ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

29 იანვარი 2018
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელიც სახელმწიფოს ძალმომრეობისგან მოქალაქეთა დაცულობის მაღალ სტანდარტს და მართლმსაჯულების ხელშეუვალობას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინიციატივაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„12 წელი გავიდა მკვლელობიდან, რომლიც რეჟიმის მხრიდან ადამიანის მიმართ ძალადობის სიმბოლოდ იქცა. სანდროს გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება მართლმსაჯულების და ადამიანის წინააღმდეგ. 2012 წელს არ გაუმარჯვია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციას, 2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც, 2012 წელს გაიმარჯვა ადამიანმა ძალადობრივ რეჟიმზე.

ეს საქმე, ქართულ რეალობაში, გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკური ღირებულების განმსაზღვრელიც გახდა და ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი, რომელიც ყველა სისტემაზე, ყველა მიზანზე მაღლა დგას, როგორც უმთავრესი ღირებულება.
შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის საქმე მხოლოდ სამართლებრივი პროცესი არ ყოფილა.

სამართლებრივად საქმეზე სასჯელს იხდის 8 პირი და მსჯავრდებულია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძემ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გირგვლიანის ტრაგედიაზე საზოგადოების რეაქცია ექსპრეზიდენტის მხრიდან „პოლიტიკურ ცირკად“ შეფასდა.

„ის სრულიად უტიფრად შეეცადა, რომ გახმაურებული საქმე შეეფუთა როგორც სახელმწიფო მანქანის მიერ მკვლელობის სამწუხარო, მაგრამ ბანალური ფაქტი, ხოლო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება კი ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესი და არა მისი პიროვნული გადაწყვეტილება.

სამწუხროდ ამას სერიოზული წინაპირობაც ჰქონდა.

სააკაშვილის ამ თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი. მთელი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკვირდებოდა როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი.

ფაქტია, რომ ის ასევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებული სხვა ბრალის შემთხვევაშიც. ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვასაც პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება მისი პოლიტიკური ამოცანაა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად თვლის აღსრულდეს მართლმსაჯულება არა მხოლოდ სანდრო გირგვლიანის და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები მსგავსი საქმის რეციდივების გამოსარიცხად.

„ფრაქცია იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციტივათა პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას - ეს იქნება ცვლილებების მთავარი არსი. რასაკვირველია, ახალი რეგულაცია ვერ გავრცელდება ძველ შემთხვევებზე და შეეხება მხოლოდ მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს.

ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება „გირგვლიანის შესწორებები“ დავარქვათ.

შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა!“ - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ფრაქციის შიგნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მოამზადებს. ცვლილებები კი მსგავს დანაშაულებებზე მკაცრ სანქციებს დააწესებს.

„საქმე შეეხება სისხლის სამართლებრივი ნორმების გამკაცრებას, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია სამუშაო ჯგუფებმა საბოლოოდ დადონ შედეგი და დასკვნა, შემდეგ ეს აისახოს ნორმების ცვლილებებშიც, რომელთა მიხედვით გამკაცრდება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ეს არის ჯერჯერობით იდეა და ამას სიმბოლურად ჩვენ დავარქვით გირგვლიანის შესწორებები და ეს იქნება ადამიანზე და მართლმსაჯულებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო პაკეტი, დღეს გავახმოვანეთ მხოლოდ იდეა. მთავარი მიზანია ადამიანის დაცვა, მისი პატივი და ღირსება, მართლმსაჯულება და მისი დაცვა. დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ამ რეგულაციებს მივიღებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ როდესაც ორი პრეზიდენტი, ყოფილი და მოქმედი საუბრობენ ერთ ხმაში ეს არის დამთხვევა თუ პოლიტიკური მიზანი,  „საზოგადოების გადასაწყვეტია“.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო არის პოლიტიკური ხმაშეწყობა, სადაც მარგველაშვილი ცდილობს და მისი პოლიტიკური ამოცანაა ყოფილი პრეზიდენტი რამენაირად გამოიყვანოს იმ დანაშაულიდან, რაც მიხეილ სააკაშვილმა წინა პერიოდში ჩაიდინა“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მან აღნიშნა, რომ: „წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ვერ ბედავდა ამ საქმეზე გარკვეული განცხადებების გაკეთებას. ეს მან მას შემდეგ გაბედა მხოლოდ, რაც ამის მოტივი და საფუძველი შეუქმნა მარგველაშვილმა თავისი განცხადებებით, სადაც მან სააკაშვილი პრაქტიკულად ამ საქმის გამო ლამის პოლიტიკურ მსხვერპლად და პოლიტიკურ დევნილადაც კი გამოაცხადა“.

ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ მოქმედ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკური ნება და მიზანია. „შარშანდელი წლის განმავლობაში ისინი თავისი უზრდელობით ცდილობდნენ რამენაირად გადაეყვანათ არგუმენტებზე მსჯელობა პოლიტიკურ დაპირისპირებაში. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინათაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის კანონთან დაკავშირებით განმარტებებს და არგუმენტებს ითხოვდა, მათ კვლავ უზრდელობით უპასუხეს და არ შევიდნენ არგუმენტებთან დაკავშირებულ დისკუსიაში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური მიზანი, ჩვენ კორექტულები ვიყავით და შევეცდებით ასევე ვიყოთ მომავალში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გალერეა

  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, 2018 წლის 29 იანვარი
  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, 2018 წლის 29 იანვარი
  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, 2018 წლის 29 იანვარი