კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“

12 დეკემბერი 2017
კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მაღალი დონის კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა.

კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ეს ღონისძიება ქალთა გაზრდილ პოლიტიკურ მონაწილეობას და ზოგადად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას ეძღვნება. გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებსაც ქალები აწყდებიან. საბჭოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა, როგორც ცენტრალურ ასევე, ადგილობრივ დონეზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას რომელიც ძალიან გვეხმარება ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს დახმარებას“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

მისივე შეფასებით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა არის აუცილებელი ქვეყნის უფრო სწრაფი, სწორი და კარგი განვითარებისთვის.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას, დღევანდელი ხელისუფლებისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის აღნიშნული თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ქალის როლი, მონაწილეობა და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის ისტორიულად ყოველთვის იყო განსაკუთრებული. ჩვენი ქვეყანა გამორჩეული იყო არა მარტო რწმენის და ეროვნების მიმართ განსაკუთრებული ტოლერანტობით, არამედ გენდერული ტოლერანტობითაც, რაც იყო უაღრესად პროგრესული მაშინდელი სამყაროს ფონზე. ჩვენ ეს ისტორიული მეხსიერება არ უნდა დავკარგოთ და რაც მთავარია, ამ მენტალური მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი უნდა გავხდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ქვეყანაში მთავარი ღირებულება ადამიანია. ადამიანზე ორიენტირებული სისტემა ეს არის, არა მარტო არაძალადობრივი მართვა, კანონის უზენაესობა და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, არამედ ეს არის საზოგადოების ნებისმიერ წევრზე ყველა სიკეთისა და მონაპოვრის თანაბრად განაწილება.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის საზოგადოების, რომელიც ამჟამად ფორმირების პროცესშია, ჰარმონიული და სწორი განვითარების საწინდარი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოში მცხოვრები ქალბატონების წინაშე, ოჯახური თუ გენდერული ძალადობის სახით, ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემა დგას.

„ამ პრობლემების დაძლევაში თითოეულმა ჩვენგანმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. ბედნიერი, რეალიზებული, კანონით და საზოგადოებით ზურგგამაგრებული და დაცული ქალი ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ქმნის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების აქტიური ჩართულობა არის დემოკრატიის ფუნდამენტური მაჩვენებელი და მდგრადი განვითარების მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა. ქვეყნების განვითარება პირდაპირპროპორციულია ქალების მეტ ჩართულობასთან“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

საკუთარ გამოსვლაში ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქალთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებზე როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაზე, რაც მისივე თქმით, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებშიც აისახა.

„ქალები არ არიან სათანადოდ წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, როგორც ეროვნულ ისე, ადგილობრივ დონეზე. გენდერული თანასწორობა თანამედროვე მსოფლიოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი გამოწვევა. სწორედ, ამიტომ მოხდა ქალთა გაძლიერების საკითხის ასახვა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, გოგონათა და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრა ნიშნავს განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სამუშაო ბაზარზე წვდომის და პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესს.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ გამოსვლისას აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა უფრო მეტად ჩართულობა უფრო მშვიდობიან და ინკლუზიურ საზოგადოებას უზრუნველყოფს. „ამ ყველაფრის გთვალისწინებით, მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერულად მგრძნობიარე ინდიკატორების გათვალისწინებას. გენდერული თანასწორობა ქალთა გაძლიერება და პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა ვიცეპრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო ბევრი მიმართულებით, მათ შორის, დემოკრატიის ხარისხით, მოწინავე პოზიციებს იკავებს მსოფლიო მასშტაბით საერთაშორისო რეიტინგებში. „ჩვენი მიზანია ამ კუთხითაც წამყვანი ქვეყნების სიაში ვიმყოფებოდეთ, რისთვისაც ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ამ საკითხებს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში და შესაბამის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო კონვენციების შესრულების მხრივ არსებულ ტენდენციაზე ისაუბრა. „საქართველოს ხელისუფლება დიდი მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც მიმართულია ქალთა უფლებების უკეთ დაცვისკენ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარტინა ქვიქმა გენდერული თანასწორობისა და ქვეყნის განვითარების ურთიერთკავშირზე, ასევე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა გენდერული კვოტირების მნიშვნელობაზეც.

