ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

02 აგვისტო 2017
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. 

საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროგრესი მიმოიხილა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საბჭოს ფარგლებში შექმნილმა ერთ-ერთმა სამუშაო ჯგუფმა ეთიკის კოდექსზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა.

„ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები. ერთმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ეთიკის კოდექსზე მუშაობს, რამდენიმე შეხვედრა გამართა და პრაქტიკულად, კოდექსის საბოლოო ვერსია ჩამოაყალიბა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები და სექტემბერში, პარლამენტში, უკვე დარეგისტრირდება ეთიკის კოდექსი“, - განაცხადა ირანა ფრუიძემ.

საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წინსვლაა პარლამენტის ვებგვერდზე მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების, პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურების გამარტივების და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირების მიმართულებით.

ირინა ფრუიძის განცხადებით, საბჭოს ფარგლებში შემუშავდა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც მომზადდა როგორც ძველი, ასევე ახალი ვალდებულებების გათვალისწინებით. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი გადაგზავნილია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით შექმნილ რეგლამენტის რეფორმის სამუშაო ჯგუფში.

„იგეგმება პარლამენტის რეგლამენტის საფუძვლიანი რეფორმა და საბჭოს მიერ მომზადებული ცვლილებები ამ რეფორმის ფარგლებში შევა რეგლამენტში. დაგეგმილია ამ პროცესის წლის ბოლომდე დასრულება“, - განაცხადა საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

მისის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის ვებგვერდის რესტრუქტურიზაციაზეც.

ირინა ფრუიძემ აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის გაყოფა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მოთხოვნაა პარლამენტის მიმართულების შეერთება ქვეყნის სამოქმედი გეგმასთან იმისთვის, რომ ჩაჯდეს დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმში და ღია პარლამენტი აღიარებული იყოს როგორც ქვეყნის ღია მმართველობის ნაწილი. ამისთვის, მოგვიწევს ჩვენი სამოქმედო გეგმა გავყოთ, რადგან ჩვენი სამოქმედო გეგმის ვადები არ ემთხვევა ეროვნული სამოქმედი გეგმის ვადებს“, - განმარტა საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, უნდა მოხდეს 2017 წლის შესასრულებელი ვალდებულებების გამოყოფა, ხოლო დანარჩენი ვალდებულებების 2018 წელში გადატანა.

„2018 წლის დასაწყისში მოვამზადებით 2018-2019 წლების ახალ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩაჯდება ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. ამით ჩვენ გავხდებით ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) ოფიციალური, აღიარებული ნაწილი“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა გახდეს ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხი, რადგან ამის გარეშე პარლამენტის სამოქმედო გეგმა ვერ დაექვემდებარება დამოუკიდებელ მონიტორინგს და ფაქტობრივად, ის არ იქნება სრულყოფილად ღია მმართველობის პარტნიორობის ნაწილი.

საქართველო, სექტემბერში, საფრანგეთიდან გადმოიბარებს ღია მმმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობას და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტსაც გარკვეული მნიშვნელოვანი როლი ექნება იმისთვის, რომ საქართველო სათანადოდ წარდეს, გლობალური მასშტაბით, როგორც ღია მმართველობის ერთ-ერთი წარმატებული მოდელი“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადები დამტკიცდა.

შეხვედრის მონაწილეების გადაწყვეტილებით, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი გახდა სახალხო დამცველის აპარატი.

შეხვედრას დაესწრნენ და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ, პარლამენტის წევრმა, გიორგი ტუღუშმა, საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფისა და სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-სთან თანამშრომლობით.

გალერეა

  • ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, 2017 წლის 2 აგვისტო
  • ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, 2017 წლის 2 აგვისტო
  • ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, 2017 წლის 2 აგვისტო
  • ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, 2017 წლის 2 აგვისტო