empty

ოქმი N2


საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს
სხდომის ოქმი N2

2017 წლის 13 ივნისი, 11:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი, N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

სხდომის თავჯდომარე: თამარ ჩუგოშვილი
სხდომის მდივანი: თინათინ ავალიანი
სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:
ირინა ფრუიძე
გუგული მაღრაძე
დიმიტრი ცქიტიშვილი
ადა მარშანია
ნინო წილოსანი
თინათინ ბოკუჩავა
ხათუნა გოგორიშვილი
თამარ ხულორდავა

სხდომას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - სოფო ჯაფარიძე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - თამარ ჯანელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი - მაკა ფერაძე; საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსი - სალომე შენგელია.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა. მან საბჭოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა შეკრებისთვის და გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

დღის წესრიგი:

  1. საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის მიმოხილვა;
  2. სამოქმედო გეგმის ამოცანების დანაწილება;
  3. ფემიციდის შემთხვევებზე სამართლებრივი რეაგირების გამოწვევები;
    მომხსენებლები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები.
  4. ინფორმაციის მოსმენა გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე
    მომხსენებელი - სოფო ჯაფარიძე, საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
  5. სხვა საკითხები

თამარ ჩუგოშვილმა სიტყვა გადასცა გენდერული თანასწორობის საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელს, თინათინ ავალიანს, რომელმაც მიმოიხილა საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობა.

თინათინ ავალიანმა ისაუბრა სამოქმედო გეგმაში გაწერილი ამოცანების შესრულების პროცესზე თითოეული ინდიკატორის მიხედვით. მან საბჭოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო როგორც შესრულებული და პროცესში მყოფი აქტივობები, აგრეთვე საბჭოს სამომავლო გეგმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის სრულყოფილად შესრულებას. თინათინ ავალიანმა ხაზი გაუსვა დონორების დიდ მხარდაჭერას სამოქმედო გეგმით გაწერილი სამუშაოების შესრულებაში. ქალბატონმა თინათინმა მიმოიხილა ყველა ის ღონისძიება, რომელიც აქამდე ჩატარდა საბჭოს მონაწილეობით: შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ და რეგიონულ ცნობიერების ასამაღლებელ პროექტებში საბჭოს წევრების მონაწილეობა, საბჭოს გასვლითი შეხვედრები რეგიონებში და სხვა. თინათინ ავალიანის განცხადებით, საბჭომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად მოისმინა ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლის სამთავრობო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში. მან ასევე დააანონსა საბჭოს უახლოესი გეგმები, რაც გულისხმობს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაო შეხვედრების გამართვას საერთაშორისო ექსპერტთან საკანონმდებლო ინიციატივებისა და ბიუჯეტის გენდერული ანალიზის კუთხით და საბჭოს რიგ რეგიონულ გასვლით ვიზიტებს, რომლებიც დონორი ორგანიზაციების უდიდესი მხარდაჭერით ხორციელდება.

სამომავლო საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, თინათინ ავალიანმა აღნიშნა, რომ საბჭოს ჩამოყალიბებული აქვს საერთო მოსაზრება სექსუალურ შევიწროებაზე და მიმდინარეობს შიდა ადვოკატირება. აგრეთვე, პროცესშია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის მხარდამჭერი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება. ქალბატონმა თინათინმა აღნიშნა, რომ საბჭოში არსებობს მზაობა კვოტირების თემაზე მუშაობის დასაწყებად. თამარ ჩუგოშვილმა ამას დაამატა, რომ 12 ივნისს პარლამენტში შემოსულია საკანონმდებლო პაკეტი 30 000 ხელმოწერით გენდერულ კვოტირებაზე, რაც ნიშნავს იმას რომ პროცესი დაწყებულია და საბჭომ უნდა იმსჯელოს და ჩამოყალიბდეს საერთო აზრზე, იხელმძღვანელონ თუ არა აღნიშნული კანონპროექტით ქვოტირების იდეის ადვოკატირების დროს.

