რომან გოცირიძე: შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას

17 სექტემბერი 2020
რომან გოცირიძე: შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. მისი თქმით, ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი.
 
ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, თუ რა დამართეს ქალაქს, პარლამენტს, პარლამენტის ამ უნიკალურ შენობას, რომელიც ფაქტობრივად, ჩამონგრევის პირასაა და მიმდებარე ტერიტორია ბუჩქნარადაა გადაქცეული. რომ არ განმეორდეს ასეთი რამ რომელიმე პარტიის მხრიდან, შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადმოტანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას. ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული. ეს კანონპროექტი გახდება ლოკომოტოვი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა. ეს გახდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქუთაისში მისი მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის მისი დაპირების შესრულების სამართლებრივი საფუძვლის მომზადება. გრიგოლ ვაშაძემ არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ და დღეს უკვე ვიწყებთ ამ პროცესს. ბიუროს მომავალი სხდომიდან მიეცემა უკვე სამართლებრივი მსვლელობა ამ კანონპროექტს და მის განხილვას. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისთანავე ეს კანონპროექტი შევა ძალაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.