გენდერული თანასწორობის საბჭოს გასვლითი სხდომა

12 იანვარი 2018
გენდერული თანასწორობის საბჭოს გასვლითი სხდომა

10-11 იანვარს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა ბორჯომში გაიმართა. 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ. საბჭოს წევრებმა განიხილეს საბჭოს სამდივნოს მიერ წარმოდგენილი 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.

2017 წელს განხორციელებული საქმიანობის შეფასების გარდა, საბჭოს სხდომის გამართვის მიზანი იყო 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა, გენდერული თანასწორობის ახალი სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება და საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიის დამტკიცება.

აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის ახალი სახელმწიფო კონცეფციის შემუშავების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ 2017 წელს მიიღო და პოლიტიკის მიმართულებების ჩამოყალიბების პროცესში გამოიყენა სამაგიდო კვლევაში „გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები“ ასახული გამოწვევები.

გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიების განხილვის შედეგად, საბჭოს წევრებმა განსაზღვრეს მთავარი პრიორიტეტები და მიმართულებები, რომელსაც სახელმწიფო გენდერული პოლიტიკა დაეფუძნება.

11 იანვარს, NDI-ს კონსულტანტმა ელენე ალადაშვილმა საბჭოს წევრებს სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი გააცნო, რომელზე მუშაობაც 2017 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობდა. სხდომის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების კომუნიკაციის სტრატეგია დაამტკიცა.

11 იანვარს, გენდერული თანასწორობის საბჭომ იმსჯელა ოჯახში ძალადობის მედიით გავრცელებულ შემთხვევაზე და გაავრცელა განცხადება.

გენდერული თანასწორობის საბჭოს გასვლითი სხდომა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), გაეროს განვითარების პროგრამისა და PROLoG/USAID მხარდაჭერით გაიმართა.