თინათინ ავალიანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკვე განხორციელებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ევროპის საბჭოსთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა სტამბოლის კონვენციაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მინისტრების მოადგილეები და უცხოელი ექსპერტები იმ ქვეყნებიდან, რომელთაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით. ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, რისთვისაც ქალბატონმა თინათინმა დიდი მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ აქტივობების უმეტესობაზე, კონკრეტულად მათ 51%-ზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია და მათი შესრულება წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ საკითხებს შორისაა საკანონმდებლო წინადადებების საპილოტე გენდერული ანალიზი და სამაგიდე კვლევა გენდერული თანასწორობის შესახებ, რასაც უნდა დაეფუძნოს ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და საბჭოს სამ წლიანი სამოქმედო გეგმა. ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, რომ ამ და სხვა აქტივობების შესრულებაში მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

მოხსენების შემდეგ დრო დაეთმო კითხვებს და კომენტარებს.

გუგული მაღრაძემ გამოთქვა აზრი, რომ ცნობიერების ამაღლების შეხვედრების დაგეგმვის დროს აუცილებელია სხვა, არაპირდაპირი სამიზნე ჯგუფების დაფარვაც - მაგალითად ბიზნეს სექტორის. აგრეთვე, მან აღნიშნა პარლამენტთან შეხვედრების დაგეგმვის მნიშვნელობა გენდერული კვოტირების ადვოკატირების პროცესში, რათა საკითხის მოსმენაზე გატანამდე ეფექტიანი შიდა კომუნიკაცია იყოს დეპუტატებს შორის. ის ასევე მიესალმა გენდერული ანალიზის გასაკეთებლად საერთაშორისო ექსპერტთან შეხვედრებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა ანა ფაშალიშვილმა გამოთქვამ მზაობა გენდერული ბიუჯეტირების დროს საბჭოსთვის დახმარების გასაწევად.

ამის შემდეგ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა სალომე შენგელიამ ისაუბრა თუ რა დაბრკოლებები და გამოწვევები აქვს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მუშაობისას საქართველოს პროკურატურას. მან პირველ რიგში აღნიშნა, რომ ფემიციდის დეფინიცია სისხლის სამართლის კოდექსში არ არის, იწარმოება ქალთა მკვლელობების სტატისტიკა. 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო 19 მკვლელობა, ყველაზე მაღალი რიცხვი; 2015 – 8 შემთხვევა; 2016 წელს - 14 მკვლელობა. 2016 წელს საქართველოს პროკურატურამ ანალიზი გაუკეთა აქამდე ჩადენილი ქალთა მკვლელობების საქმეებს. გამოიკვეთა ის ძირითადი ტენდენცია და გამოწვევები, რის წინაშეც დგას სამართალდამცავი სტრუქტურა - ერთ-ერთი გამოწვევა, არის ის, რომ არ ხდება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის და გენდერული ასპექტის გამოკვეთა სისხლის სამართლის საქმეებში.

ქალბატონმა სალომემ აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურას აქვს მკაცრი მიდგომა ოჯახური ძალადობის კვალიფიკაციის დანაშაულების მიმართ იმ ფარგებში, რის საშუალებასაც იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა პროფესიული განვითარების კუთხით, რისთვისაც მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით UN Women-ს. ქალბატონმა სალომემ მოხსენება დაასრულა პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით პროკურატურის აქტივობების მიმოხილვით.

მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თამარ ჩუგოშვილმა, ხათუნა გოგორიშვილმა, ირინა ფრუიძემ, გუგული მაღრაძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ნინო წილოსანმა, პაატა ბელთაძემ და ბაია პატარაიამ. ყურადღება გამახვილდა 2016 წელს ფემიციდის შემთხვევების ზრდაზე; შსს-ს სპეციალური დანაყოფის შექმნაზე, რომელიც გენდერული დისკრიმინაციის და გენდერული მოტივით ჩადენილ დანაშაულზე იქნება სპეციალიზებული; კანონმდებლობის ხარვეზებზე და კონკრეტული მუხლის აუცილებლობაზე სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ქალთა მკვლელობას გენდერული ნიშნით გამოკვეთს ცალკე, განყენებულად მდგომ დანაშაულად; სასამართლოს ნაკლები მზაობაზე დამამძიმებელ გარემოებად გენდერული მოტივის გათვალისწინების დროს და იმ შემთხვევებზე, როდესაც პროკურატურის მხრიდან არ არის საკმარისად ეფექტიანი პრევენციის ღონისძიებები გატარებული, რასაც მკვლელობა მოჰყვება.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა ფემიციდის მუხლის არარსებობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დანაშაულთან ბრძოლისთვის და ეფექტიანი რეაგირებისთვის სასარგებლო იქნება ფემიციდის და ქალთა მკვლელობის მუხლების ცალკე გამოყოფა სისხლის სამართლის კოდექსში. მან ხაზი გაუსვა, რომ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პროკურატურას არ აქვს ბევრი ბერკეტი საგამოძიებო პროცესის დროს - მიუხედავად სტამბოლის კონვენციის ფარგლებში მიღებული ცვლილებებისა, მკვლელობებთან მიმართებაში საკანონმდებლო ბაზა არაა შეცვლილი.