„კვოტირება არის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია, ქალების პოლიტიკაში შესვლის ბიძგი გახდეს. ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა და გავხდეთ უფრო გახსნილები ქალთა კონტრიბუციის მიმართ, როგორც საზოგადოებაში ასევე, პოლიტიკაში“, - აღნიშნა მარტინა ქვიქმა.

შვედეთის სამეფოს ელჩის თქმით, საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა დაბალია და ამიტომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მეტი უნდა იმუშაოს. ამ კონტექსტში, მან გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობისა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დამსწრე საზოგადოებას კონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ მიმართა, რომელმაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ელჩის თქმით, ქალთა აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური კეთილდღეობისთვისაც.

„ეს ის საკითხია, რაზეც ქართველები ზრუნავენ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს არა მხოლოდ საერთო დემოკრატიულ პროცესს, არამედ საჯარო სამსახურში მისი ყველა მოქალაქის თანაბარ და სამართლიან ჩართულობას. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, რათა მათ ქალთა ჩართულობის ზრდაში დაეხმაროს“,-განაცხადა იან კელიმ. ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებით კვლავაც გააგრძელებს.

გაეროს განვითარებს პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის შომბი შარპის განცხადებით, გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საქართველოში მიღწეულია პროგრესი. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზეც.

„საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან მექანიზმებს მამაკაცთა და ქალთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის. ეს ნამდვილად მისასალმებელია“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ. გამომსვლელმა გენდერულ კვოტირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ეფექტური მექანიზმი. შომბი შარპმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

„გენდერული თანასწორობის ძირითადი უფლება ძალიან მკაფიო ჩანაწერით იქნა გამტკიცებული კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შევიდა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს ქალებისა და მამაკაცებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის საკითხი ძალიან აქტუალურია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიაში ჩართულნი არიან როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის საკმაოდ მდიდარი ტრადიცია აქვს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა გაიზარდა, თუმცა რჩება არაერთი გამოწვევა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გენდერული სტერეოტიპების არსებობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარების შესაცვლელად, მექანიზმები ერთობლივად უნდა დაინერგოს.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში სერიოზული დისკუსია გაიმართა.
„ძალიან მკაფიო ჩანაწერით იქნა გამტკიცებული გენდერული თანასწორობის, ასე ვთქვათ, ძირითადი უფლება. შევიდა სპეციალური ნორმა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს ქალებისა და მამაკაცებისთვის. ასევე, სახელმწიფოს დაეკისრა ძალიან კონკრეტული ვალდებულება, მიიღოს განსაკუთრებული ზომები მათი არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ჩანაწერი არის მაქსიმალურად მკაფიო, მაქსიმალურად ძლიერი, რაც შექმნის მყარ საფუძველს იმისათვის, რომ უკვე კანონმდებლობის დონეზე შეიქმნას კონკრეტული მექანიზმები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, პარლამენტში წლებია, წარმატებით ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭო. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თითოეული კანონპროექტის გენდერულ ანალიზსა და შესაბამისი შეფასებების მომზადებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გაანალიზება გენდერულ ჭრილში.
ირაკლი კობახიძემ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ ისაუბრა. „მართალია, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა ტემპი შეიძლება ითქვას, ნაკლებად არის დამაკმაყოფილებელი. დამატებითი ზომებია მისაღები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ყურადღება გაამახვილა სპეციალურ წამახალისებელ რეგულაციებზე, რომელსაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. მისივე თქმით, ეს ზომა ნაკლებად ეფექტურია. „უმეტეს შემთხვევაში არ ხდება გენდერული ქვოტის გათვალისწინება. შესაბამისად, საჭიროა სხვა ზომებზე ფიქრი, იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავახალისოთ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამის საუკეთესო საშუალებას შექმნიდა გენდერული სავალდებულო კვოტირება, რის თაობაზეც სახალხო ინიციატივის წესით უკვე წარმოდგენილია კანონპროექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით, ამ კანონპროექტის მიღების საფუძველზე, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა სულ მცირე, 25 %-მდე გაიზრდება რაც არის მნიშვნელოვანი წინსვლა არსებულ 15 %-იან მაჩვენებელთან შედარებით.

