empty

ოქმი N3


საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს
სხდომის ოქმი N3


2017 წლის 24 ოქტომბერი, 12:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი, N8
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, lll სართული)

სხდომის თავჯდომარე: თამარ ჩუგოშვილი
სხდომის მდივანი: ანა წურწუმია-ზურაბაშვილი
სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:
ეკა ბესელია
თამარ ხულორდავა
დიმიტრი ცქიტიშვილი
ადა მარშანია
ნინო გოგუაძე
ენძელა მაჭავარიანი
რატი იონათამიშვილი
სოფო კილაძე
სხდომას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - სოფო ჯაფარიძე, მედიისა და საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (40-ზე მეტი ორგანიზაცია).
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა. მან საბჭოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა შეკრებისთვის და გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

დღის წესრიგი:

1. სამაგიდე კვლევის პრეზენტაცია - “გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები” (UNDP, PROLoG/USAID);
2. გენდერული საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კონცეფციის წარდგენა - ელენე ალადაშვილი, NDI-ს კონსულტანტი;
3. შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პრეზენტაცია - დიმიტრი ცქიტიშვილი და ანა წურწუმია-ზურაბაშვილი;
4. პარლამენტის წევრების, სალომე სამადაშვილის და ხათუნა გოგორიშვილის განცხადებების განხილვა.

მისასალმებელი სიტყვის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც საბჭო თავისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ახორციელებს. თამარ ჩუგოშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, რომ საბჭომ უკვე დაიწყო გენდერული ზემოქმედების ანალიზის (GIA) საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ორი კანონმდებლობა იქნება განხილული გენდერულ ჭრილში.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს გენდერული თანასწორობის საკითხების გარშემო არსებული კვლევების მოგროვებისა და პარლამენტის საიტზე განთავსების პროცესში დახმარებისთვის.

ამასთანავე, თამარ ჩუგოშვილმა სხდომის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია, დაგეგმილი საჯარო შეხვედრების შესახებ, რომელსაც ნინო გოგუაძე გაუძღვება ზუგდიდში, ოზურგეთში და ქუთაისში.

სხდომის თავმდჯომარემ მოკლედ მიმოიხილა სამაგიდე კვლევაზე მუშაობის პროცესი. შემდგომში, კვლევის ძირითადი საკითხები ადგილობრივმა ექსპერტებმა თამარ თომაშვილმა და ნინო ჯანაშიამ წარადგინეს.

ამი შემდგომ თამარ ჩუგოშვილმა სიტყვა გადასცა ადგილობრივ ექსპერტს თამარ თომაშვილს, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში გამოყო კვლევის 3 ძირითადი მიმართულება: საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზები, ინსტიტუციონალური ცვლილებები და პრაქტიკაში განხორციელებისას გამოვლენილი საჭიროებები. მან აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში იკვეთება აღსრულების მექანიზმების გაუმჯებესების საჭიროება.

თვითმმართველობებში არსებულ საბჭოებთან დაკავშირებით თამარ თომაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროია მკაფიოდ განისაზღვროს ამ ორგანოების ან გენდერული მრჩეველების ვალდებულებები. კვლევის მთავარი მიგნებების თანახმად, აუცილებელია სექსუალური შევიწროვების საკითხის რეგულირება როგორც კერძო და საჯარო სტრუქტურებში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. გარდა ამისა, კვლევის თანახმად აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდეს მუხლები ფემიციდისა და გენდერული ძალადობის შესახებ. თამარ თომაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობა გახდეს ex officio დანაშაული, რაც გულისხმობს იმას, რომ მოძალადის მიმართ საქმის აღძვრა აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ მსხვერპლის განცხადებაზე. ექსპერტების აზრით, კანონში ასევე რეკომენდებულია გაჩნდეს მუხლები გენდერული მეინსტრიმინგისა და გენდერული ბიუჯეტირების შესახებ. კვლევის თანახმად, უფრო მეტადაა საჭირო ჰარმონიზაციის მოხდენა სტამბოლის კონვენციასთან, (მაგალითად გაუპატიურების ნაწილში). ოჯახში ძალადობასთან მიმართებით თამარ თომაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო გრძელვადიანი ორდერების გაცემა და რომ იურიდიული დახმარება ნებისმიერი მსხვერპლისთვის უნდა იყოს უფასო და მეტად ხელმისაწვდომი. ექსტერტმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში იკვეთება და აღნიშნა, რომ აუცილებელია სქესის შერჩევითი აბორტების საკითხზე ყურადღების გამახვილება.

