ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდნენ

17 თებერვალი 2017
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდნენ

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის პარლამენტის წევრ ანა გომეშს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეები მრავალ თემას შეეხნენ, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. სტუმარი დაინტერესდა საქართველოში არსებული მდგომარეობით, ფრაქციის საპარლამენტო საქმიანობით და ამ პროცესში ხელისშემწყობი თუ ხელისშემშლელი ფაქტორებით. 

„მე გავაცანი ჩვენი პრობლემები, რაც პარლამენტში მცირერიცხოვანი ფრაქციის საქმიანობისთვის არის დამახასიათებელი და ხელისშემშლელი. პრობლემა, მათ შორის, უკავშირდება კვოტების პროპორციულად განაწილების საკითხს, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში წარმომადგენლობას და სხვა,“ - განაცხადა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ შეხვედრის შემდეგ. 

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სამართლიანობის აღდგენის თემაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თემაზე, ციხეებში პატიმრების მდგომარეობაზე, რომელიც გიორგი ლომიას განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

ევროპარლამენტარის ვიზიტის მიზანი საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მხრივ, ქართული მხარის საჭიროებების გაცნობა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვაა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ასევე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან.

გალერეა

  • ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდნენ, 2017 წლის 17 თებერვალი
  • ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდნენ, 2017 წლის 17 თებერვალი