საქართველოს პარლამენტის ფრაქციამ „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე დაიწყო მუშაობა

13 თებერვალი 2018
საქართველოს პარლამენტის ფრაქციამ „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე დაიწყო მუშაობა

სასტუმრო თბილისი მარიოტში, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრებმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პარტია - Democratic Unionist Party-ის წარმომადგენლებმა მუშაობა დაიწყეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე.

შეხვედრის მიზანია, თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდეს დოკუმენტი, რომელიც მიმართული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში პოზიტიური ცვლილებების შეთავაზებისაკენ.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ - ზვიად ძიძიგურმა და პარლამენტის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ - ნინო გოგუაძემ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ არსებულ სიტუაციაზე, კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებზე კვლევითი ორგანიზაცია - GeoWel-ის დირექტორმა დავით ჯიჯელავამ ისაუბრა. არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და მათი აღსრულების მექანიზმები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პროგრამები პარლამენტის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა მიმოიხილა.

ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის და „Democratic Unionist Party” (DUP) წევრმა - პაულა ბრედლიმ, ასევე ჩრდილო ირლანდიის საკრებულოს წევრმა, ტომას ჰოგმა და ჩრ. ირლანდიის თანასწორობის კომისიის თავმჯდომარემ, მაიკლ ვარდლოუმ საკითხებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ირლანდიის გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრებმა, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პროექტი ხორციელდება „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ მხარდაჭერით. ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან, საქართველოს კონსერვატიული პარტია აქტიურად თანამშრომლობს „ვესტმინსტერის ფონდთან, რომელიც დახმარებას უწევს საქართველოს კონსერვატიულ პარტიას სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.