სამაგიდე კვლევაზე მომუშავე მეორე ადგილობრივმა ექსპერტმა, ნინო ჯანაშიამ ისაუბრა ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ მონაწილეობაზე. მან მწუხარება გამოთქვა იმის შესახებ, რომ დღეს პოლიტიკაში ქალები არ წარმოადგენენ ე.წ. “კრიტიკულ მასას” და რომ გენდერული კვოტირების სისტემის დანერგვა ერთ-ერთი გადაჭრის გზა არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად. ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის ნაწილში, ნინო ჯანაშიამ ისაუბრა ვერტიკალური და ჰორიზონტალური სეგრეგაციის შესახებ და აშნიშნა, რომ აუცილებელია თანაბარი ანაზღაურების საკითხის რეგულირება. კვლევის თანახმად, ასევე აუცილებელია წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრა და დასაქმებულებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.

ნინო ჯანაშია ასევე შეეხო დეკრეტული შვებულების საკითხსაც და აღნიშნა, რომ საჭიროა კაცები გახდნენ სუბიექტები მსგავსი ტიპის შვებულების. ნინო ჯანაშიამ ასევე ისაუბრა განათლების სფეროსი არსებულ პრობლემებზე. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მან გამოყო ადრეული ქორწინება და ამ მიზეზით სწავლის შეწყვეტა ახალგაზრდა გოგონებში. მისი აზრით, ამ ნაწილში რეფერირების მექანიზმია დასახვეწი. რაც შეეხება გენდერს და სპორტს, კვლევამ აჩვენა, რომ სამწუხაროდ ამ სფეროში არ არსებობს გენდერულად სეგრეგირებული მონაცემები, რაც ინფორმაციის მოპოვების გზაზე ბევრ პრობლემასთან ასოცირდება.

პრეზენტაციის შემდგომ დრო დაეთმო კითხვებს და კომენტარებს.

თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ექსპერტებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ეს სამაგიდე კვლევა იქნება საფუძველი იმისა თუ რა საკითხები შევა საბჭოს სამოქმედო გეგმასა და სახელმწიფო კონცეფციაში.

დისკუსიის ფარგლებში სოფო კილაძემ ხაზი გაუსვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას და საზოგადოებას მოახსენა იმის შესახებ, რომ ქართულ ოცნების ინიციატივით ნაძალადევში გახსნილია ქალების სოციალური საწარმო. მან ასევე გამოხატა ექსპერტებთან თანამშრომლობის სურვილი ზოგიერთ საკანონმდებლო პაკეტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით. სოფო კილაძემ, დასძინა, რომ გენდერული ზემოქმედების ანალაზის საპილოტე პროგრამას პარლამენტში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სოფო ჯაფარიძემ (პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში) მადლობა გადაუხადა ექსპერტებს ჩატარებული კვლევისთვის და ისაუბრა იმაზე, რომ უწყებათაშორისი კომისიის მიერ სწორედ ახლა მიმდინარეობს სამი სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავება და რომ ეს კვლევა მათთვისაც გამოსადეგი იქნება.

აქტივისტმა ბაია პატარაიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ კვლევა არ ფარავდა ორ მნიშვნელოვან საკითხს: 1. პრევენციის მექანიზმები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და 2. რეპროდუქციული განათლება. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია „საფარიც“ ამზადებს კვლევას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ.

ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ უკეთესი სურათის დასანახად, აუცილებელია სტატისტიკისა და კონკრეტული მონაცემების განხილვა, რადგანაც ზოგიერთ საკითხზე ბუნდოვანია თუ კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია გენდერული თანასწორობის საბჭოს საკანონმდებლო კუთხით.

