საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა

27 ოქტომბერი 2015
საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა

27 ოქტომბერს, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში მიმდინარე სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს” (ინგლ. OGP Government Champions Award) გამარჯვებულად OGP-ის წევრ 65 ქვეყანას შორის საქართველო, კერძოდ კი არასამთავრობო სექტორის მიერ ამ ნომინაციაზე წარდგენილი საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი დასახელდა.

„ღია მმართველობა არის ყველაზე ახლო გზა მოქალაქესთან მისვლის და პირიქით. თანამედროვე მსოფლიო ეძებს საშუალებებს ამ გზის შესამცირებლად და საქართველო ამ პროცესში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. მეტი გამჭვირვალობა უდავოდ ნიშნავს მეტ კავშირს საზოგადოებასთან”, - განაცხადა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ, რომელიც ამავდროულად პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრია.

ღია მმართველობის პარტნიორობის ჯილდოს ნომინაციაზე წარდგენას საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ერთწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში, რაც გამოიხატა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებისა და რეკომენდაციების სრულად ასახვით. 2015 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებული „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა”, რომლის განსახორციელებლად 2015-2016 წლების პერიოდია გათვალისწინებული, 18 ვალდებულებისგან შედგება და შესაბამისობაშია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების და ტექნოლოგიებისა და ინოვაციის პრინციპებთან.

გეგმით გათვალისწინებულ 18 ვალდებულებიდან ორი საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივას წარმოადგენს. მათგან პირველი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე საზოგადოებრივი განათლების და ცნობიერების ამაღლებას; აგრეთვე, პარლამენტის ინსტიტუციონალური იმიჯისა და როლის გაძლიერებას. ამ ამოცანების მისაღწევად განისაზღვრა საპარლამენტო ღიაობის კვირეულის და საზოგადოებრივი განათლების პროგრამების დანერგვა, დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება, მათი რეგულარული სრულყოფისა და გამრავალფეროვნების გათვალისწინებით. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ის ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას; ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა ინტერესჯგუფების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის გაზრდას და საზოგადოებასთან ორმხრივი კომუნიკაციის გაძლიერებას ითვალისწინებს. ამ უკანასკნელი ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობებიდან აღსანიშნავია პარლამენტის ვებ-სერვისების, მობილური აპლიკაციისა და ვებგვერდის რესტრუქტურიზაციის პროექტები.

ვალდებულებებს შორის, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, აგრეთვე, „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს“ შექმნას, რომელსაც დახმარებას გაუწევს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისგან დაკომპლექტებული „საკონსულტაციო საბჭო“. აღნიშნული საპარლამენტო საბჭოს ერთ-ერთი ფუნქცია დამტკიცებული „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ მონიტორინგი იქნება.

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებითა და დამტკიცებით საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (ინგლ. OGP) წევრ სახელმწიფოთა იმ მცირე ჩამონათვალს შეუერთდა, რომელთაც შემუშავებული აქვთ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო გახდა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს” ნომინაციაზე საქართველოს პარლამენტის წარმდგენი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2014 წლის დეკემბრიდან „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის” პროექტს ახორციელებს.

________________

ინტერფრაქციული ჯგუფი 2015 წლის თებერვალში, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა და მას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობდა. მომდევნო თვეებში, თინა ხიდაშელი ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ინტერფრაქციული ჯგუფის მოქმედმა ხელმძღვანელმა, გუგული მაღრაძემ შეცვალა. ჯგუფში გაერთიანებულია პარლამენტის 11 წევრი, მათ შორის: გუგული მაღრაძე, თამარ კორძაია, მალხაზ ვახტანგაშვილი, გიორგი კახიანი, გიგა ბუკია, ნინო გოგუაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, დავით ჭავჭანიძე, გოჩა ენუქიძე და კახაბერ ოქრიაშვილი. 
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან:  ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ჯამპსტარტ ჯორჯია, ევროპის საბჭო და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
სად წავიკითხო მეტი საპარლამენტო ღიაობის შესახებ? 
„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“, ასევე, ინტერფრაქციული ჯგუფისა და მემორანდუმის ხელმომწერი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ დამატებითი ინვორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ინტერნეტ ბმულებს:
http://www.parliament.ge/gia-mmartvelobis-partniorobis-sakanonmdeblo-giaobis-samushao-djgufis- konferencia/saqartvelos-gia-parlamentis-samoqmedo-gegma
http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/OGP
https://ogpgeoblog.wordpress.com/category/ogp-პარლამენტი
https://idfi.ge/ge/supporting-parliament-of-georgia-involvement-in-ogp
http://www.eurasia.undp.org/content/rbec/en/home/presscenter/articles/2015/8/4/something-to-be-excited-about--opening-parliament-in-georgia.html# 
გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
http://openparlweek.org/ 

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა, 2015 წლის 27 ოქტომბერი
  • საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა, 2015 წლის 27 ოქტომბერი
  • საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა, 2015 წლის 27 ოქტომბერი