საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება

„დამტკიცებულია“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

2017 წლის 16.02 №41/3 ბრძანებით

 

 

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის

საბჭოს დებულება

 

I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

1. საქართველოს პარლამენტი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომ – საბჭო).

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტებით.

3. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

 

 

II. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

 

მუხლი 2

საბჭო ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფას, შესაბამისი სტრატეგიის განხილვასა და დამტკიცებას, გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლს, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

 

მუხლი 3

საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის ხელშეწყობა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება და კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ) საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;

დ) გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ე) გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენელთა საქართველოს პარლამენტში დაბარება და მათგან ინფორმაციის მიღება; 

თ) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის ანგარიშის მოსმენა;

ი) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) ქალთა უფლებებთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ეროვნული სამოქმედო გეგმების განხორციელების ზედამხედველობა;

მ) მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მუხლი 4

გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით საბჭო:

ა) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი წყაროებით რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და ავრცელებს განცხადებებს ქალთა უფლებების დარღვევასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული თემებისა და ტენდენციების თაობაზე;

გ) კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიებს მათში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;

დ) თანამშრომლობს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოებთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან, მუნიციპალიტეტებში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და გენდერულ საკითხებში მრჩევლებთან, აგრეთვე მუნიციპალიტეტების საკრებულოთა წევრ ქალებთან.

 

მუხლი 5

საბჭო წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს  საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.

 

მუხლი 6

საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ურთიერთობებში.

 

 

III. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა

 

მუხლი 7

1. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

2. საბჭოს შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. საბჭო შედგება საქართველოს პარლამენტის არანაკლებ 10 წევრისაგან, რომლებიც შეირჩევიან პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის წევრთა პროცენტული რაოდენობის პროპორციულად. (7.04.2017 №133/3)

4. საბჭოს წევრის შერჩევისას გაითვალისწინება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობა ან/და მუშაობის გამოცდილება.

5. საბჭოს თავმჯდომარის მიწვევით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საქართველოს მთავრობის წევრებმა, უწყებათა ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 

 

IV. საბჭოს მუშაობის წესი

 

მუხლი 8

1. საბჭოს სხდომას არანაკლებ კვარტალში ერთხელ იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს სხდომაზე საკითხის დასმის უფლება აქვთ:

ა) საბჭოს თავმჯდომარეს;

ბ) საბჭოს წევრს.

4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

 

მუხლი 9

საბჭოს საქმიანობის ეფექტიან ორგანიზებაში საბჭოს თავმჯდომარეს – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს/საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – ხელს უწყობს მისი კაბინეტის/სამდივნოს თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე მუშაობს მისი საქმიანობის თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.