მსგავსი მოსაზრება დააფიქსირა დიმიტრი ცქიტიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია კანონშემოქმედებითი პროცესი წარიმართოს ემპირიულ ანალიზზე და არა პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ასპექტში ბევრი ეს საკითხი იკვეთება ერთმანეთში და აუცილებელია ამ ფაქტორის გათვალისწინება.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა, ლინა ღვინიანიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელსაც არ ფარავს წარმოდგენილი კვლევა და ისაუბრა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მაგალითად, სპეციფიკური საჭიროებების მქონე ქალების საკითხი (შშმ პირები ან ლგბტ ქალები) და არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული ქალების პრობლემები.

ქალთა მოძრაობის წევრმა, იდა ბახტურიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მიგრანტი ქალების პრობლემებიც გასათვალისწინებელია კვლევაში. მან ასევე ისაუბრა სქესის ნიშნით ჩატარებული აბორტების შესახებ და დასვა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად კარგი გამოსავალია მხოლოდ კანონით აკრძალვა მსგავსი ქმედებების და არის თუ არა საჭიროება იმისა, რომ სხვა მიმართულებითაც იყოს მსჯელობა პრევენციის შესახებ.

კითხვებისა და კომენტარების შემდგომ ადგილობრივმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ დისკუსიის ფარგლებში წამოჭრილი საკითხების უმეტესეობა კვლევის სრულ ვარიანტში გათვალისიწნებულია. რაც შეეხება სქესის შერჩევით აბორტებს, მათ აღნიშნეს, რომ დიდი კამათი იყო ამ საკითხის გარშემო თუმცა მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის ყველაზე ქმედითი მექანიზმი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კვლევა მოიცავს როგორც ლგბტ და არაფორმალურ სექტორში მომუშავე ქალთა უფლებებს, ასევე ნარკოდამოკიდებული ქალების პრობლემებსაც. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს, იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ, რომელიც აკისრია საქართველოს ჯანდაცვისა თუ სხვა სფეროებში გენდერული თანასწორობის კუთხით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ნებისმიერ სფეროში შეიძლება გაიწეროს კონკრეტული რეკომენდაციები მიუხედავად იმისა, რომ კავშირის დანახვა ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს.

ამის შემდგომ, თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა ელენე ალადაშვილი, გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტის კონსულტანტი (NDI). ელენემ წარმოადგინა საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტის კონფეცია. მან ხაზი გაუსვა იმ ძირითად მისიას და ხედვას, რომელიც უნდა იყოს ფუნდამენტი საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიის. ელენე ალადაშვილმა მიმოიხილა გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე ინსტიტუციური სურათი და გამოყო ის ძირითადი აქტორები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. მან ასევე გააცნო დამსწრე საზოგადოებას ძირითადი პრინციპები, რომელსაც დაფუძნებულია სტრატეგია. ელენემ წარმოადგინა ინფორმაცია საბჭოს ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, ასევე მისი შესაძლებლობებისა და საფრთხეების შესახებ. შესაძლებლობების ნაწილში მან გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ გარე კომუნიკაციის ნაწილში საბჭოს შეუძლია უფრო აქტიურად გამოიყენოს სოციალური მედია ან/და რომ უფრო გააძლიეროს თავისი ადამიანური რესურსი.

პრეზენტაციის შემდგომ დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ სასურველია ამ სტრატეგიის შესრულება პარლამენტის ამ მოწვევის ვადის ამოწურვამდე გაიწეროს.

სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ უწყებათაშორის კომისასთანაც შედგება კოორდინირებული მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ მათ საერთო სამიზნე აუდიტორია ჰყავთ.

პაატა ბელთაძემ აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს საჭიროებას იმისა, რომ დოკუმენტში აღნიშნული იყოს საფრთხე გენდერული თანასწორობის მიმართ სახელმწიფოს ინტერესის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით.

