empty

ოქმი N4

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს

სხდომის ოქმი N4

2018 წლის 10-11 იანვარი,
ბორჯომი, სასტუმრო “რიქსოსი”


სხდომის თავჯდომარე: თამარ ჩუგოშვილი
სხდომის მდივანი: ანა წურწუმია-ზურაბაშვილი
სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:
1. თამარ ჩუგოშვილი (თავმჯდომარე)
2. თამარ ხულორდავა
3. დიმიტრი ცქიტიშვილი
4. ადა მარშანია
5. ნინო გოგუაძე
6. ენძელა მაჭავარიანი
7. რატი იონათამიშვილი
8. თინათინ ბოკუჩავა
9. ელენე ხოშტარია
10. ხათუნა გოგორიშვილი
11. ირინა ფრუიძე
12. ნინო წილოსანი
13. გუგული მაღრაძე

სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი, თეონა ყუფუნია, გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობის პროგრამის მენეჯერი, მაკა მეშველიანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის აღსრულების პროგრამის (PRoLOG) ადამიანის უფლებების მიმართულების დირექტორი, ნინო გობრონიძე, პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და პარლამენტის თავმდჯომარის პირველი მოადგილის აპარატის უფროსი, ლანა ჩხარტიშვილი.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა. მან საბჭოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა შეკრებისთვის და გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

დღის წესრიგი:
1. 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენა;
2. გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის მოქმედი და სამუშაო ვარიანტების წარდგენა;
3. საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა;
4. საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიის განხილვა და დამტკიცება.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდგომ სხდომის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა მიმოიხილა 2017 წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც საბჭომ ამ პერიოდში განახორციელა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხებამდე, მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებების შესახებ, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოში შემოვიდა სხვადასხვა მერიებში გენდერული მრჩევლების პოზიციაზე დასაქმებული პირების შესახებ. კერძოდ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გენდერულ საკითხებზე მომუშავე პირები ამოიღეს საშტატო ნუსხიდან და მათთან გაფორმდა ხელშეკრულებები. განცხადების ავტორების მოსაზრებით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მათთვის უცნობი იყო მომავალი საქმიანობის ბედი.
ამ საკითხზე დისკუსიის გახსნის შემდგომ სიტყვა გადაეცა საბჭოს წევრს ნინო წილოსანს, რომელმაც აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოების და გენდერული მრჩევლების არსებობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აუცილებელია.
მას დაეთანხმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, მაკა მეშველიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხზე რეაგირება მნიშვნელოვანია და რომ ეს იქნება კარგი პოლიტიკური მესიჯის გაგზავნა რეგიონებში.

ამის შემდგომ სიტყვა გადაეცა ელენე ხოშტარიას, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია ადგილობრივი ლიდერების იდენტიფიცირება და მათთან აქტიური კომუნიკაცია.

საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა ამ პრობლემის ორად გაყოფა: პირველი - ეს კონკრეტული განცხადება, ხოლო მეორე - ზოგადი პრობლემა. მან დაამატა, რომ ზოგადი პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო აქტივობები უკვე გაწერილია სამოქმედო გეგმის მიხედვით.

სხდომის ხელმძღვანელმა შეაჯამა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია და სიტყვა გადასცა გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორს, ანა წურწუმია-ზურაბაშვილს, რომელმაც დაიწყო საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენა. ანამ მიმოიხილა ის საქმიანობები, რომელიც საბჭომ გაატარა ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით საბჭო საჭიროებს გაძლიერებას. მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ საბჭოს არ გააჩნია ისეთი სამართლებრივი ბერკეტები, როგორც საპარლამენტო კომიტეტებს და რომ აუცილებელია საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების კუთხით გააქტიურება.

თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნულ საკითხზე დაამატა, რომ აუცილებელია არსებულ სტრუქტურას გავუზარდოთ საზედამხედველო ფუნქცია იმისათვის, რომ თავად საბჭოს შეეძლოს მინისტრების დაბარება მაგალითად.

დისკუსიაში ჩაერთო გუგული მაღრაძეც და აღნიშნა, რომ არა მხოლოდ მინისტრების დაბარებით უნდა გამოიხატებოდეს საბჭოს საზედამხედველოი ფუნქცია, არამედ იმითაც მაგალითად, რომ რეაგირება მოვახდინოთ ტელევიზიაში არასწორად (სექსისტურად) გაშუქებულ მასალაზე. თუმცა, ეს არ იქნება დაბარების ფორმა, არამედ უფრო რეაგირების.

ამის შემდგომ ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული სახით ზედამხედველობა აუცილებელია და ეს შეიძლება გამოიხატოს ყოველწლიური ანგარიშების სახით. მან ისიც დაამატა, რომ სხვა კომიტეტების კომპეტენციაში შეჭრა, რომლებსაც იგივე ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს არაა რეკომენდირებული.

