გიგი წერეთელი იტალიის საგანაგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

01 მარტი 2018
გიგი წერეთელი იტალიის საგანაგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

შეხვედრის საუბრის თემას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის საკითხი და აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა წარმოადგენდა. იტალიელმა დიპლომატმა მომხდარ ფაქტზე შეშფოთება გამოხატა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სამწუხარო ინციდენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს, რომელიც კონფლიქტის მოსაგვარებლად ჟენევის ფორმატში სამშვიდობო მოლაპარაკებებს წარმოადგენს, უცვლელად გაგრძელდება.

„არ გვსურს, რომ ამ სამწუხარო ინციდენტმა ჟენევის მოლაპარაკებებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს და პროცესი შეაფერხოს. ჩვენი პოზიციაა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ელჩმა.

შეხვედრაზე ანტონიო ბარტოლიმ, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ელჩმა, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„იტალია ამჟამად ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს და შესაბამისად, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, იტალიის მხარესთან მჭირო თანამშრომლობა მაკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ის პრიორიტეტები, რომლებიც ამ სახელმწიფოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას გააჩნია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა. მისივე განცხადებით, იტალია და ეუთო საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებენ, რათა კონკრეტულ ადრესატამდე სწორი გზავნილები გაიგზავნოს.

„შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული ვითარება და ის კონკრეტული საკითხი განვიხილეთ, რომელიც საკმაოდ მძიმე ფაქტს - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას შეეხება. ახლა განსაკუთრებულად „ცხელი პერიოდია“ და აუცილებელია მაქსიმალურად ზემოქმედება სეპარატისტებზე და რუსულ მხარეზე, რომ ეს საკითხი დროულად გადწყდეს.

შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ საერთაშორისო ზეწოლის კონსოლიდაცია აქტიურად გაგრძელდება, რათა ეს კონკრეტული პრობლემა ახლა მოგვარდეს და სამომავლოდ აღიკვეთოს მსგავსი ინციდენტები. საპარლამენტო ასამბლეაც აქტიურად ვართ ჩართულნი ამ პროცესში და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან შესაბამისი განცხადებებიც გაკეთდა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • გიგი წერეთელი იტალიის საგანაგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2018 წლის 1 მარტი
  • გიგი წერეთელი იტალიის საგანაგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2018 წლის 1 მარტი
  • გიგი წერეთელი იტალიის საგანაგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2018 წლის 1 მარტი