მამუკა გაჩეჩილაძემ (ქალთა საინფორმაციო ცენტრი) გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთოს ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში.

ბაია პატარაიამ აღნიშნა, რომ საფრთხეების ნაწილში აუცილებელია იმ რადიკალურ დაჯგუფებებთან ბრძოლა, რომლებიც აწარმოებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას და რომლებიც საფრთხეებად აღიქვამენ ლიბერალურ ღირებულებებს.

ამის შემდგომ სიტყვა გადაეცა დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელმაც ისაუბრა შრომის კოდექსზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობის შესახებ. მან ისაუბრა პოტენციური ცვლილებების არსზე და პაკეტის მნიშვნელობაზე გენდერული თანასწორობის ჭრილში.

დიმიტრი ცქიტიშვილმა სიტყვა გადასცა ანა წურწმუა ზურაბაშვილს, რომელმაც წარმოადგინა ჯგუფის მუშაობის შედეგები და უფრო სიღრმისეულად განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: დისკრიმინაციის ნიშნებში “ჯანმრთელობის მდგომარეობის, გარეგნობის, ორსულობისა და დედობის” ჩამატება, ვაკანსიებისა და გასაუბრებების საკითხი, სამუშაო დროის საკითხი, თანაბარი ანაზღაურება, სექსუალური შევიწროვება სამუშაო ადგილეზე, დასაქმებული ქალების დედობის დაცვის უფლება, სამსახურიდან დათხოვნისა და დეკრეტული შვებულების საკითხები.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია. ბაია პატარაიამ დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რომ დისკრიმინაციის ნიშნებზე საუბრისას აუცილებელია “დედობა” ჩანაცვლდეს “მშობლობით”, რათა არ მოვახდინოთ მამების გამორიცხვა. ის ასევე შეეხო სექსუალური შევიწროვების საკითხსაც და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პრობლემის რეგულირება არა მხოლოდ შრომის კოდექსში იმისათვის, რომ მოხდეს ზოგადად სექსუალური შევიწროვების აკრძალვაც.

მაკა მეშველიანმა აღნიშნა, რომ არსებობს ბევრი საკითხი, რომლის მოგვარებაც საჭიროა კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, ხოლო ეს კი ხშირ შემთხვევაში პრობლემურია. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სტრატეგია იმის თაობაზე თუ როგორ იმუშავებს კერძო სექტორთან შრომითი უფლებების ჭრილში.

დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა სამუშაო ჯგუფში ასევე ჩართულები იყვნენ პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლები, ომბუდსმენისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები.

შეჯამების სახით თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფის წევრებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამ პროცესის მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა სექსუალური შევიწროვების საკითხის შესახებ და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩატარებული აქვს თავისი კვლევა ამის გარშემო. მან აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, თუმცა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც დგას დღის წესრიგში.

შრომის კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვის შემდგომ ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა დღის წესრიგის შემდეგი საკითხი წარადგინა, რომელიც ეხებოდა პარლამენტის წევრების, სალომე სამადაშვილისა და ხათუნა გოგორიშვილის განხსადებებს, სადაც ისინი მიუთითებენ 9 და 10 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტების შესახებ. ამის შემდგომ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს არ გააჩნია არანაირი ინსტიტუციური მექანიზმი გარდა იმისა, რომ გააკეთოს ამ ინციდენტების შესახებ განცხადება.

თამარ ჩუგოშვილმა სიტყვა გადასცა გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორს, ანა წურწუმია-ზურაბაშვილს, რომელმაც დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას განცხადებების შინაარსი. საბჭოს კოორდინატორმა აღნიშნა, რომ ინციდენტის აღწერისას განმცხადებლები მიუთითებდნენ ისეთ გარემოებებზე და ფრაზებზე, რომელიც მათი აღქმით შეიცავდა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს და გამომდინარე აქედან, განმცხადებლები მიმართავდნენ საბჭოს ადეკვატური რეაგირებისთვის.

