გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მარა მარინაკის შეხვდნენ

16 ივნისი 2017
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მარა მარინაკის შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის მთავარ მრჩეველს გენდერის, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ მარა მარინაკის შეხვდნენ. შეხვედრას ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს როლი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში ისევე, როგორც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს რეზოლუციების მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობაში.

თამარ ხულორდავამ სტუმრებს გენდერული თანასწორობის საბჭოს კომპეტენცია და უახლოესი გეგმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საბჭოს საზედამხედველო ფუნქციაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების შესრულების მიმართულებით.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, საბჭომ გასულ კვირას მოისმინა ინფორმაცია პრემიერმინისტრის თანაშემწისაგან ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

„გენდერული თანასწორობის რეალური უზრუნველყოფა კვლავ რჩება სერიოზულ გამოწვევად, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმარულებით საქართველოს პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. ქალბატონ მარინაკისთან ვისაუბრეთ საბჭოს საქმიანობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებაზე, მათ შორის ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით ქალთა სპეციალურ საჭიროებებზე. საუბარი შეეხო აგრეთვე საკანონმდებლო პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვას, რაშიც ქალბატონმა მარინაკიმ ევროკავშირის მხარდაჭერა აღგვითქვა“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

შეხვედრაზე ირინა ფრუიძემ საკანონმდებლო წინადადებების და სახელმწიფო ბიუჯეტის საპილოტე გენდერულ ანალიზზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განხორციელებასაც საბჭო მიმდინარე წელს გეგმავს. მან სტუმრებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიმართულებით საბჭოს გეგმები გააცნო.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარლამენტში მეტი ქალია წარმოდგენილი ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტებში, აუცილებელია შეიქმნას უკეთესი პირობები და შესაძლებლობები პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების მონაწილეობის გასაზრდელად. ამ პროცესში შეგვიძლია განვიხილოთ კვოტის დაწესებაც, როგორც დროებითი ღონისძიება, რომელიც საწყისი პოზიციების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა შეხვედრაზე თამარ ხულორდავამ.

ელჩი მარა მარინაკი მიესალმა საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის და მისი თანმდევი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. ელჩის განცხადებით, საქართველო დგამს პოზიტიურ ნაბიჯებს ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით და ევროკავშირი გააგრძელებს ამ გზაზე მის მხარდაჭერას.

ევროკავშირი 2017 წლის ბოლომდე შეიმუშავებს ახალ სტრატეგიას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ელჩმა მარინაკიმ მხარი დაუჭირა თამარ ხულორდავას ინიციატივას, ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართვასთან დაკავშირებით.

გალერეა

  • გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მარა მარინაკის შეხვდნენ, 2017 წლის 16 ივნისი
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მარა მარინაკის შეხვდნენ, 2017 წლის 16 ივნისი
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მარა მარინაკის შეხვდნენ, 2017 წლის 16 ივნისი
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მარა მარინაკის შეხვდნენ, 2017 წლის 16 ივნისი
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მარა მარინაკის შეხვდნენ, 2017 წლის 16 ივნისი
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მარა მარინაკის შეხვდნენ, 2017 წლის 16 ივნისი
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მარა მარინაკის შეხვდნენ, 2017 წლის 16 ივნისი