პარლამენტის ბიუროს სხდომა

01 ივნისი 2020
პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომაზე, დღის წესრიგის განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს, ახალგაზრდებთან და ბავშვებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი, UNICEF-ის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი ესწრებოდნენ,  ბავშვის უფლებათა დაცვის ძირითადი საკითხები, ახალი საჭიროებები და ახალი ინიციატივები განიხილეს.

„ძალიან იმედისმომცემი იყო ჩვენთვის, როდესაც მოვისმინეთ მნიშვნელოვანი კითხვები, ინიციატივები, მოსაზრებები ბავშვების მხრიდან. ვისაუბრეთ, თუ როგორ ვახერხებთ ჩვენ, სახელმწიფო იმ სერვისების მიწოდებას და იმ პრობლემებზე რეაგირებას, რომლებიც ამ სფეროში რჩება.  გაწეულ სამუშაოსთან ერთად, დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ შევაჯამოთ რა საქმე გაკეთდა, მაგრამ ამავე დროს, ვისაუბროთ რა პრობლემები რჩება. მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო ჯერ კიდევ ბევრი ბავშვი, ბევრი ოჯახი ვერ ბრუნდება სახლში და რჩება დევნილობაში, რაც, ბუნებრივია ბავშვების განვითარებაზეც ახდენს გავლენას“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დგას საჭიროება ბევრი ბავშვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, ხარისხიან განათლებაზე, რაც რჩება ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის დღის წესრიგში.

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ახალი სერვისის, ბავშვთა უფლებების საკითხებზე ცხელი ხაზის 111-ის შექმნის შესახებ და მან მოუწოდა ყველას, ვისაც ბავშვთა უფლებების პრობლემასთან დაკავრებით ინფორმაციის მიწოდება სურს, დღეიდან უკვე ისარგებლოს ამ სერვისით

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რომ თითოეულმა ბავშვმა იცხოვროს უსაფრთხო, დაცულ, სამართლიან და თანასწორ გარემოში, რომ  ამისათვის აუცილებელი რეფორმები  გატარდეს და არსებობდეს სათანადო კანონმდებლობა.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შესახებ.

მისი განცხადებით, ეკონომიკის ამუშავების ის გეგმა, რომელიც შემუშავდა, ხორციელდება, შეზღუდვების მოხსნის პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესში ბევრად მეტი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული მოქალაქის მხრიდან იმ რეკომენდაციების და წესების შესრულებას, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე, მისი თქმით, არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც არ იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და წესებს, მან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს მიმართა, რომ დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამ  წესების ადმინისტრირებას უკავშირდება.

მან ასევე თითოეულ მოქალაქეს მიმართა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ წესების დაცვა, რომ ასეთი დარღვევები უკავშირდება ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს, რაც სხვა ადამიანების ჯანმრთელობასაც უქმნის პრობლემას.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე  არჩევნების, საარჩევნო პროცესისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ასპექტების შესახებაც ისაუბრა,

„ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებებზე, რომელიც წინასწარ იქნება ცნობილი ოპოზიციისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის, შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ამავე დროს კამპანიას და არჩევნების დღეს გახდის დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციები და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ გაამახვილა ყურადღება, ეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

მისი თქმით, ახლახან ჩატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის სხდომაზე დაიგეგმა, რომ პირველი საჯარო განხილვა გაიმართება 4 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, სადაც ხელისუფლებას და ოპოზიციას ექნება საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით წარადგინოს საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები და უპასუხოს საზოგადოების კითხვებს, რომელსაც წინასწარ შეკრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მისივე თქმით, ერთ კვირაში გაიმართება მეორე საყოველთაო საჯარო განხილვა, რომელსაც უმასპინძლებს აჭარის ტელევიზია, სადაც იმავე პრინციპით წინასწარ შეკრებენ შეკითხვებს და პოლიტიკოსები პირდაპირ ეთერში უპასუხებენ მას. ს

ახალხო განხილვების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევარში პარლამენტი  პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

მან კიდევ ერთხელ საჯაროდ მოუწოდა ოპოზიციას და უმრავლესობის წარმომადგენლებს მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში, რათა რაც შეიძლება ფართო შეთანხმებით მოხდეს ცვლილებების მხარდაჭერა, რომელზეც  პასუხისმგებლობა აღებული აქვს  როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენი პირობა ძალაშია, რომ ჩავატაროთ მაქსიმალურად თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები,  ჩვენ აუცილებლად გამოვიყენემთ ამ შესაძლებლობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის განვითარებას და არჩევნები არის ამის კიდევ ერთი შესაძლებლობა“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა.

„ჩვენ  უკვე ვართ საარჩევნო პროცესში. რაც შეეხება განხილვებს, თქვენ იცით, რომ აქ მთავარია 8 მარტის შეთანხმების საკითხი, რომელიც არის კოსტრუქტივიზმის საფუძველი და ეს არის მთავარი. მოგვიწოდებენ პარტნიორებიც, რომ შევასრულოთ შეთანხმება და გაცილებით გაადვილდება იმ კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნა და მიღება ამ ცვლილებების, რომელზეც თქვენ საუბრობთ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ამის შემდეგ ბიურომ განიხილა მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგი, რომელსაც რამდენიმე ახალი ინიციატივა დაემატა.  წარმოდგენილი კანონპროექტები კომიტეტებს გადაეცა განსახილველად.

ასევე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები. ბიუროზე ითქვა, რომ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის მოხსენება წარედგინება საგაზაფხულო სესიაზე, რომლის თარიღიც  პრემიერისა და თავმჯდომარის კონსულტაციის შემდეგ განისაზღვრება.

პარლამენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ასევე ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.

პლენარულ სხდომაზე განიხილავენ სახალხო დამცველის და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშებსაც.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, ვინც გასული კვირის განმავლობაში,  ხანგრძლივი სხდომების დროს, როგორც რეალურ რეჟიმში, ასევე დისტანციურად იყო ჩართული, რომ სხდომები ჩატარებულიყო ეფექტურად და ამომწურავად, გაწეული სამუშაოსთვის.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ თანამშრომლებთან მიმართებაში არსებული  მენეჯმენტი კორონავირუსთან დაკავშირებით რჩება ძალაში.