გამოთქმულ მოსაზრებებს დაეთანხმა თამარ ხულორდავაც. მისი აზრით, საბჭოს უნდა გააჩნდეს რეკომენდაციების გაცემის უფლება.

მაკა მეშველიანმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის თანახმად, დაზუსტდა საბჭოს კომპეტენცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გააკონტროლოს გენდერული თანასწორობის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის აღსრულება.

გამოთქმულ მოსაზრებებს უპასუხა თამარ ჩუგოშვილმა და განმარტა, რომ პარლამენტი კანონშემოქმედებით საქმიანობას ახორციელებს და რომ მინისტრების დაბარება ხდება კომიტეტების მეშვეობით.

ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა გააგრძელა პრეზენტაცია საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების კუთხით. მან ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ რაც საბჭომ ამ მიმართულებით განახორციელა. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა რეგიონებში გამართული საჯარო შეხვედრების შესახებაც, რომლებიც საბჭოს წევრებმა ჩაატარეს. მან აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს დასმული შეკითხვები ძირითადად ოჯახში ძალადობის კუთხით იყო, რადგანაც ეს ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენდა.

NDI-ის წარმომადგენელმა, თეონა ყუფუნიამ ეს საკითხი განავრცო და თქვა, რომ გამოიკვეთა რამოდენიმე პრობლემა: 1. სოციალური მუშაკების სიმცირე ქვეყნის მაშტაბით. 2. ფსიქოლოგების სიმცირე და შესაბამისი სერვისის სიმცირეც.

თინათინ ბოკუჩავამ კი აღნიშნა, რომ ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებით, შეგვეძლება, რომ თუნდაც აი ამ საკითხზე დავიბაროთ პასუხისმგებელი პირი თუ უწყება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.

ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა გააგრძელა ანგარიშის წარდგენა და ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომლებიც საბჭომ ჩაატარა 2017 წელს ცნობიერების ამაღლების კუთხით. მან ასევე ჩამოთვალა ის ღონისძიებები, რომლებშიც საბჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა და თუ კონკრეტულად რა გზებით მოახერხეს მათ საერთაშორისო თანამშრომლობის გაზრდა. საბოლოოდ, საბჭოს კოორდინატორმა მიმოიხილა სამოქმედო გეგმის ის ინდიკატორები, რომლებიც ვერ შესრულდა 2017 წელს.

თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა დონორებს მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ მომავალში საქართველოს პარლამენტი კიდევ უფრო მეტი რესურსის გამოყოფას აპირებს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობისთვის, იმისათვის რომ მოხდეს საბჭოს მეტი ინსტიტუციური გაძიერება. მან დაადასტურა, რომ პარლამენტში ნამდვილად არის ამის რესურსი და რომ შემდეგ წლებში ამ რესურსის გამოყენება უფრო აქტიურად მოხდება ამ კუთხით. ამის შემდგომ სხდომის თავმჯდომარემ გამოაცხადა შესვენება.

შესვენების დასრულების შემდგომ სხდომაზე მოხდა სახელმწიფო კონცეფციის განხილვა, რომლის სამუშაო ვერსია მიმოიხილა თამარ ჩუგოშვილიმა. მან განმარტა, რომ საბჭომ უნდა გადაწყვიტოს ამ დოკუმენტს ექნება კონკრეტული ვადა თუ იქნება უვადო. ამასთან, საბჭოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ვადა არ ჩაიწერება მაშინ კონცეფცია იქამდე იქნება მოქმედი სანამ ახალი არ დამტკიცდება. თამარ ჩუგოშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფო კონცეფციას დაემატა ახალი სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები, თუმცა დიდწილად თანხვედრაშია იმ საკითხებთან, რომლებიც 2006 წელს მიღებულ კონცეფციაში იყო ასახული.

მცირე დისკუსიის შემდგომ ჯგუფი შეთანხმდა შემდეგ თანმიმდევრობაზე: დისკრიმინაცია, ძალადობა, მშვიდობა და უსაფრთხოება, ცნობიერების ამაღლება და განათლება, პოლიტიკა, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვა, კულტურა და სპორტი.

სფეროების მიმოხილვის შემდგომ, თამარ ჩუგოშვილმა შეაჯამა დისკუსია და აღნიშნა, რომ ყველა შენიშვნა თუ კომენტარი მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება და რომ კორექტირებული ვერსია დაეგზავნებათ მათ ელექტრონულ ფოსტაზე და თუ რაიმე დამატებით შეკითხვები გაჩნდება კომუნიკაციის მან გაგრძელების წერილობითი ფორმა შესთავაზა საბჭოს წევრებს. სხდომის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსულტაციო შეხვედრები აუცილებლად ჩატარდება არასამთავრობო სექტორთან და სხვადასხვა უწყებებთან. მან ასევე მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს კონცეფციაში შეტანილი მათი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ მიღებულ საბოლოო დოკუმენტს ყველა საბჭოს წევრი ერთად დააინიცირებს.

