გლობალური სამიტის ფარგლებში საქართველოსა და კოსტა რიკას რესპუბლიკის დელეგატებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

30 ოქტომბერი 2015
გლობალური სამიტის ფარგლებში საქართველოსა და კოსტა რიკას რესპუბლიკის დელეგატებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრს, თამარ კორძაიასა და კოსტა რიკას რესპუბლიკის საკანონმდებლო ასამბლეის (პარლამენტის) პრეზიდენტს, რაფაელ ორტიზს შორის ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით კი, საკანონმდებლო დონეზე მიღწეული პროგრესის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა თანამშრომლობის და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის ასპექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

ორმხრივ შეხვედრაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა საქართველოსა და კოსტა რიკას შორის არსებული პოზიტიური, მეგობრული ურთიერთობების შესახებ. ამასთან, დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ „საკანონმდებლო დონეზე, საქართველო და კოსტა რიკა წარმატებით თანამშრომლობენ მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მხარეებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება საერთო ინტერესების არეალში. ამასთან დაკავშირებით, მსურს, გადმოგცეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოწვევა საქართველოში.“ კოსტა რიკას რესპუბლიკის საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ დეპუტატს მოწვევისთვის და თავის მხრივ, ქართული მხარე კოსტა რიკაში მიიწვია.

ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა მადლობა გადაუხადა კოსტა რიკას პარლამენტის პრეზიდენტს, რაფაელ ორტიზს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კოსტა რიკა კვლავაც გააგრძელებს „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების სტატუსის შესახებ” გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერას. თავის მხრივ, რაფაელ ორტიზმა განაცხადა, რომ „კოსტა რიკა ერთგულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პრინციპებისა. ჩვენ მხარს ვუჭრთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ერთმნიშვნელოვნად ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.“

მხარეებს შორის საუბარი შეეხო, აგრეთვე, საქართველოსა და კოსტა რიკას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს, კერძოდ კი, კოსტა რიკას ევროპაში არსებული საელჩოებიდან საქართველოს დიპლომატიური დაფარვის შესაძლებლობას. „მზად ვარ, განვიხილო თქვენს მიერ დაყენებული საკითხი კოსტა რიკას საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვიმსჯელოთ საქართველოს ევროპიდან დაფარვის პერსპექტივაზე“, - განაცხადა კოსტა რიკას საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტმა.

კოსტა რიკას რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტი, რაფაელ ორტიზი დაინტერესდა საქართველოს პარლამენტის მიერ ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული საქმიანობით და ამ მიმართულებით, პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ასპექტებით. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს პარლამენტსა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის, პარლამენტის ღიაობის დეკლარაციისა და საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმირებისა და მუშაობის პროცესი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და ამავე ინსტიტუტის თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა, ლევან ავალიშვილმა, რომლებიც საქართველო-კოსტა რიკას ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ვრცლად ისაუბრეს სამოქალაქო სექტორის როლზე საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. გიორგი კლდიაშვილის თქმით, „საპარლამენტო ღიაობის გეგმის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული უმაღლესი ხელისუფლების ნებაზე და მზაობაზე, იკისროს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების და ტექნოლოგიებისა და ინოვაციის პრინციპების ეფექტურად და სრულყოფილად შესრულების ვალდებულება.“

საქართველოსა და კოსტა რიკას რესპუბლიკის დელეგაციებს შორის ორმხრივი შეხვედრა ღია მმართველობის პარტნრიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში შედგა, რომელიც მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 27-29 ოქტომბერს გაიმართა.

გალერეა

  • გლობალური სამიტის ფარგლებში საქართველოსა და კოსტა რიკას რესპუბლიკის დელეგატებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა