გუგული მაღრაძე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომას დაესწრო

21 აგვისტო 2019
გუგული მაღრაძე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომას დაესწრო

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-2 სხდომას დაესწრო. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხდომა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ნატალია ჯალიაშვილმა გახსნეს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ხელმძღვანელმა, გუგული მაღრაძემ. მან გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მოხსენება გააკეთა. გუგული მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა კანონმდებლობის გენდერული ანალიზის (GIA) მეთოდოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე და ანაზღაურების სხვაობის გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებაზე. საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია სექსუალური შევიწროების შესახებ განხორციელებულ ცვლილებებსა და ასევე, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსახორციელებელ, დაგეგმილ ცვლილებებზე.

გუგული მაღრაძემ სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი დაუთმო ქალთა ეკონომიკური განვითარების შესახებ საუბარს და დამსწრე საზოგადოებას გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ შემუშავებული საბოლოო რეკომენდაციების შინაარსი გააცნო.

„განათლება და მასზე ხელმისაწვდომობა პირდაპირაა დაკავშირებული პიროვნების და ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესთან. თავის მხრივ, პროფესიული განათლების მიღება, დღეისათვის, წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას თვითრეალიზებისთვის და ამასთანავე, იგი ერთ-ერთი უმოკლესი გზაა დასაქმებისკენ. ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის მექანიზმი, სწორედ პროფესიული ცოდნის არსებობასა და მის გამოყენებას უკავშირდება. ამრიგად, ქალთა ეკონომიკური სტაბილურობით, ჩვენ ერთი მხრივ, გავაძლიერებთ საზოგადოებას და მეორე მხრივ, გავაძლიერებთ სახელმწიფოს ეკონომიკას“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეხვედრის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ წარმოადგინა 3 თვის განმავლობაში სამუშაო პრიორიტეტული მიმართულებები და ყურადღება დაუთმო სამომავლო საქმიანობებს.