ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით პარლამენტში კონფერენცია გაიმართა

11 ივლისი 2018
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით პარლამენტში კონფერენცია გაიმართა

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით პარლამენტში გაიმართა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ კონფერენციათა სერიის რიგით მესამე კონფერენცია თემაზე: „ინდუსტრიული პოლიტიკა და ინოვაციური ეკონომიკა“.

კონფერენციის მონაწილეებს ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი მიესალმა, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება იმ კონფერენციების სერიას წარმოადგენს, რომელიც „განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის“ სახელწოდებით, ფრაქციის ორგანიზებით პერიოდულად იმართება და რომლის შედეგადაც ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო პოლიტიკის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება ხდება.

დღევანდელ კონფერენციაზე ორი მოხსენება მოისმინეს. ეკონომიკის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით სიხარულიძემ წარმოადგინა თემა - „ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია და ინდუსტრიული პოლიტიკა“, ხოლო ეკონომიკის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ინეზა გაგნიძემ - „სამეწარმეო უნივერსიტეტების ფორმირება - ინოვაციური პოტენციალის ამაღლების წინაპირობა საქართველოში“.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, დარგის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

გალერეა

  • ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით პარლამენტში კონფერენცია გაიმართა, 2018 წლის 11 ივლისი