ანა წურწუმია-ზურაბაშვილის შემდგომ, სიტყვა გადაეცა თავად ერთ-ერთ განმცხადებელს, სალომე სამადაშვილს, რომელმაც მადლობა გადაუხადა საბჭოს ამ საკითხის განხილვისთვის, მიუხედავად გადატვირთული დღის წესრიგისა. სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი სცდება ყოველგვარ პარტიულ ინტერესებსა თუ დაპირისპირებებს და რომ მსგავსი დისკრიმინაციული თუ სექსისტური განცხადებები პარლამენტარების მხრიდან დიდ პრობლემას წარმოადგენს მთელს უწყებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. სამადაშვილმა დასძინა თუ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსმა შემთხვევებმა იმ ახალგაზრდა გოგონებზე, რომლებიც ტელეეკრანებთან უყურებნ საპარლამენტო ცხოვრებას. საბოლოოდ ქალბატონმა სალომემ დაამატა, რომ მან ეს განცხადება იმისთვის შემოიტანა, რათა საბჭოს წევრებთან ერთად დაეწყო დისკუსია მსგავსი ინციდენტების აღმოსაფხვრელად საჭირო რეალური მექანიზმის შესახებ.

სალომე სამადაშვილის საპასუხოდ, ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ნამდვილად ცდება ყოველგვარ პარტიულ ინტერესებს. მან მადლობა გადაუხადა სალომე სამადაშვილს იმისათვის, რომ მსგავს საკითხზე განცხადების შემოიტანით შექმნა პირველი პრეცედენტი. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი შემთხვევები მიგვანიშნებს ეთიკის კოდექსის მიღების აუცილებლობაზე. მისი აზრით, სწორედ ეთიკის კოდექსი არის ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ყველაზე ადეკვატური და ეფექტური რეაგირება იქნება შესაძლებელი.

ამის შემდგომ სიტყვა გადაეცა ენძელა მაჭავარიანს, რომელიც დაეთანხმა თამარ ჩუგოშვილის ეთიკის კოდექსის მიღების აუცილებლობაში. გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები ხორციელდება როგორც ქალების ისე კაცების მისამართით და პირადად ის ვერ ხედავს ამ ინციდენტებში სექსისტურ მიდგომებს.

რატი იონათამიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ის მიესალმა სალომე სამადაშვილის და ხათუნა გოგორიშვილის გადაწყვეტილებებს განცხადებების შემოტანის თაობაზე.

თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ პარლამენტარები უფრო მაღალ სტანდარტს უნდა აწესებდნენ. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ თითოეულ პარლამენტარს უფრო მეტი მოთხოვნა უნდა გააჩნდეს საკუთარი თავის მიმართ. და ბოლოს, თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ ეს ნამდვილად არის ძალიან კარგი პრეცედენტი.

დისკუსიის დასასრულს სიტყვა გადაეცა ეკა ბესელიას, რომელიც დაეთანხმა წინა სპიკერს და აღნიშნა, რომ პარლამენტში საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის არსებობა და სწორედ პარლამენტარებს აქვთ როგორც მეტი პასუხისმგებლობები, ისე მეტი ვალდებულებებიც. ეკა ბესელიას აზრით, წინა მოწვევის პარლამენტის დროსაც უნდა შექმნილიყო საჩივრების დაწერის მსგავსი პრეცედენტები, რადგან მაშინაც იყო მსგავსი შემთხვევები. მან ასევე ხაზი გაუსვა ეთიკის კოდექსის შემოღების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ის აქტიურად ლობირებს ამ პროცესს.

დისკუსიისა და კომენტარების შემდგომ საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა შეჯამების სახით აღნიშნა, რომ გარდა ეთიკის ნორმებისა ეს საკითხი ასევე აუცილებლად გენდერულ კონტექსშიც იყოს განხილული. მან ასევე დაამატა, რომ ქალები ისედაც ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ასპარეზზე.

სხდომის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას სხდომაში მონაწილეობისათვის.


სხდომის თავმჯდომარე: თამარ ჩუგოშვილი
სხდომის მდივანი: ანა წურწუმია-ზურაბაშვილი