სახელმწიფო კონცეფციის შემდგომ ჯგუფი გადავიდა სამოქმედო გეგმის განხილვაზე. თამარ ჩუგოშვილმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მთავარი ინდიკატორები. სანამ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყებოდა დისკუსია სხდომის თავმჯდომარემ გამოყო ზოგადი საკითხები რაზეც აუცილებელია საბჭოს წევრების თანხმობა. მაგალითად, ასეთი იყო კანონპროექტების გენდერული ანალიზის. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ჯგუფი უნდა შეთანხმდეს რამდენ კანონპროექტზე უნდა გაკეთდეს ანალიზი და უნდა მოიცვას თუ არა ამან განმარტებითი ბარათიც.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ყველა კომიტეტში უნდა იყოს ადამიანი ვინც შეძლებს გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენებას.

ირინა ფრუიძემ კი დაამატა, რომ ყველა კომიტეტმა მინიმუმ ერთი კანონპროექტის გენდერული ანალიზი აუცილებლად უნდა გააკეთოს წელიწადის განმავლობაში.

ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა საბჭოს ჩართულობა მიმოიხილა ამ მიმართულებით და აღნიშნა, რომ საბჭოს როლი იქნება იგივენაირი როგორიც იყო ეს გენდერული ზემოქმედების ანალიზის საპილოტე პროგრამაზე. საბჭოს თანამშრომლები გაუწევენ კოორდინაციას ამ საქმიანობას, ხელს შეუწყობენ კომიტეტებს და ორგანიზებას გაუწევენ ტრენინებს აღნიშნულ საკითხზე.

საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ბიუჯეტის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვის საკითხი და თანაბარი ანაზღაურების გამოთვლის საკითხიც.
თამარ ჩუგოშვილი დაეთანხმა საბჭოს კოორდინატორს და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად ნოლიდან ვიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას და ეს ძალიან რთულია, თუმცა აუცილებლად საცდელი საქმეა.

ამით ჯგუფი შეთანხმდა პირველ ამოცანაში, მის საქმიანობებსა და ინდიკატორებში შემავალ ცვლილებებზე და შეხვედრის პირველი ნაწილი დახურულად გამოცხადდა.

სამოქმედო გეგმაში არსებული საკანონმდებლო ბაზის ნაწილის განხილვით დაიწყო საბჭოს სხდომის მეორე დღე. ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა ახსნა თუ რა პრინციპით არის შესული აღნიშნული საკანონმდებლო საკითხები და დასძინა, რომ პირველ რიგში შეირჩა ის დიდი საკითხები, რომლებიც იყო გასული წლის სამოქმედო გეგმაში მაგრამ შეუსრულებელი დარჩა.

თამარ ჩუგოშვილმა შეაჯამა აღნიშნულ საკითხზე დისკუსია და გადავიდა სამოქმედო გეგმის სხვა ნაწილებზე. მან ასევე მიმოიხილა სტრუქტურა სამოქმედო გეგმის და შეიტანა გარკვეული ცვლილებები საბჭოს წევრებთან ერთად.

ადგილობრივი თვითმმართველობების საკითხის განხილვა დაიწყეს საბჭოს წევრებმა სამოქმედო გეგმის სხვა ნაწილების გავლის შემდგომ. სიტყვა გადაეცა ნინო გოგუაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია აქტივობების ჩატარება რეგიონებში გამოცდილების გაზიარების კუთხით, რათა მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ პლატფორმა საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის.

თამარ ჩუგოშვილმა კი აქვე აღნიშნა, რომ ყველაზე პრობლემატურ საკითხად მაინც რჩება ზოგიერთ საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოების არ არსებობა. ამის შემდგომ საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო მაქსიმალურად გაძლიერებული იყოს პარლამენტშიც.

ამ კუთხით, იგეგმება ცვლილებები, რათა გენდერული საბჭოს საქმიანობის კოორდინირებაზე პასუხისმგებელი იყოს საბჭოს აპარატი, რომელიც პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული იქნება. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ აუცილებელია საბჭოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ უნდა მოისმინოს და კრიტიკულად გაანალიზოს მთავრობის მიერ დაწერილი ანგარიშები.

ნინო გოგუაძემაც გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი და თქვა, რომ აუცილებელია ანგარიშების მოსმენა ისეთი სამინისტროებისგან როგორიცაა მაგალითად: განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო - ის უწყებები რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ გენდერული უთანასწორობის გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სამინისტროს წარმომადგენლების პარლამენტში დაბარებაც და მათგან ანგარიშების მოსმენა მნიშვნელოვანია.

