პარლამენტის ბიუროს სხდომა

19 თებერვალი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიურომ 21-23 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.

პარლამენტი, 21 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებზე.

მიმდინარე სასესიო კვირაში დაგეგმილა 50-ზე მეტი საკითხის განხილვა.

პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იქნება განხილული კანონპროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ცვლილებები ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს სიახლეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით.

პირველი მოსმენით იქნება, ასევე, განხილული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.

კანონპროექტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.

შემოთავაზებული ცვლილებებით, წესრიგდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების დაკისრების წესი. კანონპროექტით ამომწურავად რეგულირდება სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულების წესი, კერძოდ, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით - სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

მიმდინარე სასესიო კვირაში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ განხილვა.

რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა ქცევის წესების დადგენასა და შესაბამისი რეგულაციების შემოღებას, ხოლო დადგენილების პროექტით კი, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება ხდება.

პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე“ კანონპროექტს. წარმოდგენილი ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ხარჯზე იურიდიული დახმარებით ისარგებლოს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა, არამედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლმაც, როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში მომხდარი ძალადობის შემთხვევაში.

ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხების განიხილეს.

საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ წამყვან კომიტეტად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.

წარმოდგენილი ცვლილებით, საჯარო საქმიანობად არ ჩაითვლება აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, და შესაბამისი აღნიშნული საქმიანობა არ გამოიწვევს სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტას.

ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ 2-3 დღეში გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსების კომიტეტი და ფრაქცია „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც ჰაერის დაბინძურების პრევენციას და ზოგადად, გარემოს დაცვის საკითხს შეეხება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვის საფუძველზე პარლამენტის ბიურომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის ვადა 21 დღით გაახანგრძლივა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფის ფარგლებში, ხვალ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დახურულ ფორმატში, მოისმენენ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 21 თებერვალს, ქუთაისში, ბიუროს სხდომა 11:30 წუთზე დაიწყება, ხოლო პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 19 თებერვალი