ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

09 თებერვალი 2018
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ფრაქცია მთავრობისა და უმრავლესობაში შემავალი ყველა საპარლამენტო ფრაქციისაგან ქმედითუნარიანი შრომის ინსპექციის შემუშავების დაუყოვნებლივ განსაზღვრებას მოითხოვს, „რადგან ყოველი გადადებული დღე და ყოველი გაჭიანურებული გადაწყვეტილება ჩვენს საზოგადოებას ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდება“. 

ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს მშენებარე კორპუსიდან კიდევ ერთი მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, მან ფრაქციაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები მოიწვია, რათა მათგან მოისმინონ განმარტებები იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც ამ ორ სამინისტროს შორის უნდა შემდგარიყო, რის გამო გაჭიანურდა აღნიშნული პროცესი.

არცერთი კომპანიის მოგება და ამგვარი მოგებიდან ბიუჯეტში შესული არანაირი თანხა არ ღირს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად. თუ პროცესის გაჭიანურების მიზეზი არის კერძო სექტორის მოთხოვნა - მიიღოს მოგების ხელშეუხებლობის გარანტია შრომის ინსპექციის არსებობის პირობებში, ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ამგვარი ტიპის ინტერესებს არ ეწირებოდეს ამ ქვეყანაში ადმიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება“, - განაცხადა ბრიფინგზე ბექა ნაცვლიშვილმა.