empty

ოქმი N1


საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს

სხდომის ოქმი N1

2017 წლის 18 აპრილი, 10:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი, N8
ი. ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)


სხდომის თავჯდომარე: თამარ ჩუგოშვილი

სხდომის მდივანი: თინათინ ავალიანი

სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:
ეკა ბესელია
ნინო გოგუაძე
დავით მათიკაშვილი
ირინა ფრუიძე
გუგული მაღრაძე
დიმიტრი ცქიტიშვილი
ნინო წილოსანი
მარიამ ჯაში
თინათინ ბოკუჩავა
გიორგი ტუღუში
ხათუნა გოგორიშვილი

სხდომას ასევე ესწრებოდნენ: საბჭოს სამდივნოს თანამშრომლები.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა. მან საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა დასწრებისთვის და გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

დღის წესრიგი:

  1. გენდერული თანასწორობის საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა;
  2. საბჭოში თემატური ჯგუფების ფორმირება;
  3. სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი წევრების დანიშვნა;
  4. საბჭოს რეგიონებში ვიზიტების განრიგის განხილვა;
  5. პირველი კვარტალის განმავლობაში საბჭოს სამდივნოს საქმიანობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მოსმენა;
  6. სხვა საკითხები.

თამარ ჩუგოშვილმა საბჭოს წარუდგინა 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი და ხაზი გაუსვა ამ შეხვედრის მნიშვნელობას, სადაც უნდა დამტკიცდეს არამარტო საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმა, არამედ საბჭო შეთანხმდება მისი შესრულების კონკრეტულ კოორდინაციაზე და თითოეული აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებზე.

სამოქმედო გეგმის განხილვისას საბჭოს წევრებმა წამოაყენეს რამდენიმე წინადადება გეგმაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე.

ირინა ფრუიძემ გამოთქვა აზრი, რომ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, უმჯობესი იქნებოდა ქალი კანდიდატების მხარდამჭერ ღონისძიებებში ჩართვა, რაც საბჭოს სხვა წევრებმაც გაიზიარეს და გადაწყდა შესაბამისი ცვლილებების ასახვა სამოქმედო გეგმაში.

თინათინ ბოკუჩავა გამოვიდა წინადადებით, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდამჭერი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა საბჭოს მოეხდინა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი სხვა ცვლილებებისაგან დამოუკიდებლად, რათა მეტად გამახვილებულიყო ყურადღება ამ ცვლილების მნიშვნელობაზე. აღნიშნულ წინადადებას საბჭომ მხარი არ დაუჭირა.

გუგული მაღრაძემ დადებითად შეაფასა საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმა და ხაზი გაუსვა ეფექტიანი მუშაობისთვის კონკრეტული გეგმის არსებობის მნიშვნელობას.

მარიამ ჯაშმა საბჭოს შესთავაზა ადრეული ქორწინების აღმკვეთი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგში და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში საბჭოს ჩართვა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სელექციური აბორტის პრობლემაზე და საბჭოს შესთავაზა ამ საკითხის გათვალისწინება გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მასშტაბის კვლევის მომზადების დროს. საბჭომ გაიზიარა აღნიშნული შენიშვნები და ის გათვალისწინებული იქნა სამოქმედო გეგმაში.

ხათუნა გოგორიშვილმა საბჭოს შესთავაზა სტატუსშეჩერებულ სტუდენტ გოგონათა პრობლემაზე ყურადღების გამახვილება კვლევის მომზადების პროცესში, რადგან მიზეზი, რის გამოც ისინი სწავლას თავს ანებებენ ხშირად არის დაოჯახება და მასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და გადაწყდა რომ დაგეგმილ კვლევაში ყურადღება დაეთმობა აღნიშნულ საკითხს.

მარიამ ჯაშმა, ნინო გოგუაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვეს ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების მიმართულებით მუშაობის მნიშვნელობას და საბჭოს შესთავაზეს ამ მიმართულებით 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობებთან ერთად, მეტი აქტივობის დაგეგმვა 2018 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. საბჭომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას.

ნინო გოგუაძე გამოვიდა წინადადებით, რომ საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმაში აისახოს გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ქსელებთან და ორგანიზაციებთან საბჭოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. საბჭომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ შემოთავაზებას.

ზემოაღნიშნულ ცვლილებებზე შეთანხმების შემდეგ საბჭომ კენჭი უყარა გენდერული თანასწორობის საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმას და ის ერთხმად დაამტკიცა.

საბჭომ განიხილა და შეჯერდა თემატური ჯგუფების ფორმირებისა და სამოქმედო გეგმის საქმიანობების შესრულებაზე პასუხისმგებელი წევრების დანიშვნის საკითხზე.

საბჭომ ასევე განიხილა და შეთანხმდა რეგიონებში გასვლითი შეხვედრების აქტიური კოორდინაციის საკითხზე და დაწესდა, რომ თითოეულ გასვლით შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საბჭოს არანაკლებ სამი წევრი. გარდა ამისა, აღნიშნულ შეხვედრებში საბჭო მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობასაც შეუწყობს ხელს.

საბჭომ მოისმინა სამდივნოს წარმომადგენლის, თინათინ ავალიანის მოხსენება პირველი კვარტლის განმავლობაში საბჭოს სამდივნოს საქმიანობის შესახებ, რომელმაც აღნიშნა, რომ საბჭოს წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. გარდა ამისა, სამდივნომ იმუშავა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხების საინფორმაციო დოკუმენტის ჩამოყალიბებაზე, პარლამენტის ვებ-გვერდზე საბჭოს შესახებ ინფორმაციის მოწესრიგებასა და არქივის შექმნაზე. აგრეთვე, მოამზადა ე.წ. სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის ფარგლებში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მხარდამჭერი ანალიზი. ხაზი გაესვა, რომ ამჟამად მიმდინარეობს გენდერული ანალიზისთვის საჭირო მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაოები დონორ ორგანიზაციებთან ერთად და აგრეთვე, მუშავდება ინიციატივები სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამოქალაქო კოდექსებში შესატანი ცვლილებების შესახებ.

სხდომის თავმჯდომარე: თამარ ჩუგოშვილი
Ⴑხდომის მდივანი: თინათინ ავალიანი