ამის შემდგომ სიტყვა გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, ქალბატონ მაკა ფერაძეს, რომელმაც ისაუბრა 112-ში ოჯახური კონფლიქტების შესახებ შესულ შეტყობინებებზე რეაგირებასა და იდენტიფიკაციაზე; იმ დაბრკოლებებზე, რაც ხელს უშლის პოლიციის რეაგირებას, კონკრეტულად კი პოტენციური დაზარალებულისგან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა; მოსახელობის უნდობლობაზე სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ; ბიუროკრატიულ სირთულეებზე, რაც აფერხებს მოსახლეობასთან თანამშრომლობას; ჩვენებების მუდმივ ცვლაზე; სპეციალური დანაყოფის არაეფექტურობაზე, რადგან, როგორც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, გეოგრაფიული თვალსაზრისით უფრო სტრატეგიულია მეტი გადამზადებული პოლიციელის არსებობა ოჯახურ და გენდერულ საკითხებზე, ვიდრე სპეციალურ დანაყოფებზე დაყრდნობა.

აგრეთვე, მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რასაც მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახური დანაშაულის პრევენციისთვის და ცნობიერების ამაღლების კუთხით.

მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მიმართვიანობის პარალელურად იზრდება მკვლელობათა რიცხვიც. მან მაგალითად მოიყვანა ფემიციდის ბოლო შემთხვევა, რომლის დროსაც პოლიციისთვის მრავალგზის მიმართვას ჰქონდა ადგილი. ქალბატონმა თამარმა დასვა კითხვა, თუ როგორ მოხდა ის, რომ მიმართვიანობის ამ სიხშირის მიუხედავად პოლიციის რეაგირების ეფექტიანობა არ აღმოჩნდა საკმარისი მკვლელობის ფაქტის თავიდან ასაცილებლად.

ქალბატონმა მაკამ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რადგან აღნიშნული შემთხვევის დროს პოლიციის რეაგირება იყო შემაკავებელი ორდენი, რომლის დარღვევის შემდეგ მოძალადის სასამართლოში დაბარება დამთავრდა იმით, რომ სასამართლომ ის შენიშვნის მიცემით გამოუშვა. შესაბამისად, კანონის მიხედვით პოლიციას ამოწურული ჰქონდა თავისი ბერკეტები.

დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ თუ გავითვალისწინებთ საკითხის სენსიტიურობასა და მისი მოგვარების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასთან კავშირს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირები იყვნენ წარმოდგენილები შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს პროკურატურიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილმა და იდა ბახტურიძემ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სპეციალური დანაყოფის შექმნის მნიშვნელობას.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა ფემიციდის მუხლზე პარლამენტში მუშაობის დაწყების აუცილებლობა, გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მოხსენებებიდან.

ამის შემდეგ, სიტყვა გადაეცა საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწეს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - სოფო ჯაფარიძეს.

თამარ ჩუგოშვილმა მის მოწვევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომაზე ქალბატონი სოფოს დასწრების პერმანენტული ხასიათი სასარგებლო იქნება გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებული მუშაობისთვის.

სოფო ჯაფარიძემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და მიესალმა სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლის მოწვევას. მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რასაც ახორციელებს მთავრობა გენდერული თანასწორობის კუთხით. ხაზი გაესვა 2016 წელს დამტკიცებულ ორ გეგმას: „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელი ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმას“ და აგრეთვე „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმას“. ქალბატონმა სოფომ მიმოიხილა აღნიშნული გეგმების შესასრულებლად დღემდე განხორციელებულ ღონისძიებები. მან დამსწრე საზოგადოებას სიხარულით აცნობა, რომ დამტკიცდა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია.

სხდომის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას სხდომაში მონაწილეობისათვის და სხდომა დახურა.

სხდომის თავმჯდომარე: თამარ ჩუგოშვილი
სხდომის მდივანი: თინათინ ავალიანი