ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

15 ივნისი 2020
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გაიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე.

საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

მთავრობის წარმომადგენელმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე, დაგეგმილ ცვლილებებზე და მომდევნო წლის პროგნოზებზე დეტალურად ისაუბრა. 

მისი თქმით, ბიუჯეტი - 4%-იან ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებლით დაიგეგმა; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში 1მლრდ 545 მილიონიანი კლებაა, მისივე თქმით,  თუ ამას დაემატება სხვა შემოსავლები და პრივატიზაციის მაჩვენებლები, ანუ ის წყაროები, რომელიც გრანტების და კრედიტების გარეშე იყო, მაშინ ჯამში დაახლოებით 1 მილიარდ 800 მილიონი ლარის კლებაა.

მომხსენებლის განმარტებით, ერთჯერადი ხარჯების გათვალისწინებით, წელს 8,5%-მდეა ბიუჯეტის დეფიციტი და შემდგომ წლებში, სამი წლის განმავლობაში დაუბრუნდება 3%-იან ნიშნულს. მისი თქმით, ხარჯვით ნაწილის შემცირება მოხდა თითქმის ყველა უწყებაში, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე მუნიციპალურ დონეზე. მისივე განმარტებით, ჯამში 600 მილიონ ლარზე მეტით არის შემცირებული ნაერთი ბიუჯეტი საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტზე შემცირების  დიდი წილი მოდის.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტში ანტიკრიზისული გეგმისთვის განსაზღვრულია 3,4 მილიარდი ლარი.

„450 მლნ. ლარია ჩადებული ბიუჯეტში 200 ლარიანი დახმარებებისთვის 6 თვის განმავლობაში. საგადასახადო შეღავათის კუთხით გათვალისწინებულია 250 მლნ. ლარი, თვითდასაქმებულთა დახმარებისთვის 75 მლნ. ლარი, მოსახლეობის კომუნალური ხარჯებისთვის 170 მლნ. ლარი, სხვადასხვა კატეგორიის სოციალური ჯგუფებისთვის გათვალისწინებულია 85 მლნ. ლარამდე, გარდა ამისა ბიუჯეტში ჩაიდო სტოპკოვიდ ფონდზე მობილიზებული თანხა 133,5 მლნ. ლარი, რომლის ხარჯვაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების ან დაზარალებულთა დახმარებისთვის, საკარანტინე სივრცეებზე გათვალისწინებულია 45 მლნ. ლარი. ჯანდაცვის ხარჯები, პრევენციის ნაწილი და მკურნალობის ხარჯები 285 მლნ. ლარია, ინფრასტრუქტურული კომპონენტი ჯანდაცვაში არის 60 მლნ. ლარი, საკრედიტო საგარანტიო სქემა 330 მლნ. ლარი, სასტუმროების საპროცენტო ხარჯი და სუბსიდირება 70 მლნ. ლარი, ტურისტული ობიექტების ქონების გადასახადებისგან გათავისუფლება 45 მლნ. ლარი და ესეც შემოსავლების შემცირებაშია ასახული, მცირე გრანტების დაფინანსება 20 მლნ. ლარი, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, მათ შორის, დევნილთათვის სახლების შესყიდვა 40 მლნ. ლარი, სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა 139 მლნ. ლარი და ორი მსხვილი კომპონენტი: დღგ-ს დამატებით დაბრუნება 600 მლნ. ლარი, ხოლო კომერციული ბანკების გრძელვადიანი ლიკვიდობის მიწოდება 600 მლნ. ლარი. ყოველივე ამის შედეგად ჩვენ გავდივართ ნაერთ ბიუჯეტში 8,5%-იან დეფიციტზე მშპ-სთან მიმართებაში, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, შემცირებით მცირდება 547 მილიონი ლარით, მაგრამ არის დამატებით 2  მილიარდ ლარზე მეტი ზრდის ნაწილი და საბოლოო ჯამში 1მილიარდ 490 მილიონი ლარით იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შეადგენს 15 მილიარდ 923 მლნ. ლარს. ეს არის ის ძირითადი პარამეტრები რაზედაც წარმოდგენილია ბიუჯეტი და სრულად არის ასახული ის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო შემუშავებული და საზოგადოებისთვის ცნობილია თითოეული ეს პუნქტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა მთავრობის წარმომადგენელს წარმოდგენილი პროექტი დაუწუნა და საკუთარი ფრაქციის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის გეგმა შესთავაზა.

ფრაქციის წინადადებაა, ბიუჯეტიდან ზრდასრულ ადამიანებს 1000 ლარის ხოლო, ბავშვებს 500 ლარის ოდენობით თანხები ერთჯერადი დახმარების სახით გადაეცეთ.

ამავე დროს, როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, უნდა შემცირდეს ქონების და საშემოსავლო გადასახადების ოდენობა.

მისი თქმით, მსხვილ ბიზნესს უნდა გაუნახევრდეს გადასახადი, ხოლო წვრილი და საშუალო  ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს გადასახადისგან, ასევე გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს ის მიკრობიზნესიც რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს. სალომე სამადაშვილის წინადადებით, მოქალაქეებისთვის უნდა მოხდეს საბანკო ვალდებულებების 3 თვით გადავადება და მოხდეს სააღსრულებლო წარმოების შეჩერება.

მომხსენებლის განმარტებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი გეგმა ქვეყნისთვის იქნება ფისკალურად დამაზიანებელი.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პაკეტში სრულადაა ასახული, როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

„ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ფორმირებულია საგარეო და საშინაო ვალებით და მცირეოდენი გრანტით. ეს ბიუჯეტი თავისი მაკროეკონომიკური შინაარსით, რისკებს უქმნის ქვეყანას. ბიუჯეტის ხარჯვა და განაწილება არის არაეფექტიანი. რეალურად ბიუჯეტში არაფერი შემცირდა გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც ვერ განხორციელდა საგანგებო მდგომარეობის გამო. ეს ბიუჯეტი ხალხის მოთხოვნებს არ შეესაბამება, ამიტომ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. რომან გოცირიძემ.

გალერეა

  • ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა , 2020 წლის 15 ივნისი
  • ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა , 2020 წლის 15 ივნისი
  • ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა , 2020 წლის 15 ივნისი
  • ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა , 2020 წლის 15 ივნისი
  • ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა , 2020 წლის 15 ივნისი
  • ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა , 2020 წლის 15 ივნისი