სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

12 მარტი 2020
სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შემდგარი პოლიტიკური შეთანხმება იყო.

„სანამ არ შესრულდება ამ მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მიერ აღებული ყველა ის პირობა, რომელიც შეეხება კონკრეტულად ცხრა შემთხვევას - 4 ადამიანს, რომელიც ციხეშია და ხუთი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დევნას, ჩვენი მხრიდან არ იქნება შესაბამისად გაცხადებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ პარლამენტში. ან შესრულდება ყველა ის პირობა, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე, რომელიც აიღო ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ან ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ იქნება მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების.

ეს ის საქმეებია, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების აზრითაც, სწორედ, პოლიტიკური ნიშნით წარმოებული საქმეებია. ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ვითარების ქვეყანაში განმუხტვისთვის და ნორმალურ რეჟიმში პოლიტიკური ცხოვრების გადასვლისთვის აუცილებელია ამ პირობის შესრულება.

საუბარი გვქონდა, ასევე, ორმაგ სტანდარტებზე, რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან კანონის უზენაესობასთან მიდგომას და სხვადასხვა საქმეების გამოძიებას, მათ შორის, სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.

გალერეა

  • სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა, 2020 წლის 12 მარტი
  • სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა, 2020 წლის 12 მარტი