პარლამენტის ბიუროს სხდომა

04 ნოემბერი 2019
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელზეც 12-15 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განიხილებოდა, „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციების მიერ მომზადებულ - „საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, ბიუროს წევრებმა განცხადებები გააკეთეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, აღნიშნული დადგენილების პროექტი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შეწყალებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა.

„გამოიკვეთა როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები და სავარაუდოდ შეიძლება კრიმინალურიც. პროკურატურამ როგორც ვიცით გამოძიება დაიწყო, თუმცა ერთ თვეზე მეტი გავიდა და არანაირი შედეგი მათ მიერ დადებული არ არის. ამიტომ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და პარლამენტი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას უნდა დაელოდოს.

„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილს შეწყალებული ყავს თითქმის 40 ათასი მსჯავრდებული, აქედან ასობით მკვლელი, ასობით მოძალადე მცირეწლოვნებზე. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის პრობლემა და როდესაც პრეზიდენტ მარგველაშვილის დროს ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის პრობლემა და ვითხოვდით კონსტიტუციაში და შემდეგ კანონმდებლობაში, განგვეხორციელებინა საკანონმდებლო ცვლილებები, მაშინ ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტზე ვძალადობდით და შეწყალების ინსტიტუტის დისკრიმინაციას ვახორციელებდით. დღეს, როგორც კი კითხვის ნიშნები გაჩნდა, უმრავლესობას აქვს პრინციპული პოზიცია. პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა, რათა შეწყალების ინსტიტუტის მიმართ ყოფილიყო სახალხო კონსენსუსი და უკვე მიღწეულია შედეგი, რომ შეწყალება იქნება ბევრად უფრო ცივილურ ფორმებით გადაწყვეტილი“, - განაცხადა გიგა ბუკიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ ოპოზიციას 2007 წლის დეკემბერში გამოცემული პრეზიდენტის შეწყალების აქტი შეახსენა და ისინი პოპულიზმში დაადანაშაულა.

„ეს იყო 2008 წლის რიგგარეშე არჩევნები, რომელიც 5 იანვარს დაინიშნა. ზამთარში, უბედურების და სისხლისღვრის შემდეგ, რომელიც 2007 წელს მოხდა. დეკემბერში გამოვიდა შეწყალების აქტი, სადაც ათასამდე ადამიანი შეიწყალეს და თან კი არ გამოუშვეს, ჯერ ყველას პირობა დაადებინეს, რომ 500-500 ხელმოწერას მოიტანდნენ იმისთვის, რომ არჩევნებში მხარს დაუჭერენ სააკაშვილის კანდიდატურას. ეს არის ამათი შეწყალებები. ამის ფონზე გამოდიან ახლა და გვეთამაშებიან ჩვენ, საზოგადოებას ვითომ ძალიან კეთილშობილები, ჰუმანურები და ძალიან აღელვებულები არიან შეწყალების პროცესებთან დაკავშირებით. იმ ათას კაცში რამდენი იყო ნარკომანი და რამდენი მკვლელი არც არავის შეუსწავლია. ყველამ იცის ეს ამათ გარდა. ყველას ახსოვს, ვინც რაიონებში, ქალაქებში ცხოვრობდნენ, როგორ დადიოდნენ ეს გაუბედურებული ადამიანები და ითხოვდნენ მეზობლებისგან, ნათესავებისაგან ხელი მოეწერათ, ტელეფონის ნომერი ჩაეწერათ და მისულიყვნენ არჩევნებში, იმისთვის რომ სააკაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. ეს არის ამათი პოპულიზმის შინაარსი“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საგამოძიებო მოქმედებებს უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.

„ჩვენ ეჭვი გვეპარება გამოძიების ობიექტურობაში, ვინაიდან ყველა გამოძიებაში სადაც არის ხელისუფლება ჩარეული და სადაც იკვეთება ხელისუფლების დანაშაული, გამოძიება „ჩაიფარცხა“. გამოძიების არცერთი პროცესი ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და ჩვენ არ ვენდობით გამოძიებას. ამიტომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა შედის თქვენს ინტერესებშიც. იმ შემთხვევაში თუ არ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, მაშინ გაძლევთ პირობას, რომ ამ საკითხს ავწევთ ერთი საფეხურით მაღალ დონეზე და დავაყენებთ იმპიჩმენტის საკითხს“, - აღნიშნა ფრაქციის ხელმძღვანელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციატორებთან ერთობლივ კომისიაში მუშაობის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჭეშმარიტების დასადგენად იგი ერთობლივი საქმიანობის აზრს ვერ ხედავს, რადგან ოპოზიციის მისწრაფება მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას უკავშირდება.