„ამის შემდეგ უკვე, როდესაც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, იქ კიდევ ერთხელ იქნება საჭირო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, მთავარია, რომ მაჩვენებელი იყოს მზარდი და ჩვენ საბოლოოდ დავიცვათ ჯეროვანი გენდერული ბალანსი წარმომადგენლობით ორგანოში როგორც პარლამენტის, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივისა და საქმიანობისთვის, ხოლო გაეროს, გაეროს განვითარების პროგრამას და შვედეთის მთავრობას აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კონფერენციის მონაწილეებმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისა და გენდერული საბჭოს წევრის თამარ ხულორდავას მოდერატორობით გამართულ პირველ პანელზე საკანონმდებლო ცვლილებები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად საქართველოში და საუკეთესო პრაქტიკა მიმოიხილეს.

„ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დღეს არსებული რეალობა საქართველოში არ გვაძლევს სიამაყის საფუძველს. კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ შევქმნათ ის რეალობა, რომელიც მეტად თანასწორს გახდის პოლიტიკურ ველს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ საკანონმდებლო ზომებზე, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში მეტად დაგვეხმარება. კვოტირების საკითხი, რომელსაც პარლამენტი უკვე განიხილავს ერის ერთ-ერთი მექანიზმი თუმცა, არა ერთადერთი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„მაშინ, როდესაც ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების და მონაწილეობის გაზრდის საკითხებს განვიხილავთ, ამ დროს ძალიან ბევრი ქალი დისკრიმინაციის, ძალადობის და უთანასწორობის მსხვერპლია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა კვოტირების კანონთან დაკავშირებით, რომელზეც პარლამენტი მუშაობს.

„საქართველოს პარლამენტი აიღებს წელს ძლიერ ლიდერობას იმისთვის, რომ კვოტირების მექანიზმი დამტკიცდეს და თავდაჯერებით იქნას მიღებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კვოტირების მექანიზმი საშუალოვადიან პერიოდში არის საუკეთესო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ქალთა მონაწილეობა პარლამენტში, საკრებულოში, პოლიტიკაში გაიზარდოს. მხოლოდ გაბედული გადაწყვეტილებებით შევძლებთ ჩვენ რომ მეტი ქალი იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა სხვა წამახალისებელ მექანიზმებზეც რომელიც მოქმედი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, თუმცა როგორც აღნიშნა, ამან ხელშესახები შედეგი პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის თვალსაზრისით ვერ მოიტანა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ღრმა რწმენა გამოთქვა, რომ ყველა პარტიის მხრიდან ქალთა გაძლიერებას პარლამენტში მხარდაჭერა ექნება.

„დარწმუნებული ვარ, ეს არის ის საკითხი, რომელზეც უმრავლესობა და ოპოზიციური პარტიები საერთო პოზიციით გამოვლენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქალთა მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში და საჯარო სივრცეში სჭირდება არა ქალებს, არამედ საზოგადოებას, რომ ის იყოს თანასწორი, სამართლიანი და უკეთესი“, -განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ.

საკანონმდებლო პროცესზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ პარლამენტის ვალდებულებაა მიიღოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება კანონში აისახოს.

„ჩვენ ახლოს ვართ იმ პროცესთან, როდესაც პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არის საჭირო საზოგადოებისთვის, გარემოსთვის, უკეთესი შედეგისთვის და არა ქალებისთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს არის თანაბარი მონაწილეობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ყოველი მეორე განსხვავებული სქესის იყოს. „ეს არ ნიშნავს, რომ 50% იქნება ქალი თუმცა ნიშნავს, რომ იქნება იმაზე მეტი ვიდრე ეს დღეს არის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, კანონპროექტით, დეპუტატი, რომელიც ტოვებს პარლამენტს მას იგივე სქესი შეცვლის. „ეს არის პრინციპი, რომ ბალანსი საარჩევნო სიაში იყოს დაცული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფინანსურ წახალისებაზე, რომელიც აქამდე მოქმედებდა და აღნიშნა, რომ ეს არ არის ეფექტური. „ამან ვერ მოგვა ის ხელშესახები ეფექტი, რისი მოლოდინიც იყო. გადაწყვეტილების მიღება, რომ შემოვიღოთ დროებითი ჩარევის ზომა არის სწორი და გამართლებული“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრისას, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ საკითხი პოლიტიკური კინკლაობის მიღმა უნდა იყოს განხილული. ქალთა გაძლიერებაზე საუბრისას, მან პოლიტიკური ნების გამოხატვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამის მაგალითად საკუთარი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

კვოტირების სისტემის შემოღებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ეს კანონპროექტი იძლევა ქალთა მხოლოდ 25 %-ის მონაწილეობის შესაძლებლობას.

