საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს

20 აპრილი 2016
საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს

20 აპრილს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც პარლამენტის წევრებმა და საკონსულტაციო ჯგუფში შემავალმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის (2015-2016) ვალდებულებების შესასრულებლად რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს.

საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა. მათ ყურადღება გაამახვილეს სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განხილული იქნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI-Georgia) მიერ შემოთავაზებული რეგლამენტის ცვლილებების პროექტები. შემოთავაზებული რეგლამენტის ცვლილებების პროექტებით, გათვალისწინებულია კანონპროექტების განხილვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის პროცესის დახვეწა, საკანონმდებლო პროცესში კონსულტაციების ჩატარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, კანონპროექტების განმარტებითი ბარათების დახვეწა და საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით.

აღნიშნული ორგანიზაციები მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით, განახლებულ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტს წარადგენენ მაისში დანიშნულ საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივ შეხვედრაზე.

საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის (2015-2016) ვალდებულებების შესასრულებლად რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტების განხილვაში საქართველოს პარლამენტის მხრიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, ხათუნა გოგორიშვილი და თემურ მაისურაძე. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და პარლამენტის აპარატის იურიდიული, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები. 

* * *
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო 2015 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის N195/3 ბრძანებით შეიქმნა. საბჭოს ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი, წინადადებების მომზადება და ღონისძიებების დაგეგმვა საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის სრულყოფის მიზნით, საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის, აგრეთვე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკონსულტაციო ჯგუფი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს აერთიანებს. მისი მოვალეობაა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირების ხელშეწყობა.

გალერეა

  • საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს, 2016 წლის 21 აპრილი
  • საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს, 2016 წლის 21 აპრილი
  • საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს, 2016 წლის 21 აპრილი
  • საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს, 2016 წლის 21 აპრილი
  • საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს, 2016 წლის 21 აპრილი