღეს იწურება, აღნიშნული ვადით გადავწიოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წინადადებას ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს 7 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო.

ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმსჯელეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პარლამენტში უმრავლესობის და უმცირესობის სახელით ინიცირებულია ორი რეზოლუციის პროექტი, რომელთა განხილვა პრიორიტეტულია. შესაბამისად, მისივე განცხადებით, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა აღნიშნული რეზოლუციების პროექტების განხილვას დაეთმობა.

მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები 30-მდე საკითხს სხვადასხვა მოსმენით განიხილავენ.

ბიუროს შემდეგი სხდომა, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში 7 მარტს, 11.30 საათზე გაიმართება.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 მარტი