ირინე ფრუიძე კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

04 მარტი 2019
ირინე ფრუიძე კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძემ საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ კანადის პარლამენტის კვლევითი და საპარტნიორო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელებს ჟან-პოლ რუზკოვსკის, ივო ბალინოვსა და კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კრის კუტერს უმასპინძლა.

შეხვედრისას მხარეებმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)-ის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრეს.

ირინე ფრუიძემ ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მუშაობაზე. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც პარლამენტის ღიაობის უზრუნველსაყოფად ასეთი მუდმივი მექანიზმი შექმნა. „ჩვენ გვჭირდება ძლიერი, ეფექტური პარლამენტი. სწორედ ამისათვის, საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს ღია, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას. შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

მხარეებმა, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების გზით, საპარლამენტო ღიაობისა და გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის, შემუშავებული პოლიტიკისა და პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდის შესახებაც ისაუბრეს.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, სტუმრებს თბილისში გამართული ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტთან (OGP) დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.