თამარ ჩუგოშვილმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ პრიორეტულ მიმართულებებზე მომუშავე სამინისტროებიდან წარმომადგენლების მოწვევა არის საჭირო და შესთავაზა საბჭოს წევრებს, რომ ამიერიდან არცერთი საბჭოს სხდომა არ ჩატარდეს ამ ფორმატის გათვალისწინების გარეშე.

საბჭოს წევრებისთვის შემდეგი განსახილველი საკითხი გახლდათ განცხადების ტექსტი, რომელიც ეხებოდა ოჯახში ძალადობის ერთერთ საქმეს, რომელშიც მოძალადე დაკავებულ იქნა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრალდებული გირაოთი გათავისუფლებულ იქნა. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ხაზი უნდა გაესვას ფემიციდის შემთხვევის პოტენციურ საფრთხეს და რომ აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა ადევნონ აღნიშნულ საქმეს თვალი.

ნინო წილოსანმა აღნიშნულთან დაკავშირებით გაიხსენა, რომ ხშირად მივსულვართ ფატალურ შედეგებამდე ზუსტად ამ მიზეზით, რომ სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა მოძალადეს.

ამის შემდგომ, თამარ ჩუგოშვილმა სიტყვა გადასცა NDI-ის კონსულტანტს ელენე ალადაშვილს, რომელაც საბჭოს წევრებს გააცნო კომუნიკაციის სტრატეგია. მან მიმოიხილა მთავარი გამოწვევები ქვეყააში გენდერული თანასწორობის საკითხების კუთხით.

ელენე ალადაშვილმა ასევე გააცნო დამსწრე საზოგადოებას საბჭოს მისია და მისი ხედვა. მან გამოყო კომუნიკაციის სტრატეგიის სამი მთავარი ამოცანა: 1. საბჭოს პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება შიდა და გარე აუდიტორიაში. 2. საბჭო თემების აქტუალიზება საზოგადოებაში 3. შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება.

ელენე ალადაშვილმა ისაუბრა დოკუმენტის მთავარ მესიჯებზეც.

კომუნიკაციის სტრატეგიაზე დაყრდნობით ელენე ალადაშვილმა გარკვეული რეკომენდაციებიც გაუზიარა საბჭოს წევრებს. მან აღნიშნა რომ კარგი იქნება თუ შეიქმნება პარლამენტის ლოგო და სლოგანი, რომელსაც პარლამენტის წევრები გამოიყენებენ კომუნიკაციისას. ისაუბრა ინოვაციური მედიის გამოყენების აუცილებლობაზე. ასევე აღნიშნა, რომ კარგი იდეა იქნებოდა თუ დაიბეჭდებოდა საბჭოს შესახებ ბროშურები ინგლურ და ქართულ ენებზე.

თეონა ყუფუნია ჩაერთო რეკომენდაციების ნაწილში და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ საბჭოს წევრები უფრო პროაქტიულად წარმართავდნენ მსგავს საქმიანობას თუნდაც მაგალითად ბლოგების სახით.

ელენე ალადაშვილმა გააგრძელა რეკომენდაციების თავისი ნაწილის წარდგენა და შესთავაზა საბჭოს, რომ აწარმოოს ყოველწლიური კალენდარი სადაც იქნება აღწერილი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები გენდერული კუთხით. მან ასევე აღნიშნა, რომ სამი სახის აქტივობა უნდა ჩატარდეს საბჭოს მიერ ყოველწლიურად:

● ყოველწლიური მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია;
● პარლამენტების დონეზე რეგიონული შეხვედრები;
● ადგილობრივი ფორუმი.

მან ასევე ურჩია საბჭოს, რომ უფრო აქტიურად გამოიყენოს სოციალური მედია და შექმნას თავისი ფეისბუქ გვერდი, ინსტაგრამის გვერდი და Youtube-ის არხიც.

ელენე ალადაშვილმა შეაჯამა თავისი პრეზენტაცია, რის შემდგომაც საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა მას გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ ეს მოცულობითი დოკუმენტი არის სამუშაო დოკუმენტი საბჭოს წევრებისთვის, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის შემუშავდება უფრო მოკლე აღწერა გენდერული თანასწორობი საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიის.

ამის შემდგომ სხდომის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ სახელმწიფო კონცეფციის, სამოქმედო გეგმისა და სამაგიდო კვლევის მთავარი მიგნებების პრეზენტაცია შედგება 30 იანვარს. მან ასევე შეაჯამა ორდღიანი შეხვედრა, მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებსა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დასწრებისთვის და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

 

სხდომის თავმჯდომარე: თამარ ჩუგოშვილი
სხდომის მდივანი: ანა წურწუმია-ზურაბაშვილი