MenEngage - ეუთოს ექსპერტთა შეხვედრა ქალაქ ვენაში

24 ნოემბერი 2017
MenEngage - ეუთოს ექსპერტთა შეხვედრა ქალაქ ვენაში

რატი იონათამიშვილი ვენაში გამართულ ეუთოს და ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ექსპერტთა შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა.

23-24 ნოემბერს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილი ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სახელწოდებით “MenEngage”, ქალაქ ვენაში ჩატარდა და კაცების ჩართულობის გაძლიერების სტრატეგიებზე მუშაობას მიეძღვნა.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით, შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს წევრი, რატი იონათამიშვილი დაესწრო.

რატი იონათამიშვილმა სპეციალური მოხსენებით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. საბჭოს წევრმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ამავე დროს, მან ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლის მრავალწლიანმა გამოცდილებამ მასწავლა სოლიდარობის მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის ფასი. უფრო მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ სოლიდარობას მოწყვლად ჯგუფებს შორის შეუძლია ამ ჯგუფების გაძლიერება და მხოლოდ ერთობლივი ძალებით განვითარდება ჩვენი საზოგადოება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია იმ სოციალური კამპანიების შესახებ, რომელიც საქართველოში ხორციელდება და მიმართულია კაცების ჩართულობის გაზრდისა და გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლისკენ. მათ შორისაა, გაეროს მოსახლეობის ფონდის კამპანიები “კაცები ზრუნავენ”, „მამა წიგნი წამიკითხე“ და სხვა.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კაცების ჩართულობის გაძლიერება გენდერული თანასწორობის საკითხებში და მამაკაცების გარშემო არსებული გენდერული სტერეოტიპების განხილვა.

საინტერესო გამოსვლებთან ერთად შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სიღრმისეული სტრატეგიები და გაუზიარეს ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკები იმისათვის, რომ ამაღლადეს კაცების ჩართულობა გენდერული თანასწორობის საკითხებში.

გალერეა

  • MenEngage - ეუთოს ექსპერტთა შეხვედრა ქალაქ ვენაში, 2017 წლის 24 ნოემბერი
  • MenEngage - ეუთოს ექსპერტთა შეხვედრა ქალაქ ვენაში, 2017 წლის 24 ნოემბერი
  • MenEngage - ეუთოს ექსპერტთა შეხვედრა ქალაქ ვენაში, 2017 წლის 24 ნოემბერი