ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

27 აპრილი 2018
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ „მწვანე ალტერნატივის“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისისა“ და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა და ფრაქციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რაც უკავშირდება მწვანე სივრცეების შენარჩუნება-განვითარებას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების შენარჩუნებასა და მათთან დაკავშირებით სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის კონტროლის გაძლიერებას.

„დღეს სახეზე გვაქვს მავნე პრაქტიკა, როდესაც არაკეთილსინდისიერ კომპანიას შეუძლია ძალიან მარტივად მწვანე ზონის გაქრობის ხარჯზე მრავალსართულიანი ობიექტის აშენება. არსებული რეალობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს განსაკუთრებით დიდ ქალაქებს. ამიტომ აუცილებელია, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები კანონში მკაფიოდ გაიწეროს. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ყველა სეგმენტის ჩართვა, განსაკუთრებით კი იმ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა, რომლებიც აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობენ, რათა ყველა სეგმენტის აზრი იყოს გათვალისწინებული კანონში“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ.

დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საკანონმდებლო ინიციატივა. როგორც „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განაცხადა: „ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენი მხრიდან აქტიურად ჩავერთვებით პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ ქმედითი მექანიზმები აისახება კანონში, რაც დაიცავს ჩვენს გარემოს და შეზღუდავს უკანონო მშენებლობების კასკადს“.

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა დიდი ქალაქების ეფექტურ გამწვანებასთან დაკავშირებით: „სინგაპურს მოწინავე პოზიცია უკავია გამწვანების პოლიტიკის გატარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის თითქმის 50% მწვანე ზონებს უკავია. საინტერესო მიდგომა აქვთ მაღალსართულიანი შენობების დაგეგმარების კუთხითაც. საცხოვრებელი კორპუსებისა და ბიზნეს-ცენტრების აბსოლუტური უმეტესობა განეკუთვნება ე.წ. მწვანე შენობათა კატეგორიას, რაც გულისხმობს ნაგებობების ბოლო სართულებზე მწვანე სივრცეების შექმნას. ადამიანებს უწევთ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და მუშაობა. სწორედ ეს მიდგომაა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი სინგაპურის ურბანული განვითარების კუთხით. ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების შესამცირებლად, რეკომენდებულია, რომ ეტაპობრივად დაიწყოს საქართველოს დიდ ქალაქებშიც მსგავსი ტიპის ნაგებობების აშენება, რაც კოლოსალურ თანხებთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. მისგან მიღებული სარგებელი კი, რაც პირდაპირკავშირშია ჯანსაღი გარემოს შექმნასთან, ფაქტობრივად, შეუფასებელია“.

აღნიშნულ საკითხზე საჯარო მსჯელობის მიზნით, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ აქტიურად გააგრძელებს შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან.