საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შესახებ


საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობა 2004 წლიდან დაიწყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.

მოგვიანებით, 2010 წელს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ, გენდერული თანასწორობის საბჭო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ორგანო გახდა.

საბჭოს მთავარი მიზანი გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა.
საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, საბჭოს დებულებითა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტებით.

საბჭო ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას. ის აგრეთვე პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებაზე. საბჭო აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი სტრატეგიის განხილვასა და დამტკიცებას, ისევე როგორც გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლს.

საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიზნით საბჭო თანამშრომლობს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოებთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან, მუნიციპალიტეტებში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და გენდერულ საკითხებში მრჩევლებთან, აგრეთვე მუნიციპალიტეტების საკრებულოთა წევრ ქალებთან.

საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამეტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით - თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

პარლამეტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, 2017 წლის იანვრიდან საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.

2017 წლის იანვარშივე დამტკიცდა საბჭოს ახალი, გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც 16 წევრი შედის.

გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის სამდივნო.