„ევროპული საქართველო ამ მაჩვენებელს 30%-მდე აწევს საქართველოს პარლამენტში, რომელიც როგორც პროპორციულ ასევე, მაჟორიტარულ სისტემაზე გადანაწილდება. ჩვენ უნდა შევქმნათ პროცესი, როდესაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენ, ბუნებრივად, ხელს შევუწყობთ ქალების ჩართვას“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ელენე ხოშტარიამ.

„ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ვიყენებთ წამახალისებელ ნორმას თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თანაბარი ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც წამახალისებელი და კვოტირების მექანიზმები არ იქნება საჭირო, მაგრამ რეალობა არის სხვა. სავალდებულო კვოტირება, როგორც დროებითი ნორმა უნდა მივიღოთ, სასურველი იყო, რომ ეს ნორმა მაჟორიტარულ სისტემასაც შეხებოდა“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მან საარჩევნოდ, პარტიული სიების შედგენისას, შიდაპარტიული დემოკრატიის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა პარტიების დემოკრატიული განვითარება.

რაც შეეხება კვოტირების სისტემას, თინათინ ბოკუჩავამ იმედი გამოთქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს კვოტირების შესახებ კანონს.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციურ პარტიას შორის არის თანხვედრა. ჩვენ უნდა გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური კუთვნილება, პოლიტიკური შეხედულებები, პოლიტიკური დღის წესრიგი, დავდგეთ ამაზე მაღლა. ამ თემის ირგვლივ უნდა ვიყოთ ერთიანი და ვეცადოთ გადავდოთ გვერდზე ყოველგვარი სხვა შეხედულებები და ამით მივაღწევთ შედეგს - მეტი ქალი პოლიტიკაში“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა მაია კუპრავამ აღნიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტი შემუშავდა იმ დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გაზიარებით, რომელიც მსოფლიოს გააჩნია.

მისი თქმით, ინიციატივა, რომელიც 37450 ხელმოწერითაა პარლამენტში შესული, კვოტირების სისტემის, როგორც სპეციალური დროებითი ზომის შემოღებას ითვალისწინებს, რომლის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება პროპორციული სიით პარლამენტართა 25% იყოს ქალი.

მისივე თქმით, კანონპროექტში საუბარია ადგილმონაცვლეობაზე, რაც ასევე არის მსოფლიო პრაქტიკა. ასევე, კანონპროექტში მნიშვნელოვანი პუნქტია პარტიების მიერ სიების წარდგენის დროს დაშვებული ხარვეზის გასწორების შესაძლებლობა, რისთვისაც მათ დრო ეძლევათ.

„ეს არ არის პროცესის დასასრული. ეს არის ძალიან კარგი პროცესის დასაწყისი. მრავალპარტიული მხარდაჭერა ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის თანასწორობის უზრუნველყოფა საზოგადოებაში არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პანელის მოდერატორმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, შომბი შარპმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისების მექანიზმებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და კვოტირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პანელში მონაწილეობისას, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
კონფერენციის მეორე პანელი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო პოლიტიკას დაეთმო, რომელსაც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო წილოსანი მოდერატორობდა.
„დღეს ჩვენი პოლიტიკური გარემო საკმაოდ დემოკრატიულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებული მიდგომები პოლიტიკაში ქალის და კაცის თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის საკმარისია“, - განაცხადა მან კონფერენციაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, გარკვეულმა მცდელობამ, შეცვლილიყო საარჩევნო გენდერული ბალანსი ნებაყოფლობითი თუ ფინანსურ-წამახალისებელი ნორმით ვერ გაამართლა.

„უფრო სამართლიანი გადანაწილებისთვის უნდა ვიფიქროთ
 ქმედით სისტემაზე გადასვლა, როგორც დროებითი, თუმცა სავალდებულო ზომა, რაც გენდერული ბალანსის გარანტი შეიძლება გახდეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, წარმოდგენილი საკანონმდებლო რეგულაციის შედეგად პარტიები აქტიურად დაიწყებენ პოლიტიკის წარმოებას კვალიფიციური კანდიდატი ქალების მოსაზიდად. ქალებს საშუალება ეძლევათ, გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე; პოლიტიკაში გაჩნდება ქალთა კრიტიკული მასა, რომელსაც შეეძლება გავლენა მოახდინოს და ყურადღება გაამახვილოს ქალების საჭიროებებზე.