„რა საკითხზეც არ უნდა იყოს ამ ძალასთან თანამშრომლობა პარლამენტში, მათ შორის, კომისიის საკითხებში - აზრი არ აქვს. ერთი იყო, როდესაც ვიმუშავეთ კარგად და რეალურად, საგარეო კურსის თაობაზე გვქონდა შეთანხმება 2013 წელს და შემდეგ, 2016 წელს, თუმცა, მაინც იქით ჩიოდნენ, რომ „დავიყოლიეთ“ და „გავაკეთებინეთ“, თორემ ესენი არ აპირებდნენო. მაშინაც კი, იყო ისეთი დესტრუქცია და მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი, რომ ამათთან ერთად საგარეო კურსთან დაკავშირებით რაიმე მიგვეღო. თუმცა დოკუმენტი ჩვენი იყო, ჩვენს დოკუმენტს დაეთანხმნენ და კიდევ იქით დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ არაგულწრფელები ვართ. აქედან გამომდინარეობს ის დამოკიდებულება, რომელიც მე და ჩემს ბევრ კოლეგას ნებისმიერი სტრუქტურის, ნებისმიერი ერთობლივი საქმიანობის ფორმატის შექმნის თაობაზე გაგვაჩნია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა და მათი ოპოზიციის მოქმედებები „პერფორმანსის“ გამართვას შეადარა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის, შევარდნაძის და ა.შ. პერიოდში არსებულ შეწყალებებზე, იმას კი არ ვამბობთ, რომ რახან მაშინ რაღაც არასწორად კეთდებოდა დღევანდელ ეტაპზეც ვინმეს უფლება აქვს, რომ რამე არასწორად გააკეთოს. გაეცით საზოგადოებას პასუხი რამდენი კაცი აგროვებდით იმპიჩმენტზე ხელმოწერებს, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა. დღეს სამართალდამცავი სტრუქტურები თავის საქმეს აკეთებენ. თქვენ რომ საგამოძიებო კომისია მართლა ცირკისთვის და პერფორმანსებისთვის არ გჭირდებოდეთ, შეიძლება საზოგადოებამ ეს ფორმატი კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს. ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიის შემსწავლელმა კომისიამ დაადასტურა, რომ თქვენთვის ჭეშმარიტება არ არსებობს. ერთადერთი ჭეშმარიტება „ევროპული საქართველოსთვის“ და ოპოზიციისთვის არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, მეტი ჭეშმარიტება მათთვის არ არის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დადგენილების პროექტი პლენარული სხდომების განსახილველ საკითხებს დაემატება.

სხდომაზე ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელებას შეეხებოდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კოლეგებს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის“ განხილვის განრიგი გააცნო და ყურადღება საანგარიშო პერიოდის შემოსულობებზე გაამახვილა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 9 თვის მონაცემებით გადაჭარბებით შესრულდა და 154 მლნ. ლარზე მეტი შემოსულობა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 322 მლნ. ლარზე მეტია.

ბიუროს სხდომის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა.

„ამ კვირაში, რომელიც საკომიტეტო კვირაა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა და პრაქტიკულად ამ კვირაში კანდიდატთა მოსმენის პროცესი სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ატარებს ამ პროცესს საქართველოს პარლამენტი. ამის შემდეგ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ პარლამენტი მოემზადება კანდიდატების კენჭისყრისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს კვირაც ჩატარდება ისეთივე მაღალი სტანდარტით, გამჭვირვალობით და დემოკრატიული პრინციპების დაცვით, როგორც სხვა კანდიდატების მოსმენისას. ყველა დაინტერესებულ მხარეს - საპარლამენტო ოპოზიციას, საკონსტიტუციო ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, რომ თვალი ედევნებინა მოსამართლეთა მოსმენის და მათი კანდიდატურების განხილვის პროცესისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 4 ნოემბერი