გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადება

12 იანვარი 2018


საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის ცნობილი გახდა ოჯახში ძალადობის შემთხვევა, რომლის თანახმადაც, სამართალდამცავმა უწყებამ ოჯახში ძალადობის საქმეზე მოძალადე დააკავა. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა.

იმის გათვალისწინებით, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მიუთითებდა ძალადობის განმეორების საშიშროებაზე, საბჭო მიესალმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამასთანავე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული სტატისტიკის და პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, საბჭო აუცილებლად მიიჩნევს შესაბამისი უწყებების მიერ ადეკვატურად და ყურადღებით იყოს შეფასებული ის საფრთხეები, რომელზეც ძალადობის მსხვერპლი მიუთითებდა.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მუდმივად ინტერესდება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. ამასთან, საბჭო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ძალადობის ყოველი ახალი მსხვერპლის ეფექტიანი დაცვის მიზნით, სამართალდამცავი უწყების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს.

საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ეფექტიანად იქნება გამოყენებული კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ყველა მექანიზმი, ამ და სხვა საქმეებში განმეორებითი ძალადობის პრევენციისთვის.