„ამ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია და წინ დიდი შრომა გველის. 
დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მზადაა ლიდერი ქალებისათვის. ჩვენ მივიღებთ ზომებს ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის, ჩვენ მივიღებთ გენდერულად დაბალანსებულ პოლიტიკას“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა.

„დროთა განმავლობაში გენდერული თანასწორობა იქნება მიღწეული, მაგრამ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. ამიტომ ვსაუბრობთ სწრაფ, დროებით მექანიზმზე - კვოტირებაზე. ეს არის ყველაზე სწრაფი მექანიზმი, რომ უზრუნველვყოთ მეტი ქალი პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე. კვოტა არის დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმი. დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაცია, არ არის თანასწორობა და ეს კვოტა არის იმის მექანიზმი რომ აღმოვფხვრათ ეს უთანასწორობა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინე ფრუიძემ.

მისივე თქმით, კვოტირება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში მოიტანს ცვლილებას. „ეს არ არის საკმარისი, ამიტომ გვჭირდება ხანგრძლივვადიანი მექანიზმების შემოღება“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მისივე განმარტებით, ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების გაძლიერება და შიდა პარტიული დემოკრატიის ხელშეწყობა.

„მნიშვნელოვანია ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებში იყოს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესები, სადაც ყველას თანაბრად მიეცემა შესაძლებლობა წარმოაჩინოს თავისი უნარები, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა როგორც კანდიდატებმა და ასევე, დაუჭიროს მხარი ღირსეულ კანდიდატს არჩევნებში“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა.

გენდერული თანასწორობის ხანგრძლივვადიან უზრუნველყოფაზე საუბრისას მან ქალთა ფინანსური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ასევე, ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ დონეზე ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა კონფერენციაზე ადრეული ინტერვენციისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. ლორა თორნტონმა კვოტირების პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით ესტონეთის გამოცდილება დამსწრეებს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კაი კარელსონმა გააცნო.

კონფერენცია გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა შეაჯამა.

„დღევანდელი ღონისძიება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მიხარია, რომ ქალთა თანასწორობის საკითხები, არის ის თემები, რომლზეც შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მსგავსი მოსაზრებები ჰქონდეთ და ვცადოთ რომ ყველა პოლიტიკური ბრძოლა გვერდზე გადავდოთ და გავერთიანდეთ იმ მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო, როგორიც არის გოგონების, ქალების ხელშეწყობა და გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისი განცხადებით, თვითმიზანი არ არის ქალების პარლამენტში ან საკრებულოში ყოფნა. ეს არ არის ცალკე განყენებული მიზანი. „ჩვენ ეს გვჭირდება იმისთვის რომ არსებობს პირდაპირი კორელაცია, თანასწორობასა და ქვეყნის წარმატებას და კეთილდღეობას შორის. ის ქვეყნები, სადაც საზოგადოების ნახევარს აქვს ისეთივე შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს როგორც ქვეყანაში დოვლათის შექმნაში, ასევე გადაწყვეტილების მიღებაში, ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე და სხვადასხვა სექტორში არიან ბევრად უფრო წარმატებულნი. ადამიანებს აქვთ ბევრად უფრო მეტი კეთილდღეობა და უფრო სწრაფად და ეფექტურად მიდიან წინ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით ჩვენი ამოცანაა ყველას მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყნის საერთო წინსვლაში მიიღონ მონაწილეობა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, დღეს გამართული კონფერენცია პოლიტიკური გზავნილებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მან იმედი გამოთქვა, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც კონფერენციის მონაწილეების მიერ იყო გაჟღერებული, ხმებში გარდაისახება, როდესაც კვოტირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრაზე დადგება. თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ყველა მონაწილეს, საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს აპარატს, გაეროს განვითარების პროგრამას და ყველა პარტნიორ ორგანიზაციას.

„ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევისთვის და ღონისძიების კარგად ორგანიზებისთვის. განსაკუთრებული მადლობა გაეროს განვითარების პროგრამას, რომელიც ჩვენი საყრდენი მხარდამჭერი არის არა მარტი გენდერულ თემებზე მუშაობის პროცესში, არამედ ბევრ სხვა თემებზე მუშაობისას. თქვენ, ძალიან გვეხმარებით ყველა მიმართულებით ისევე, როგორც ბევრი სხვა პარტნიორი ორგანიზაცია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გალერეა

  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი
  • კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 2017 წლის 12 დეკემბერი